მღვდელმოწამე კირილე - ჰორტინელი ეპისკოპოსი

მოიხსენიება 9 ივლისს (ახალი სტილით: 22 ივლისს)
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი III საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. []ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარები განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ - სამღვდელმთავრო და მოწამეობრივ - გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმიდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმიდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.

კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე - ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251), სხვა ცნობით კი - მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.

წმიდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს.