ღირსი სვიმეონი - ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი

მოიხსენიება 21 ივლისს (ახალი სტილით: 3 აგვისტოს)
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ. უფროსი - სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს - ოცდაათი, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა, რომელი სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით წინამძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბნოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოსაგრეთა განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ ცთუნებებთან ბრძოლაში. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს ზეგარდმო ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ ოცდაცხრა წელი დაჰყვეს უდაბნოში. სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განასხამდა, სნეულებს კურნავდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ცოდვილებს კი - სინანულად... გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და ქველისსაქმეების სანაცვლოდ იგი არც ქებას ღებულობდა და არც მადლობის სიტყვას.

ღირსი იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას: თუ მასთან უდაბნოში ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, მეუდაბნოე მას სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.