image

თემა: განსაცდელები

შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთისმოყვარე, რომელი მარადის ემსახურება ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო, მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ მცნებათა შენთა, გარნა არცა ერთი ნუგეში არ მომეც ქვეყანასა ზედა: „ესოდენი წელნი გმონე შენ და არასადა მცნებათა შენსა გარდავხედ და მე არა–სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე“ (შდრ. ლუკა 15.29). უკეთუ ესრეთი ჰაზრი გაუჩნდა გულსა შინა თვისსა რომელსამე ღვთისმოყვარესა კაცსა, მაშინ მოაგონდეს მას პასუხი მამისა: „შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“ (შდრ. ლუკა 15.31). რომელიღა ამაზედ უდიდესი ნუგეში გინდა შენ, ძმაო ჩემო, უკეთუ ჭეშმარიტად ხარ ძე ღვთისა და არა–ოდეს არ განეშორე მას? თუმცა ხარ შენ გაჭირვებული ამ სოფელში და მოკლებული ყოვლითა ნუგეშითა, ნუ გეშინის; იცოდე, რომ ღმერთი უმჯობესს რაიმეს ამზადებს შენთვის. იფიქრე, რა არს უმჯობეს შენთვის? აქ, ამ მოკლე ცხოვრებაში მოგცეს ღმერთმა მხიარულება და კმაყოფილება, ანუ მიგიტევოს შენ აქ ჭირსა და განსაცდელთა, ხოლო მომავალსა საუკუნესა შინა მოგცეს დაუსრულებელი ნეტარება? გარნა რას ვიტყვი: თვით აქაც, ამ სოფელში, თუმცა გაკლია ხშირად სოფლიური კმაყოფილება, გარნა შინაგანი შენი კაცი, წმიდა სინიდისი, კეთილი გრძნობა, სულიერი კმაყოფილება ასწილ გყოფენ შენ უბედნიერესს, ვიდრე ნუგეში ამის სოფლისა. ეს უნდა გახსოვდეს და ამით უნდა ნუგეშს სცემდე თავსა შენსა, ძმაო კეთილმსახურო!
image
 
თემატური კითხვები