მოწამე ფოკა მემტილე

მოიხსენიება 22 სექტემბერს (ახალი სტილით: 5 ოქტომბერს)
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და "თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა" მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა, "აჰა, მე ვარ საძიებელი იგი თქუენი". მოვლინებულნი "იწყლნეს სულითა და განკჳრდეს სმენითა", შერცხვათ "სიგლახაკესა შინა სიყვარულით პატივის-მცემელი" მასპინძლისა და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმიდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.