image

თემა: ღმერთი

უფალი ღმერთი, თავად სიცოცხლე, მარადის სამპიროვანი, (როგორც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს), ანუ ღმერთი, არის მამა, სიტყვა და სული. მკითხავ, ღმერთში სამი სახე რანაირადო? გპასუხობ: რანაირადაა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ასე უნდა იყოს და სხვანაირად ვერ იქნება. კიდევ მკითხავ: რატომაა, რომ სამების მესამე პირს სული ჰქვია, რატომაა იგი განკერძოებული პირი, თუკი ღმერთი თავადაა სული? გპასუხობ: ღმერთის სულს, სული ქმნინებებთან მიმართებაში ეწოდება. ღმერთმა თავისი იპოსტასური სული შთაბერა, თავისი მაცოცხლებელი ძალით, წამისყოფით, გააჩინა სიმრავლე სულებისა. "სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა - ყოველი ძალი მათი" (ფს.32,6). შთაბერა თავისი სული ადამს (დაბ.2,7). ეს სუნთქვა ბადებს და დაბადებს ამ სოფლის აღსასრულამდე, ღვთის აღთქმისაებს, ადამიანებს(დაბ.1,28) და თუკი, ამდენი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პირი ღმერთმა თავისი სულით გააჩინა, როგორ იქნება, თავად სული ღვთისა, იმავ დროს, არ იყოს პირი, ანუ შემოქმედი სული? - "სულსა ვიდრეცა უნებს, ქრინ და ხმაი მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან" (ინ.3,8). ხედავთ, სულს სული ეწოდება, როგორც ღვთის იპოსტასს და თუკი არსებობს აურაცხელი სიმრავლე ქმნილი, კერძო სულებისა, თავად ღმერთი რატომ უნდა იყოს სულის გარეშე, ანუ თავისი, დამოუკიდებელი პირის გარეშე? და ძე, სიბრძნე მამისა, პიროვნული, ცოცხალი, განა არაა ღმერთში აუცილებელი? შენ თავს შეხედე, ქმნილება ხარ და შენც კი გაქვს იმდენი, სიბრძნე, ბევრი გააკვირვო, ხანდახან მართლაც საოცარ რაღაცეებს აკეთებ და როგორც საგნების გამომგონებელს, ქებას გასხამენ, არადა, სინამდვილეში პატარა, უმწეო არსება ხარ და ახლა თავად განსაჯე, როგორ იქნება, რომ ღმერთი, ყველაფრის დამბადებელი, მოკლებული იყოს პიროვნულ, თავის, ცოცხალ, თანაარს სიბრძნეს? შეხედე სოფელს: უმცირესშიაც კი, განმაცვიფრებელი სიბრძნე - სიზუსტე, სრულიად უზადო, გასაკვირი შესრულება ჩანს ყოვლადბრძენი აზრისა. როგორ იქნება, ღმერთში პიროვნული სიბრძნე არ იყოს?! დაფიქრდი, როგორ წამოგიდგენია, ღმერთს, უამრავი, გონიერი ინდივიდებისა და ბრძენი, ცოცხალი არსებების შემქმნელს, თავად, თავისი პიროვნული სიბრძნე არ ეშვა? აბა, ამას რა ჭკუა იზამდა? რანაირადაა ეგ დასაშვები? - შეესაბამება კი ეს შემოქმედის სრულყოფილებას? ასე რომ, ღმერთში უნდა იყოს სიბრძნე, ანუ იპოსტასური სიტყვა მამისა და ამისდა შესაბამისად - სული, მამა ღმერთისაგან გამომავალი, ძესთან თანაარსებული. შენს სუნთქვას, პირი არ გააჩნია, ის მატერიალურია, ღმერთში კი - რაკი იგი თავადაა სიცოცხლე, სულიც - პირია, ამასთან ესაა პირი მარტივი, ყოვლის განმაცხოველებელი.
image
 
თემატური კითხვები