მოციქული ანდრონიკე და იუნია
მოიხსენიება 17 მაისს (ახალი სტილით: 30 მაისს)
წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ" (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.მე-5 საუკუნეში იმპერატორთა არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმიდა ნაწილთა აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი.