ავტორი:
წმ. გრიგოლ ნოსელი
თემა: მამაო ჩვენო
994. რას ვევედრებით უფალს შემდეგი სიტყვებით: „მოვედინ სუფევა შენი“?
როცა ვითხოვთ, რომ სუფევა ღმრთისა მოვიდეს ჩვენთან, სინამდვილეში შემდეგს ვევედრებით: დაე, გავთავისუფლდე მე ხრწნილებისაგან; დაე, განმშორდეს მე სიკვდილი; გაიხსნას ცოდვის საკრველნი; ნუღა სუფევს ჩემს ზედა სიკვდილი; ნუღარ ძალადობს ჩემზე მანკიერების თვითნებობა; ნუღარ მძლავრობს ჩემს ზედა მტერი, ნუ მატყვევებს მე, ნუ მამონებს ცოდვილთ, ??????????არამედ „მოვედინ სუფევა შენი“, რათა განმშორდნენ, ან, რაც უკეთესია, განქარწყლდნენ სრულად მოჭარბებით გამეფებული ვნებები. „მოვედინ სუფევა შენი! – რა ტკბილი გამოთქმაა! ასე ცხადად ვლოცულობთ: დაე, დაიშალოს მოწინააღმდეგე ძალა; დაე, განადგურდეს უცხო თესლთა ლაშქარი; დაე, შეწყდეს სხეულის სულთან ბრძოლა; დაე, ნუ იქნება სხეული სულის მტერთა სადგური; დაე, გამომიჩნდეს მე ხელმწიფობრივი სუფევა, ანგელოზის ხელი, ათასი წარმმართველი; ბევრეულ შემწეთა მარჯვენით, რათა მეორე მხრიდან დაეცეს ბევრეული მტერთა. მტერი ძლიერია; მაგრამ ის საშიშია და უძლეველი მხოლოდ შენს შეწევნას მოკლებულთათვის. და ოდეს მოვიდეს სუფევა შენი, „წარხდეს სალმობა და მწუხარება“ (ეს. 35,10), მათ ნაცვლად კი ცხოვრება, მშვიდობა და სიხარული დამყარდეს.