ღირსი გრიგოლ ღვთისმეტყველი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი
მოიხსენიება 25 იანვარს (ახალი სტილით: 7 თებერვალს)
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი დაიბადა 329 წელს კაბადოკიაში, განათლებულ და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა (ხს. 5 აგვისტოს). ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც, ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგინა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი საკუთარ თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: "თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები - ეს უკვე ჩემი ცოდვაა".მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზოსის ეპისკოპოსი გახდა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითი დღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, შემდეგ კი - ათენში.
როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: "შენთვის ვიცოცხლებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს". უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის ძალით ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწებითა და მადლიერებით განიმსჭვალა.
ათენის აკადემიაში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი.
362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზოსის ეპისკოპოსმა, შვილი თითქმის იძულებით აკურთხა მღვდლად. შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის მეგობარ ბასილი დიდთან. ბასილმა კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა გრიგოლი, რაზედაც წმიდა გრიგოლმა მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზოსში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად.
379 წელს გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიიწვიეს. იგი წერს: "მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მიწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში". არიოზის ერესის სამხილებლად გრიგოლმა კონსტანტინოპოლში წარმოთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში. 380 წელს იმპერატორ თეოდოსის (379-395) მხარდაჭერით იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ გრიგოლმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.