წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი

მოიხსენიება 21 მარტს (ახალი სტილით: 3 აპრილს)
წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.

წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი - ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.

წმიდა თომას გარდაცვალების ( 610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.