მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკე, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი

მოიხსენიება 16 თებერვალს (ახალი სტილით: 1 მარტს)
წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკიუსი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, იერემია, ისაია და დანიელი დიოკლეტიანეს მიერ 307-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში. წმიდა მოწამე პამფილე ქალაქ ბირითში (ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა ურბანმა 2 წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის (მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130-მდე სხვა ქრისტიანთან ერთად. წმიდანებს დევნულობის ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილეს, ვალენტისა და პავლესთან ერთად წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების - ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს (117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანი დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა, უცნობი ქალაქის ადგილმდებარეობა დაეცდევინებინა მათთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა. მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.

მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად. სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა როცა შეიტყო, რომ აღმსარებლებს სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.

წმიდანთა ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკიუსი, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა გასამხნევებლად. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.

ერთმა მმართველის მსახურთაგანმა, უკვე ხანშიშესულმა, ფარულმა ქრისტიანმა თეოდულემ დასასჯელად გადაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის, რისთვისაც ჯვარს აცვეს.

კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა, დააკავეს და, ფირმილიანის ბრძანებით, ცეცხლში გამოწვეს. ქრისტეს ტარიგთა გვამები 4 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია მათ. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.