ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომის დღესასწაული
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი?
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი?
ქრისტე აღდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებლე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:ქრისტე აღდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი - პეტრე და იოანე - და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:ქრისტე აღდგა!
ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:
„გიხაროდეთ!“ (მთ. 28, 9), „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ. 20, 19), „ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი, მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ (გამოცხ. 1, 17–18) და „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ. 28, 18); „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (ინ. 5, 24).
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!