დიდმოწამე მინა

მოიხსენიება 11 ნოემბერს (ახალი სტილით: 24 ნოემბერს)
წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება. უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა - აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს ( 304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის წმიდა ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს ახოვანი მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული.