მოწამე თეოდულიას ლოცვით დამსხვრეული კერპი
მოწამე თეოდულიას ლოცვით დამსხვრეული კერპი
ერთხელ, მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულია. მან განაცხადა: "მე ქრისტიანი ვარ. ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულიას მეძახიან. მე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და არ ვაპირებ ქვას ვცე თაყვანი”.
პელაგიუსი გამძვინვარდა, მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით ჯიჯგნეს, მაგრამ, ღვთის მადლით დაცული, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა: "მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომაც გიფარავენ ტკივილებისაგან”. წმიდანმა უპასუხა: "სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე ისინი, რომ პატივი მივაგო!” მოწამე მიიყვანეს ადრიანეს - ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში. თეოდულიამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰბერა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია. პელაგიუსს თავზარი დაეცა: თუ კერპის დამსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა! ქალაქის თავი ფეხებში ჩაუვარდა მოწამეს და სთხოვა, აღედგინა ცრუ ღმერთის ქანდაკი, სანაცვლოდ კი ქრისტიანობის მიღება აღუთქვა. თეოდულიამ კვლავ ჰხადა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, თავისსავე ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა თავისი სიტყვა, არამედ უფრო მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს.