ღირსი ბარსანუფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მოიხსენიება 6 თებერვალს (ახალი სტილით: 19 თებერვალს)
ღირსი ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.

ღირსი ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა ტაძრის მახლობლად მცირე კელიაში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბარსანოფი კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულთქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, ამბა სერიდის მონასტრის მდუმარე ბერს - ექვთიმეს წმიდანმა რაც უწინასწარმეტყველა, სხვა მრავალთან ერთად, ყველაფერი ახდა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.

ღირსი იოანე წინასწარმეტყველი წმიდა ბარსანოფის მოწაფე იყო. მოძღვრის მორჩილებით მან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო მასთან მოსულ სულიერი დამოძღვრის მსურველებს ღირს ბარსანოფისთან აგზავნიდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, მაგრამ ახალგარდაცვლილი ამბა სერიდის შემდგომ დადგენილმა ახალგაზრდა იღუმენმა ელიანმა შესთხოვა, ეცოცხლა კიდევ, თუნდაც ორი კვირის მანძილზე, რომ მონასტრის წეს-განგება ესწავლებინა მისთვის. ღირსმა მამამ შეისმინა ვედრება და, მართლაც, ორ კვირაში გარდაიცვალა. წმიდა ბარსანოფი შეესწრო მოწაფის სიკვდილს.