image
ავტორი: ილია II

თემა: აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 1997

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს:

"ნეტარია და წმინდაა, ვისაც წილი უდევს
    პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა
    აქვს ხელმწიფება მასზე (გამოცხ. 20,6)

ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
    "...ღმერთმან მშვიდობისამან, დაე წმიდა გყოთ თქვენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, და თქვენი სული და სამშვინველი და სხეული უბიწოდ დაცულ იქნეს მთელი სავსებით უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მოსვლისას" (1 თესალონ. 5,23).
    ამ სურვილით და იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა!

აღდგა ძე ღვთისა და ძე კაცისა და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა; ვერ შეაკავა იგი ვერც დაბეჭდულმა საფლავმა, ვერც მცველთა სიმრავლემ, მის სამარხს რომ დაუყენეს.
    აღდგომით მაცხოვარმა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მოანიჭა და გახსნა გზა უსასრულო ნეტარებისა, რადგან დაძლია და დაამარცხა ყველაზე საშინელი და დაუძინებელი მტერი ადამის მოდგმისა და მთელი სამყაროსი - სიკვდილი.
    ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში.
    წმიდა ანდრია, მთავარეპისკოპოსი კესარიისა, წერს: "რომელთა აქვნდეს ნაწილი პირველსა მას აღდგომასა შინა, - ესე არს აღდგომა ბოროტთა გულისსიტყვათაგან და მკვდართა მათ საქმეთა, - იგინი სანატრელ არიან, რამეთუ არა მოიღოს მათ ზედა მეორემან მან სიკვდილმან ხელმწიფებაი, რომელ არს საუკუნოი სატანჯველი; პირველ აღდგომასთან კავშირი არა აქვთ მათ, რომელნი არა ქრისტეს თანა მომკვდარ და აღდგომილ იყვნენ ნათლისღებითა, არამედ ცოდვათა სიღრმესა შინა დადგრომილ იყვნენ, არა ცხონდებიან იგინი ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა..." (გამოცხადების განმარტება, გვ. 561).
    მადლობა ღმერთს, მისი წყალობით თანდათან ვთავისუფლდებით ცოდვის მონობისაგან, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და ამპარტავნებისაგან. და ჩვენი ხალხიც იმ ებრაელთა მსგავსად, მოსე წინასწარმეტყველმა ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა, ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს აღთქმული მიწისაკენ - სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ.
    მონობიდან განთავისუფლების პროცესი მეტად რთული იყო და არის დღესაც, რადგან იგი ფართო მასების დიდ შინაგან გარდატეხას მოითხოვს. მოსე წინასწარმეტყველს ყველაზე მეტად თანამემამულეთა აზროვნების შეცვლა გაუჭირდა; გაუჭირდა მათი დარწმუნება, რომ ისინი აღარ არიან მონები, არამედ არიან თავისუფალნი, რომ მათ აუცილებლად უნდა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, თვითონ უნდა შექმნან კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის და ბატონად ფარაონი კი აღარ უნდა ჰყავდეთ, არამედ - ღმერთი.
    ღმერთია ჩვენი პატრონი, ერთადერთი იმედი და ნუგეში ჩვენი, ჩვენ კი იგი მხოლოდ ხანდახან, ისიც გაჭირვების ჟამს, გვახსენდება, მაშინ, როცა თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ მასთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთებთ. აუცილებელია როგორც ისტორიის, ისე ჩვენი ცხოვრების სულიერი მხარის გაგება, რაც, ამავე დროს, საკუთარი თავის შეცნობას გაგვიადვილებს.
    ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.
    უფალო "რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?" (იობი 7,17-18). ვინ არის იგი, რატომ ცხოვრობს დედამიწაზე და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად შეგვახსენებენ თავს.
    ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი არსად არ მიდიან, და აქედან გამომდინარე, მათი სიცოცხლეც მიწიერ არსებობასთან ერთად ქრება. მათ შესახებ მოციქული იაკობი ასე ბრძანებს: "რა არის თქვენი სიცოცხლე? - კვამლი, რომელიც ცოტა ხანს ჩანს და მსწრაფლ განქარდება" (იაკ. 4,19).
    ჩვენ კი, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით... და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება.
    გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
    ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქ იაკობს, რამდეხი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: "ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი" (დაბ. 47,8). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს.
    "მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო და განიწმიდეთ გულები, ორგულნო... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აღგამაღლებთ თქვენ" (იაკობი 4,8-10), - გვარიგებს მოციქული.
    სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ "იგი იყო ყველაზე მშვიდი და თვინიერი კაცთა შორის" (რიცხვთა 12,3). ამიტომაც მიეგო მას პატივი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა ერის გამოხსნისა და სინას მთაზე კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნების მიღებისა. ასეთივე სათნო თვისებებით გამოირჩეოდნენ სხვა წმინდანებიც, რომელთა ცხოვრება მისაბაძია ჩვენთვის.
    ადამიანისთვის აუცილებელია, იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, - ვკითხულობთ წმიდა წერილში, - დაე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა, მაგრამ, დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს" (იაკობი 1,5-6).
    სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
    მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "...უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება, ...მაშინ მიხვდები რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე; თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტის გზიდან" (იგავნი 2,6,9-12).
    როგორ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ცოდნა და გონიერება, ჩვენ კი თითქმის არ ვზრუნავთ მისი შეძენისათვის, ნამდვილი ცოდნისა და სიბრძნის მოპოვებისათვის.
    ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან. ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს იგი ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცემების საშუალებით, - რომელიც ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ.
    ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოვებს. მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: "ის, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, მისი სამსჯავრო უკვე შემდგარია". არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება; ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებდნენ მას, ანდა არ ეძებდნენ იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლებოდა.
    ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.
    განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი გარემო სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
    მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას გაჭირვებულებისა და ავადმყოფებისადმი და საერთოდაც უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი, იცხოვრონ და იღვაწონ ღმერთთან, მოყვასთან და ბუნებასთან თანხმობასა და კავშირში.
    როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება. ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მსწრაფლცვალებადი ყოველდღიური ინფორმაციები და სუსტი შთაბეჭდილებები კი გულმოდგინე შრომისა და მუყაითობის სურვილს უკარგავენ ახალგაზრდებს. უფრო მეტიც, საზოგადოებაში უკვე გაჩენილია უარყოფითი დამოკიდებულება შრომისადმი და მის სანაცვლოდ ბატონობს სურვილი ცხოვრების იოლი გზების ძიებისა.
    შრომა, როგორც წერია ბიბლიაში და ჩვენი ყოფაც ნათლად მოწმობს, არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. იგია კურთხევა ღვთისა, რომლის შედეგიც არის სიუხვე, სიხარული და მშვიდობა. უფალი ბრძანებს: "პიროფლიანი სჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე" (დაბადება 3,19). და ეს ეხება ყველას: დიდს, პატარას, მუშას, ახალგაზრდას, გლეხს, ინტელიგენტს...
    ბევრმა არ იცის, რაოდენ სასიამოვნოა შრომით დაღლა, თუ მისი ნაყოფი სიკეთის მომტანია და სიხარულს ანიჭებს სხვებს.
    ადამიანში, რომელიც არ შრომობს, ხდება ენერგიის ლპობა და გახრწნა, რაც შემდეგ იწვევს საერთო გულგრილობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთილებას, ეს კი საბოლოო ჯამში ფიზიკურ ან სულიერ დაავადებებში გამოვლინდება.
    ამიტომაც მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისაგან უნდა აიღონ. სახელმწიფოში კი ყოველ მის მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი შრომის აუცილებლობა საერთო დოვლათის შესაქმნელად.
    ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ შრომობს და სხვის ხარჯზე ცხოვრებას ამჯობინებს, გაკიცხვასა და განსჯას იმსახურებს.
    როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცბოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენასა და მის დაგროვებაზე ზრუნვა, ამიტომაც აუცილებელია პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის ზრუნვა.
    როგორც თქვა ერთმა ღვთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, - ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის; არასოდეს არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, რადგან უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგვცემს, რისი აწევაც არ შეგვიძლია; არ უნდა დავკარგოთ ღვთის იმედი, რადგან იგი მუდამ ჩვენს გვერდითაა.
    ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ ხედავს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, თითქოს ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, სინამდვილეში კი სულს სწირავს მარადიული ტანჯვისათვის, რადგან თავისი ნებით აბარებს მას ეშმაკს. თვითმკვლელისათვის (თუ იგი შეურაცხადი არ არის) ლოცვაც კი არ შეიძლება, არ შეიძლება პანაშვიდის გადახდა და წესის აგება. უნდა გვახსოვდეს, გაჭირვების ჟამს სულით არ უნდა დავეცეთ, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მაინც მოიძებნება, ოღონდ კეთილგონიერებას უნდა მოვუხმოთ და ღმერთს მივენდოთ.
    ორ მაგალითს მოვიტან:
    ცნობილი დიდი მოღვაწის, ანტონ დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მასთან იყო ერთი ბერი, რომელიც ვერაფრით ვერ თავისუფლდებოდა სევდისა და გულგატეხილობისაგან. ღირსმა ანტონმა ურჩია მას, ავადმყოფების მოვლა დაეწყო. ბერმა თავიდან არ დაუჯერა, და ეს რჩევა ხუმრობად ჩათვალა, მერე კი მაინც გადაწყვიტა, მოძღვრის ნათქვამი შეესრულებინა. როდესაც მან დაინახა სხვისი ტკივილი და მწუხარება, მათდამი თანაგრძნობამ და დახმარების სურვილმა საკუთარი განსაცდელი დაავიწყა, იგი დატოვა მოწყინების და გულგატეხილობის ცოდვამ, რისთვისაც გულმხურვალედ მადლობდა უფალს და მოძღვარს.
    მეორე მაგალითი:
    ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოითხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად. ბერს საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს თუმნიანები შესთავაზეს, მან ამაზე უარი თქვა, აიღო მხოლოდ ვერცხლის ფული და წავიდა.
    საღამოს კი დიდებულის სახლში დაბრუნებულმა განაცხადა: მეფესთან დაახლოებულმა პირებმა დახმარება აღგვითქვეს, დამშვიდდით და ელოდეთ სასიხარულო ამბებსო. იმ დღესვე სამეფო კანცელარიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ საქმე გაიხსნა და ცილისწამება არ დადასტურდა, ოჯახმა გაიხარა და მადლობდა ბერს. მან კი უთხრა, რომ იგი მთელი დღე დადიოდა ქალაქში და წაღებულ ფულს ღარიბ-ღატაკთ ურიგებდა და თან სთხოვდა, ელოცათ ცილისწამებისაგან დიდებულის გასათავისუფლებლად, ასე რომ სამადლობელი მათაც ეკუთვნით, ისინი არიან ღმერთთან და მეფესთან ახლო მდგომნი, რომლებზეც გელაპარაკებოდითო.
    მოწყალების გაღება დიდი მადლია და ფრიად შეეწევა მას, ვინც გულით გასცემს შესაწირს.
    ჩვენ ვცხოვრობთ გრანდიოზულ ისტორიულ გარდატეხათა პერიოდში და ამიტომაც მრავალი სიმძიმე დაგვაწვა: პოლიტიკური, ეკონომიკური, აღმზრდელობითი, დემოგრაფიული, სარწმუნოებრივი, პრობლემა შიმშილის, და სხვა მრავალი, რომელთა წინაშეც უძლურნი და მოუმზადებელნი აღმოვჩნდით. ხანდახან გვეუფლება განცდა ეპოქის დასასრულის მოახლოებისა. ამას ემატება უპრეცენდენტო გრძნობა ამპარტავნებისა, სურვილი ყველაფრის შეცვლისა და საკუთარი ინტერესებისთვის მისი გამოყენებისა. ცალკეული ხალხები და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან კაცობრიობის დამორჩილებას და მსოფლიო ბატონობას, ქმნიან მასიური განადგურების ახალ იარაღსა და საშუალებებს. გრძნობ, რომ ადამიანმა, რომელმაც დაკარგა რწმენა ღვთისა და განუდგა მის ნებას, თანამედროვე მოვლენების სახით თვითონ შექმნა ასეთი კრიზისი. ჩვენი მიზნები და სწრაფვანი დაუპირისპირდა ღვთისას, ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთთან წინააღმდეგობას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩვენს დროში მან უმაღლეს ზღვარს მიაღწია.
