წმიდა პავლინე მოწყალე - ნოლანის ეპისკოპოსი

მოიხსენიება 23 იანვარს (ახალი სტილით: 5 თებერვალს)
წმიდა პავლინე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, ოცი წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ - კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა. ოცდახუთი წლის იყო პავლინე, როცა მეუღლესთან შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა.

უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლინემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული.

ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას - გაძარცვეს და მრავალი ადამიანი აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლინე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. როცა წმიდანის ამგვარი მოქცევის შესახებ შეიტყო, ვანდალთა მეთაურმა წმიდა მღვდელმთავარი გაათავისუფლა. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.

მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლინე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.