image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

განიხილე ძმაო და იფიქრე რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა, სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწარმეტყველი იყო ძლიერ მოხუცებული და უძლური; აჰა, ესერა ამათ ყოველთა ვხედავთ შეკრებილთა და მლოცველთა ტაძარში. თუმცა დღე ესე არ იყო მათთვის დღესასწაული, არამედ უბრალო, ნიადაგი დღე. გარნა შენ, რომელი ხარ კაცი ცოდვილი, რომლისათვის ფრიად საჭიროა განწმენდა სინიდისისა მრავლითა და ხშირითა ლოცვითა, შენ არათუ უბრალო დღეს, არამედ მრავალ გზის დღესაწაულშიდაც დააკლდები წირვა–ლოცვასა, რომელთამე უბრალოთა და არა პატივსაცემელთა მიზეზთა გამო და ხანდისხან გარეშე ყოვლისა მიზეზისა. ნუთუ შენ უწმინდესი ხარ ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ნუთუ შენ უმართლესი ხარ მართლისა სვიმეონისა, რომელნი არაოდეს დააკლდებოდენ ეკლესიურსა ლოცვასა? ნუ იქმნები მცონარე! ნუ სჩაგრავ სულსა შენსა! რა იცი, რა დროს მოგივა შენ მადლი ლოცვისა? რა იცი, რომელს დღეში უმეტესად შეიწყნარებს ღმერთი ლოცვასა შენსა? იქნება იმ დღეს, როდესაც შენ დაგეზარა ეკლესიაში წასვლა, რომ წასულიყავი საყდარში, მადლი სულისა წმიდისა შეეხებოდა გულსა შენსა; იქმნება იმ დღეს მოელოდა სული შენი განმართლებასა და ცხონებასა. იქმნება იმ დღეს, მსგავსად სვიმეონ მართლისა, შეიძლებოდა შენი გულის სიღრმისაგან წარმოთქმად წინაშე ღვთისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“