    ამ პრობლემების სიმძიმიდან გამომდინარე, ვსვამთ კითხვას: როგორ ვიცხოვროთ? როგორ მოვიქცეთ მოვლენათა ამ უჩვეულო ცვალებადობასა და განსაცდელთა სიმრავლეში?
    პასუხი ერთია: უნდა ვიპოვოთ უფლისკენ მიმავალი გზა, გზა გადარჩენისა. "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, - მოგვმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს, - აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განხვენებაი სულთა თქვენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათე 11,28-30).
    ცნობილი რუსი ფილოსოფოსი კონსტანტინე ლეონტიევი, რომელმაც დიდი სულიერი და მორალური ტკივილი გადაიტანა და სიკვდილის წინ ბერად აღიკვეცა, წერდა: "მე შევიყვარე ცხოვრება მთელი მისი წინააღმდეგობებით და თანდათან წმიდა მსახურებად ვაღიარე ჩემი მხურვალე მონაწილეობა მიწიერი ყოფის ამ დრამაში".
    ჩვენც ამ რწმენით უნდა ვიაროთ და თან უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის გზით მავალმა ადამიანმა ამ ქვეყნად განვითარების სამი საფეხური უნდა გაიაროს: მონობის, დაქირავებული მსახურის და შვილობის.
    მონაა ის, ვინც ემორჩილება უფალს შიშის გამო. დაქირავებულია ის, ვინც შრომობს და მორჩილებს მას სანაცვლო ანაზღაურების იმედითა და სურვილით.
    შვილია იგი, ვინც ცხოვრობს და მოქმედებს სიყვარულის კანონებით.
    როგორი ახლობელი და ამავე დროს მიუწვდომელია შვილობის საფეხური. ეს არის საიდუმლო ყოველდღიური მსხვერპლშეწირვისა, ეს არის პიროვნების მიერ საკუთარი მეობის უგულვებელყოფა, სრული უარყოფა საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებებისა ანუ ცხოვრება სხვისთვის.
    როგორი ტკბილი და ამაღლებულია ეს მდგომარეობა!
    ღვთის ძეობის საუკეთესო მაგალითი თვითონ იესო ქრისტემ გვიჩვენა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით.
    ნუ შეგვაშფოთებს და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩაგვაგდებს დღევანდელი ჩვენი მძიმე ყოფა, რადგან ხშირად განსაცდელი მშვიდობისა და კეთილდღეობის წინამორბედია. გავიხსენოთ, როგორ შეცვალა სიხარულმა მაცხოვრის ჯვარცმით გამოწვეული მწუხარება, დამცირება დიდების საწინდრად იქცა, სიკვდილმა უკვდავებას დაუთმო გზა.
    ჩვენც ასეთი ფერისცვალების მოწმენი ვიქნებით, თუ სწორად ვიცხოვრებთ; მხოლოდ უფალს შეუძლია მოგვანიჭოს სულის სიმშვიდე და სასოება, მხოლოდ მას ძალუძს დააცხროს ჩვენი აბორგებული გული და შინაგანი სამყარო. გვჯერა, ჩვენი ხალხი თავის თავში პოვებს ძალას უფალთან მისასვლელად.
    ამ იმედით, სიყვარულითა და რწმენით აღვსილი შევსთხოვ აღდგომილ მაცხოვარს, მოანიჭოს ჩვენს ერს და ქვეყანას ერთობა, მშვიდობა, კეთილდღეობა და მთლიანობა. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთ - მშობლიურ კერაში მალე დაბრუნება, მშიერთ, ტვირთმძიმეთა და სნეულთ - ნუგეშისცემა, თითოეულ ჩვენგანს კი - სიხარული და ღვთის ლოცვა-კურთხევა.
    ყველას კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ დღესასწაულთა დღესასწაულს - ბრწყინვალე პასექს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა, განუშორებლად, ამინ!
    აღდგომა ქრისტესი,
    თბილისი, 1997 წ.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II