მღვდელმოწამე ზენონი - ვერონელი ეპისკოპოსი

მოიხსენიება 12 აპრილს (ახალი სტილით: 25 აპრილს)
მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ( დაახლ. 360) წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმიდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა. სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს.

მაშინდელი იმპერატორები, კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ აროზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმიდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლე და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმიდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: მაშინდელმა წყალდიდობამ მთლიანად დატბორა ქალაქი ვერონა და მისი შემოგარენი, წყალმა წმიდა ზენონის სახელობის ტაძრის სარკმლებამდე მიაღწია, ტაძრის ღია კარებთან კი ზღუდესავით დადგა - სტიქიამაც ქედი მოიდრიკა წმიდა ზენონის სიწმიდის წინაშე.