ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველას სახელს მოვიხსენებ

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველას სახელს მოვიხსენებ

წმინდა ანას მცირე სკიტში ცხოვრობდა ერთი მღვდელმონაზონი საბა – ცნობილი „პაპა საბა“ – როგორც მას ეძახდნენ. იგი მამა იოაკიმე სპეციერის, ასევე რუსეთის იმპერატორ ეკატერინეს სულიერი მოძღვარი იყო. მამა საბა ყოველდღე წირავდა. იგი ღმერთშემოსილი მამა იყო, წინასწარმჭვრეტელი და გონიერი ლოცვის მასწავლებელი.

ერთხელ მას ჰკითხეს, კვეთაში ამდენ სახელს რატომ მოიხსენებდა. მან მიუგო: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, წმინდა დიონისეს მონასტრის ზემოთ მდებარე ტაძრის კურთხევისთვის (მამა საბა პირველად იქ მოღვაწეობდა თავის სულიერ მოძღვართან, ასევე ცნობილ მამა ილარიონთან ერთად) ეპისკოპოსი მოვიწვიეთ. ტაძრის კურთხევის შემდეგ ეპისკოპოსი ეუბნება ჩემს მოძღვარს: „რადგან მამა საბა ყოველდღე წირავს, შეიძლება მივცე რამდენიმე სახელი ორმოცი დღის განმავლობაში მოსახსენებლად?" მამა ილარიონი პასუხობს; „მიეცი, რამდენიც გინდა“. სამოცდაორი სახელი მომცა. ოცდაცხრამეტი წირვის ჩატარების შემდეგ, როცა მეორმოცე უნდა მეწირა, ანალოგიას დავეყრდენი მოძღვრის მოლოდინში. მიმთხვევის ლოცვები უნდა წამეკითხა და წირვა დამეყენებინა. ჩამთვლიმა და სიზმარში ვხედავ: სამღვდელო შესამოსელი მაცვია და წმინდა ტრაპეზის წინ ვდგავარ. წმინდა ტრაპეზზე წირვის ფეშხუმი და ქრისტეს სისხლით სავსე ბარძიმი დგას. ვხედავ, მოდის მამა სტეფანე, სამკვეთლო მაგიდიდან მოსახსენებელსა და ზიარების კოვზს იღებს, უახლოვდება წმინდა ტრაპეზს და მოსახსენებლის ფურცელს ფეშხუმის ახლოს დებს. შემდეგ კოვზს ქრისტეს წმინდა სისხლში ყოფს და ერთი სახელი იშლება, კიდევ ყოფს და მომდევნო სახელიც იშლება და ა. შ., სანამ ყველა არ წაიშალა და ფურცელი კი სუფთა არ დარჩა.

გამომეღვიძა და ცოტა ხანში ჩემი მოძღვარიც მოვიდა. მაშინვე მოვუყევი ნანახი. მამა ილარიონი მეუბნება: „ხომ გითხარი, სიზმრებს არ დაუჯერო-მეთქი?“ წირვის შემდეგ კვლავ მეუბნება: „შენ არ ხარ ღირსი, რომ მათ შენი ლოცვით ცოდვები მიეტევოთ. თავიანთი რწმენით მიიღეს ცოდვათა შენდობა“. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველას სახელს მოვიხსენებ.

თემატური კითხვები
0