მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირიელი და მოწამე აღათანგელოსი

მოიხსენიება 23 იანვარს (ახალი სტილით: 5 თებერვალს)
მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირიაში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატიაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს ნათლისღებისთვის ამზადებდა.

კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ - დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირიელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა აღმსარებლობა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია.

მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში, თავის თანამმართველ მაქსიამიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე მღვდელმთავრის მოწაფე, აღათანგელოსი ავიდა - მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი. იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისე მხეცურად აწამებინა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ წმიდანთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.

განთავისუფლებული კლიმენტი და აღათანგელოსი თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირიაში გაგზავნეს, სადაც მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტიასთან გაგზავნა. ამასიაში მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელნი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისთვის ტარსოსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ ოცდარვა წელი მოუწევდა ტანჯვა. მხნე აღმსარებლები კვლავ აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.


მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. კლიმენტი კი ანკვირიელმა ქრისტიანებმა გაათავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურგიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს. მართლაც, მცირე ხნის შედეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა მღვდელმთავარს ლიტურღიის დროს თავი მოჰკვეთეს ( დაახლ. 312).