მღვდელმოწამენი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე - ნიკომიდიელნი ხუცესნი

მოიხსენიება 26 ივლისს (ახალი სტილით: 8 აგვისტოს)
მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა (ხს. 28 დეკემბერს). ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი; ხს. 27 ივლისს). პატიოსანმა მღვდელმა "ცნა სულითა, ვითარმედ ჭური რჩეული ყოფად არს იგი, ვითარცა პავლე მოციქული", ერთ დღეს გამოეგება მას, "დაისუა იგი გუერდითა მისა" და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. "ნეტარმან პანტელეონ, ვითარცა ქუეყანამან რაჲ კეთილმან", შეიწყნარა "თესლი დათესული მას შინა" და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა შინ. ამიერიდან იგი ყოველდღე მიდიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და "დაიმტკიცებდა მისგან სწავლასა სარწმუნოებისასა". როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. წინა ღამეს ერმოლაოზს თავად უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და აუწყა, რომ ტანჯვისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა მისი სახელისათვის. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, მათ კი მტკიცედ მიუგეს: "ჩუენ ვევედრებით ღმერთსა, რაჲთა ჩუენ და იგი აღვესრულნეთ სახელისა მისისათუის, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი". წარმართები წამებითა და მოკვდინებით ემუქრებოდნენ უფლის რჩეულებს. უეცრად მიწა საშინლად შეიძრა, საკერპოში ცრუღმერთების ქანდაკები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, იგი საშინლად განრისხდა. მისი ბრძანებით პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს - ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს ( 305).