image

თემა: რწმენა

ღირსეულად დააფასე ზიარებისას მიღებული უდიდესი სასწაული იესო ქრისტესი, რომელიც იმიტომ გვეძლევა, რომ გვწამს მისი ღვთაებრივი საიდუმლო. რა სასწაულს ვამბობ? ცოდვით მოკლული გულის გაცოცხლებასა და სიმშვიდეს, რომელიც სრულიად აშკარაა იმ ღელვისა და სულიერი კვდომის მერე, რაც ძალიან ხშირად წინ უძღვის ზიარებას. არ მიეჩვიო იმ აზრს, თითქოს ეს პატარა და უმნიშვნელო რამე იყოს, ასეთი განწყობით ღვთის რისხვა არ მოიწიო, თორემ ვერ იგემებ ზიარების მერე სიცოცხლეს და სიმშვიდეს. ნამდვილი, გულითადი მადლიერებით მიიღე მაცოცხლებელი ნიჭები ღვთისაგან, დაემ მეტად და მეტად წარემატოს შენი რწმენა. შიში და ღელვა ურწმუნოების ბრალია და თუკი ზიარებისას მოვიდა ასეთი აზრი, ეჭვი არ გქონდეს, გაჰყვები მაგ აზრს და მოაკლდები ურწმუნოების გამო იმ სიცოცხლეს, რომელიც ბარძიმიდან გეძლევა; ამიტომ მოიკვეთე ეგ აზრები, ყურადღებას ნუ მიაქცევ. ჰოი, რწმენავ, რწმენავ! შენ თავად საოცრება ხარ ჩემთვის! შენითაა, რომ ვცხონდებით. (მარკ.5.34.) და ჭეშმარიტი ღვთისა თუ ნამდვილად გვწამს, ღვთითაა, რომ სიმშვიდეს ვიკრებთ, მცირედმორწმუნეობასთან შფოთია მხოლოდ. ვაი, რომ სატანა ხშირად (რადგანაც უღირსად ვეზიარებით წმიდა საიდუმლოს) იკალათებს ხოლმე ჩვენში და ყოველ ღონეს ხმარობს, სიცოფე და სიცრუე ანუ ურწმუნოება ჩათესოს გულში, - სიცრუე კი სხვა არაფერია თუ არა ურწმუნოება. კაცის მკვლელი იმ თავიდან მოყოლებული, იგივეს ცდილობს დღესაც, ცდილობს მოკლას კაცი თავისი ტყუილითა თუ ჭრელ-ჭრელი აზრებით. ურწმუნოებით, ან სხვა რაიმე ვნების მეშვეობით გულში შეპარული, მერე გამოაჩენს ხოლმე თავის ნამდვილ სახეს, კერძოდ კი სიბოროტეს, მოუთმენლობას. და ისაა უცნაური, რომ თითქოს ხედავ კიდეც მას (ბოროტს) შენში, მაგრამ არ ძალგიძს, მაშინვე, მყისვე განთავისუფლდე მისგან, რადგან მაცდური ჩვეულებრივ ახერხებს და ხერხავს გულისაკენ მისასვლელ გზებს ისევ ურწმუნოებით, განფიცხებითა და ამისთანებით. მაგრამ სულ ტყუილად ირჯები ჩემში, დაცემულო ანტიქრისტევ! მე ჩემი უფლის, იესო ქრისტეს მონა ვარ. შენ, ქედმაღალო სიამაყევ, ისე კნინდები, რომ მე, სუსტს მეჭიდები - ასე ელაპარაკე შენს გულზე ტვირთად დადებულ მაცდურ სულს, რომელიც, სხვა და სხვა ბოროტებისაკენ მიგათრევს. დაცემულ სულს, როგორც ცეცხლოვანი მახვილი, ისე წყლავს ეს სიტყვა და შენი სულიერი სიბრძნითა და სიმტკიცით შერცხვენილი, გაიძურწება, მოგშორდება და მაშინვე დაინახავ საოცარ ცვლილებებს საკუთარ გულში: ის სულის მომკვლელი მძიმე ლოდი ჩამოგვარდება გულიდან, სიმსუბუქეს იგრძნობ და დარწმუნდები, რომ მართლაც არსებობენ ცის ქვეშ ბოროტი სულები და მათ მუდმივად ერთი - ჩვენი დაღუპვა სწადიათ: ბოროტი და ბნელი აზრებით გვიბრმავებენ გულს, რომ როგორმე მოსპონ სიყვარული ადამიანისა, ხალისი მათთან ურთიერთობისა.
image
 
თემატური კითხვები