image
ავტორი: ილია II

თემა: ახალი წელი


საახალწლო ეპისტოლე - 1989

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთივდაცულ, ღვთისმოყვარე სულიერ შვილებს:

ქრისტესმიერ საყვარელნო, ღვთივკურთხეულნო ივერნო,
    

"იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათე 5,48).

დღეს მარადიულობა კვლავ აღებს ჩვენს წინაშე დროის კარს და იმედით აღვსილნი ახალი წლის ზღურბლს ვაბიჯებთ.
    როგორც ადრე, ახლაც თვალს ვავლებთ განვლილ გზას და ვმადლობთ ღმერთს დიდი სიყვარულისთვის, ვმადლობთ მას დიდი მოთმინებისთვის. რა ბევრის გაკეთება შეგვეძლო და, სამწუხაროდ, რა ცოტა მოვასწარით. ერთხელ კიდევ ვიგრძენით ჩვენი სისუსტე და უსუსურობა; მაგრამ გვწამს, ძალი ღვთისა შეეწევა ჩვენს უძლურებას და განკურნავს მას (2 კორ. 12,19).
    საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხოვრება, სამყარო; კიდევ უფრო ფართოდ გაგვიხსნა გული, გააფაქიზა ჩვენი გრძნობები, მოგვცა ნიჭი სხვისი მწუხარებისა და სიხარულის გაზიარებისა.
    მადლობა ღმერთს, ღვთის რწმენა და სულის სიმტკიცე არასოდეს დაგვიკარგავს. "განახვენით ბჭენი, შევედინ ერი დამცუელი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა... დამცუელი მშვიდობისა, რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით" (ესაია 26,3-4).
    სრულყოფილებისაკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც საკუთარი თავის, ისე მოყვასის საკეთილდღეოდ.
    სრულყოფის კიბეზე ზესვლა გულისხმობს რაღაცის უარყოფას და რაღაცის შეძენას. მოციქულ პავლეს ჩამოთვლილი აქვს ადამიანური მძიმე ცოდვები ანუ "საქმენი ჴორცთანი", როგორც თვითონ უწოდებს მათ. ესენია: "სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცისკლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი" (გალატ. 5,19-21).
    რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული ასე გვაფრთხილებს: "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (რომაელთა 13,12-14).
    ამ ადგილის ბოლო მუხლი იმითაც არის საყურადღებო, რომ მისი წაკითხვის შემდეგ მოხდა ნეტარი ავგუსტინეს სასწაულებრივი მოქცევა.
    იგი თავის "აღსარებაში" წერს, თუ როგორ დახეტიალობდა ბაღში სევდიანი და ცოდვით დამძიმებული, რადგან ვერ ეპოვა გზა გამოსწორებისა. დედამისი ცრემლით ევედრებოდა უფალს შვილის გადარჩენას. და ისიც შეწუხებული ეკითხებოდა თავის თავს: როდისღა? ბოლოსდაბოლოს როდისღა? ყველაფერი ხვალ, ხვალისთვის, მაგრამ რატომ დღესვე არა? რატომ არ შეიძლება, დღესვე დაესვას წერტილი ბიწიერ ცხოვრებას?
    უცებ ბავშვის ხმა მოესმა, თუმცა არავინ დაუნახავს: "აიღე და წაიკითხე, აიღე და წაიკითხე". ავგუსტინე სწრაფად მივიდა იმ სკამთან, სადაც მისი მეგობარი ალიპი იჯდა. იქ მას მოციქული პავლეს ეპისტოლეთა წიგნი დაეტოვებინა. "მე დავსტაცე ხელი და ის მუხლი წავიკითხე, რაც პირველად შემხვდა: "შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ". კითხვის გაგრძელება აღარ მინდოდა. დიახ, მე სწორედ ეს არ უნდა მეკეთებინა. როგორც კი წინადადება დავასრულე, სიწმიდის სხივი ჩამეღვარა გულში და ეჭვის ყველა ჩრდილი გაფანტა. გვერდი დავნიშნე, წიგნი დავხურე, მივუბრუნდი ალიპს და გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებით ყველაფერი ვუამბე". ("აღსარება", თავი 12).
    მაშინ იმ სიტყვებით თვით უფალი ესაუბრებოდა ავგუსტინეს, რომელმაც მთელი არსებით მიიღო ეს დარიგება; მის სულში მოხდა დიდი გარდატეხა. იგი ხელახლა დაიბადა.
    სულიერი ფერისცვალებისათვის აუცილებელია ადამიანის ხელახლა შობა, მისი სრული შინაგანი სახეცვლილება.
    სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
    მაცხოვარი ჩვენგან ითხოვს არა ორი ბატონის მსახურ გაყოფილ გულს, არამედ გულს, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
    ურწმუნონი სულიერ სამყაროს ხშირად ილუზიებს უწოდებენ და სვამენ კითხვას: პრაქტიკულ შემოწმებას დაუქვემდებარებელი წარმოსახვითი სამყარო რატომ იმსახურებს ზოგიერთების არათუ რწმენას, არამედ პატივისცემასა და თაყვანისცემასო? ("ფილოსოფიური საკითხები", 1987, მ.II, გვ.119).
    საზოგადოების ერთი ნაწილი კი რელიგიურობას მისაღებად თვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებში ფსიქოლოგიურად დადებითი ემოციები სჭარბობს. მორწმუნენი შინაგანად დაცულნი და მშვიდნი არიან; მოქმედებენ დარწმუნებით და ავლენენ ცხოვრების წინააღმდეგობათა დაძლევის მეტ უნარს. დიახ, ეს ასეა; მაგრამ ამის მიზეზი რეალური ყოფიდან განდგომა კი არ არის, როგორც ჰგონიათ, არამედ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან, სულიერ რეალობასთან მიახლოება.
    უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი აზროვნების მექანიზმი განსაზღვრულია და რომ ლოგიკის კანონების გარდა არსებობს სხვა ჭეშმარიტება, რომელიც ამ კანონებით არ იზომება და მის ფარგლებს სცილდება. აუცილებლად უნდა გავერკვეთ იმაშიც, თუ რამდენად შესაძლებელია თანაფარდობა აბსოლუტურ და პირობით ჭეშმარიტებებს შორის.
    განა ყოველთვის მისაღებია ჭეშმარიტების საზომად ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების, პრაქტიკული ცოდნის გამოყენება? როგორც ამბობენ ფილოსოფოსნი, ჭეშმარიტება არ არის დასრულებული რამ, არამედ იგი მუდმივმოქმედი პროცესია ძიებისა, წვდომისა, რომლის დროსაც სულიერი და ფიზიკური ბუნება ამა თუ იმ პიროვნებისა კი არ ორდება, პირიქით სრულად ავლენს თავის თავს, ავლენს ამ ორი არსის ერთიანობას.
    ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის, პ. ჯონსის წიგნში "რელიგიის ფსიქოლოგია" ვკითხულობთ: შიშისა და სასოწარკვეთილების დამანგრეველი ემოციები რწმენითა და სიყვარულით გარდაიქმნება ჰარმონიის, ნდობისა და სიმშვიდის სულიერ ენერგიად ("ფილოსოფიური საკითხები", 1987, მ.III, გვ.63).
    ეს სულიერი ენერგია რომ მოვიპოვოთ, სინანულითა და აღსარებით განწმედილებმა ეკლესიურად უნდა ვიცხოვროთ.
    სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა ჭვრეტით ანუ თვითშემეცნებით მიიღწევა.
    ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.
    "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3,2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ ამავე დროს არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ.
    გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი, რითაც თითოეული ჩვენგანი არის დაჯილდოებული. მშვენივრად ამბობს ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი: "მხოლოდ საკუთარი თავისგან განთავისუფლებულმა ადამიანმა შეიძლება დაიბრუნოს თავისი თავი". უნდა როგორმე მოვიხსნათ ჩვენი ამპარტავნების, ჩვენი "მეს" მძიმე ტვირთი.
    ხშირად თავისმოყვარებისა და ამპარტავნების ცოდვა სიკეთის და სამართლიანობის სახელით ინიღბება. ეგოცენტრული მიდრეკილებანი მდაბალი საქციელის ჩადენისაკენ უბიძგებენ სულს. დიდხანს სიბნელეში მყოფ თანამედროვე ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს სინათლეზე გამოსვლა. ალბათ, კიდევ საკმაო დროა საჭირო, რომ ვიგრძნოთ "ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა" (რომაელთა 13,12).
    თუ გვინდა წინსვლა, უნდა ვიცოდეთ, რა სურს ჩვენგან უფალს, როგორია მისი მაღალი ნება. მთავარია, არ დავუპირისპირდეთ განმწმედელ და გადამრჩენელ სურვილს უფლისას; ყოველივე მივიღოთ სიმშვიდით და მუდამ ვმადლობდეთ მას.
    ღვთის ნებაა განცხადებული შობის ღამეს ანგელოზთა მიერ აღვლენილ ამ საგალობელშიც: "დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,14).
    უფალს კაცთათვის უნდა მშვიდობა და სიხარული, თავისუფლება და სიცოცხლე, ხსნა და ბედნიერება. მაგრამ ვართ კი მზად ამ სიკეთეთა მისაღებად? ისევ და ისევ დგება საკითხი ორი ძალის - ღვთაებრივისა და ადამიანურის სინერგიის - გაერთიანების შესახებ. ამიტომ ლოცვით უნდა ვთხოვოთ ღმერთს: "იყავნ ნება შენი".
    ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე.
    სახარებაში მაცხოვარი რამდენჯერმე ბრძანებს: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რაც ამ სიტყვების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
    მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39).
    აქ ნათლად ჩანს, რომ ადამიანის სწრაფვა უპირველესად მიმართული უნდა იყოს ღვთისადმი, როგორც უმაღლესი სიკეთისა და სიყვარულის წყაროს სათავისადმი. ღმერთს უნდა ვეკუთვნოდეთ მთელი არსებით, სრულად, განუყოფლად, მაშინ ვპოვებთ მასში ულევ მადლს, სრულ სიმართლეს, ჭეშმარიტ მშვენიერებას; ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას.
    უნებურად იბადება კითხვა: რატომ აყენებს მაცხოვარი მოყვასისადმი სიყვარულს ასე მაღლა?
    იმიტომ, რომ ადამიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია; ჩვენ ვართ ხატი ღვთისა და ამით ვენათესავებით მას. ყოველი ქრისტიანი კი ტაძარია სულისა წმიდისა, სახლი უფლისა.
    ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი.
    შევძლებთ კი ჩვენ მოციქული პავლეს მსგავსად ვაღიაროთ: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ხოლო რომელ ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმანცა შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთვს" (გალატ. 2,20).
    თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბარია კეთილ სამარიტელზე, რომელმაც ყოველგვარი რელიგიური მოვალეობის გარეშე დახმარება გაუწია ავაზაკის მიერ გაძარცულ და ნაგვემ სხვა სარწმუნოების ადამიანს, რადგან ამ კაცის მძიმე მდგომარეობა თავისთავად განაპირობებდა მასზე ზრუნვის აუცილებლობას. აქაა მოწოდება კაცთმოყვარეობისაკენ. ეს არის საქციელი, რომელიც ბუნებრივი უნდა იყოს ყველასთვის და მითუმეტეს ქრისტიანისთვის. თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცალკეულ პიროვნებას, ვერ გამჩნევთ მის ტკივილს და წუხილს, რა ფასი აქვს ჩვენს თუნდაც საკაცობრიო ჰუმანურ იდეებს, უბრალო ფრაზებს?
    იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი სიყვარული ხალხისა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული შენს გვერდით მდგომი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისა, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება.
    მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელიცაა. ჩვენ გვიყვარს ღმერთი იმდენად, რამდენადაც გვიყვარს მოყვასი. ამასთან მოყვასისადმი სიყვარულსაც აქვს თავისი საზომი: ეს არის ჩვენივე თავი; რაც ნიშნავს იმას, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ მისთვის გვემეტებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის გვინდა; მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რომ სხვანი გვექცეოდნენ.
    თუ ასე ვიცხოვრებთ შევძლებთ საკუთარი "მეს" დავიწყებას, "მეს" ეგოისტური პრინციპების უარყოფას, მის გარდაქმნას მეგობრის, მოძმის, საერთოდ სხვის სიყვარულად და აღვასრულებთ წმიდა პავლეს დარიგებას: "შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი, ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ და მშვიდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა" (კოლასელთა 3,12-15).
    თუ ყოველივე ამას მივაღწევთ, ვძლევთ ადამიანური ბუნების ორ დაუძინებელ მტერს - ცოდვას და სიკვდილს, ხოლო მათი დათრგუნვით მოვიპოვებთ უკვდავებასა და ნეტარებას, "რისთვისაც ვიჩინენით".
    მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება.
    აი, როგორ გვარიგებს მაცხოვარი: "გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა" (მათგ 5,42-43).
    ეს არის სწორედ ფრიად ძნელი შესასრულებელი. ამ დროს იწყება ყველაზე მძაფრი შინაგანი ბრძოლა ამპარტავნებასთან და ეგოიზმთან. მათთან ჭიდილში მრავალნი დამარცხებულან, ამიტომაც ბევრნი უარს ამბობენ ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავბრკოლდეთ. თუ ქრისტესნი ვართ, ბოლომდე უნდა მივსდიოთ მას.
    ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის შენდობა, არამედ მისი სიყვარული მოსთხოვა. ხშირად სვამენ კითხვას: ხომ არ არის ეს ჩვენთვის განუხორციელებელი რამ?
    უფალმა ჩვენზე კარგად უწყის ადამიანის შესაძლებლობანი. "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს", - ბრძანებს იგი... და ვითარცა "მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა", ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
    ასეთი სიყვარული არამიწიერია. ეს არის ზეცა მიწაზე, ეს არის ღმერთი ჩვენში. ამიტომ გვარიგებს წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, რომ ჩვენი ცხოვრება სავსე უნდა იყოს "განმაღმრთობელი სიყვარულით, რომელი არს თვით ღმერთი".
    დაიღალა კაცობრიობა უღვთოდ და უსიყვარულოდ. გამოიფიტა და გაცივდა ჩვენი გულები. უფლის მოწყალების იმედით აღვსილნი აღვავლენთ ლოცვებს შენდამი, მაცხოვარო, და გევედრებით შობის მადლით კვლავ დაგვიბრუნე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, გაგვინათე გონება, რომ ყოველ კაცში დავინახოთ ძმა საყვარელი, ვსცნათ ჭეშმარიტი და მივსდიოთ მას და "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან".
    აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამის წელიწადისა. დე, იყოს მომავალი წელი მშვიდობიანი, წარმატებით სავსე და ბედნიერი, როგორც ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის, ისე ყოველი ჩვენგანისათვის, რათა "სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდეთ ამას სოფელსა" (ტიტეს მიმართ 2,12) და "მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოვოთ მადლი ჟამსა შეწყნარებისასა" (ებრაელთა 4,16).
    ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენთან არს ღმერთი!
    
    თბილისი, 1989 წ.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II