მოწამე კონკორდიოსი

მოიხსენიება 4 ივნისს (ახალი სტილით: 17 ივნისს)
მოწამე კონკორდიოსი (II), ხუცეს გორდიანეს ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ მამის ნებართვით რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატიუსამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმიდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიოსმა მოუწოდა ტორკვატიუსს, თავად მოქცეულიყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

წმიდა ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა და ტოკვარიუსს სთხოვა, მასთან გაეგზავნა ტუსაღი. წმიდა აღმსარებელმა კარგა ხანი იცხოვრა ეპისკოპოსთან და მის მიერ მღვდლად ეკურთხა. როცა ტორკვატიუსმა კვლავ მოუწოდა წმიდანს და ჰკითხა, რას ფიქრობ შენი ცხოვრების შესახებო, მან უპასუხა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრება. კონკორდიოსი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის შემდეგ გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს.