თემა: ამპარტავნება,  სათნოებები

ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მსგავსად წყლულოვანი და ხრწნილების გამომწვევი სნეულებისა, რომელიც არათუ ერთ ნაწილს, არამედ მთელ სხეულს სპობს, ამპარტავნებაც არათუ ნაწილის, არამედ მთელი სულის გამხრწნელია. ყველა სხვა ვნება თუმცა სულს აშფოთებს, მაგრამ მხოლოდ იმ ერთ სათნოებას ებრძვის, რომელიც მისი მოპირისპირეა, და სწორედ მის დამარცხებას ცდილობს, რითაც იგი მხოლოდ ნაწილობრივ აბნელებს და აშფოთებს სულს, ამპარტავნების ვნება კი მთლიანად აწყვდიადებს მას და უკიდურეს დაცემულობამდე შთააგდებს. უფრო თვალნათლივ რომ გავიაზროთ ნათქვამი, ასე ვსაჯოთ: ნაყროვანება თავშეკავების მოსპობას ცდილობს, სიძვა – უბიწოებისას, ვერცხლისმოყვარება – უპოვარებისას, მრისხანება – სიმშვიდისას და, ამგვარადვე, ბოროტების დანარჩენი სახეობანიც მათი მოპირისპირე სათნოებებისას, მაშინ როცა ამპარტავნების უკეთურება, როდესც კი იგი გაბატონდება უბადრუკ სულზე, უსასტიკესი ტირანისებრ ამხობს და საფუძვლამდე არღვევს მთელ იმ დიდსა და მაღალ „ქალაქს“, რომელსაც დაუფლებია. ამის მოწამეა თუნდაც ის ანგელოზი, რომელიც სწორედ ამპარტავნების გამო დაეცა ციდან, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ქმნილება იყო ღვთისა და, ამასთან, ყველა სათნოებითა და სიბრძნით შემკული, არათუ ის ინება, რომ მეუფის მადლისადმი განეკუთვნა ეს ყოველივე, არამედ – თავისი ბუნებისადმი. ამიტომაც ისაზრა მან თავის თავზე ღვთის სწორობა. სწორედ მისი ამ აზრის სამხილებლად თქვა წინასწარმეტყველმა: „თქვი შენს გულში: დავჯდები მაღალ მთაზე, დავდებ ჩემს ტახტს ღრუბლებზე და მივემსგავსები უმაღლესს; მაგრამ შენ ადამიანი ხარ და არა ღმერთი“ (ეს. 14.13). კიდევ, სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: „რად იქადის ბოროტებაში მძლავრი?“ (ფს. 51.1) და შემდგომი ფსალმუნისა. მაშ, ვიცით რა ეს ყოველივე, გვეშინოდეს და მთელი დაცულობით შემოვიზღუდავდეთ ჩვენს გულს ამპარტავნების მომაკვდინებელი სულისგან. როდესაც კი წარვემატებით რომელიმე სათნოებაში, მარადის იმას უნდა ვეუბნებოდეთ ჩვენს თავს, რაც მოციქულს აქვს ნათქვამი: „არათუ მე, არამედ – ჩემთან მყოფი მადლი ღვთისა“ (I კორ. 15.10). ასევე, წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „თუ უფალი არ აღაშენებს სახლს, ფუჭად გარჯილან მაშენებლები“ (ფს. 126.1). კიდევ: „არა მსურველისა, არცთუ მსრბოლისა, არამედ – მოწყალე ღვთისა“ (რომ. 9. 16), რადგან თუნდაც რომ მეტისმეტად მდუღარე იყოს ვინმე წადიერებით და გულმოდგინე – თავისი არჩევანით, ვერ შეძლებს სრულქმნილებამდე მიღწევას, არის რა თანაშეკრული ხორცთან და სისხლთან, რომ არ შეეწეოდეს მას ქრისტეს წყალობა და მადლი. ამიტომ, იაკობიც ამბობს, რომ „ყველა კეთილი საბოძვარი ზეციდანაა“ (იაკ. 1.17). ასევე, მოციქულ პავლეს თქმითაც, „რა გაქვს, რაც არ მიგიღია, ხოლო თუ მიღებული გაქვს, რად იქადი როგორც არმიმღები და როგორც საკუთართა გამო ამაღლებული?“ (შდრ. I კორ. 4.7); ხოლო ის, რომ ღვთის მადლითა და მოწყალებით შეგვეძინება ცხონება, ამის ჭეშმარიტი მოწამეა სახარებისეული ავაზაკი, რომელმაც არათუ სათნოებათა ჯილდოდ მოიპოვა ცათა სასუფეველი, არამედ – ღვთის მადლითა და მოწყალებით (შდრ. ლკ. 23. 43). აი, ეს უწყოდნენ ჩვენმა მამებმა, ყველა მათგანმა, რის გამოც ერთსულოვნად გადმოგვცეს ისიც, რომ შეუძლებელია სხვაგვარად სათნოებითი სრულქმნილების მიღწევა, თუ არა – სიმდაბლის გზით, რაც, ჩვეულებრივ, სარწმუნოების, ღვთის შიშის, სიმშვიდისა და სრული უპოვარების შედეგად შეგვეძინება. სწორედ ამათ მიერ მიიღწევა სრული სიყვარული, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლისაც არის დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ.
image
 
თემატური კითხვები