ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გულისსიტყვების, წარმოსახვისა და გონებაგაფანტულობის შესახებ

გულისსიტყვების, წარმოსახვისა და გონებაგაფანტულობის შესახებ

მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება. მღვიძარე მამები ბევრს მოგვითხრობენ საცნობელთა წმინდად დამარხვაზე. მათი სწავლება, ძირითადად, ეხება გონების დაცვას ცოდვიანი წარმოსახვებისა და აზრებისგან და გულის განწმენდას მისი შემაგინებელი გრძნობებისგან. იმასაც გვასწავლიან, რომ სულის სიწმინდის დასაცავად ყოველგვარი უზნეობა მისი წარმოშობისთანავე უნდა აღმოვფხვრათ. ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა და სარგებელს.
ევას რომ თვალი სიწმინდით დაეცვა, არ მოწამლავდა თავის შთამომავლობას და მისგან შობილ ყველა ადამიანს. ერთი სიტყვით, გრძნობებისგან თავშეკავება ადამიანს ჯოჯოხეთისგან იხსნის.

2. შვილო, გისურვებ წინ აღუდგე ეგოისტურ და ამპარტავნულ გულისსიტყვებს, რადგან ყველა ბოროტი ვნება მათგან და მათი მსგავსი ვნებებისგან იღებს სათავეს და საწყალ ადამიანს დასაღუპავად უბიძგებს უფსკრულისკენ.
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე.
ასეთი გულისსიტყვების უკუგდება შეპასუხებითაც ხდება, მაგრამ ეს რთული ბრძოლაა და ქრისტეს მეომარს დიდი გამოცდილება სჭირდება, დანაკარგის გარეშე რომ გაართვას თავი, რადგან წმინდა წერილის ცოდნაში ეშმაკიც გაწაფულია და მებრძოლის დასაბრკოლებლად მრავალ საბუთს იშველიებს.
ამიტომ, რასაც გულისსიტყვების მეშვეობით გეუბნება – ამპარტავნების იქნება ეს, ცუდადმზვაობრობის თუ განკითხვის და ა. შ., ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. გულისსიტყვები ვნებებიდან მომდინარეობს და მათთან საუბარი არაა საჭირო. კარი ჩაუკეტე და თქვი: „არ დავუშვებ მწვალებლურ გულისსიტყვებთან ურთიერთობას და საუბარს", შემდეგ კი მტკიცედ განაგრძე ლოცვა.

3. ყურადღებას ნუ მიაქცევ, რასაც მტერი გეუბნება. როგორც კი დააპირებს ყურში რაიმე წაგისისინოს, მაშინვე თქვი: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მაცხონე მე“. სწრაფად და გამუდმებით იმეორე ლოცვა და მალე ნახავ, როგორ შესუსტდება გულისსიტყვა, უფრო სწორად, მისი ზემოქმედება და ვეღარც კი გაიხსენებ, რის თქმას აპირებდა შენთვის.
ეს გზა უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე ეშმაკის ნაკარნახევ გულისსიტყვებზე შეპასუხებით შეწინააღმდეგება, რადგან როცა დემონი განგვეშორება, მისი ნათქვამიდან ნაშთი და აჩრდილიც კი არ რჩება. შეპასუხების შემთხვევაში კი, მართალია, ბოროტი მარცხდება და მიდის, მაგრამ ტოვებს იმის ნაშთსა და აჩრდილს, რასაც სულს აწვდიდა და ადამიანს გადატანილი ბრძოლის მსუბუქი მოგონება მაინც რჩება.
პირველი ხერხი, დაუყონებლივ ლოცვას მივმართოთ, უფრო შვების მომგვრელია და სული სწრაფად მშვიდდება, მაშინ როცა მეორე – შეპასუხებით შეწინააღმდეგება – დამღლელია. თუ სულმა გულისსიტყვების შეპასუხებას თავი ვერ გაართვა, შესაძლებელია, ეშმაკმა, რომელსაც ადამიანის დარწმუნების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისი ჭრილობები მიაყენოს მას.

4. გაექეცი ცოდვიან აზრებს, მოიკვეთე წარმოდგენა – პროვოცირების კერპი, რადგან „ყოვლისმცოდნე" სატანა ცდილობს შენს შემოქმედს – ღმერთს – მოგაცილოს.
როცა ბოროტი, ცოდვის გულისსიტყვაზე თანხმობით, ადამიანს დამნაშავედ აქცევს, სულიწმიდის მადლი ისე განეშორება, როგორც ფუტკარი – კვამლს და სულს მადლისა და სიხარულის გარეშე, მოწყინებითა და მწუხარებით აღსავსეს ტოვებს. მაგრამ, თუ ბოროტ წარმოსახვას გონებაში გამოჩენისთანავე შევებრძოლებით, აღმოვფხვრით და უკუვაგდებთ, თუ მონდომებითა და მოშურნეობით დაუყოვნებლივ ავიტაცებთ სულის მახვილს – ჩვენი იესოს წმინდა ლოცვას – მაშინვე დავინახავთ, როგორ დაგვტოვებს ქურდულად შემოპარული ბოროტი გულისსიტყვა და გამარჯვებას იმ მბრძანებელ გულისსიტყვას დაუთმობს, რომელიც ღვთის მადლმა და მოწყალებამ განამტკიცა.
გაქნილი ეშმაკი ვერ იტანს, როცა ჩვენი სულის მფარველ წმინდა ანგელოზს ჩვენ სიახლოვეს ხედავს. უფსკრულის ურჩხული მის ჩამოცილებას ცდილობს, რომ მცველის გარეშე დარჩენილებს შემზარავი ქარიშხალივით დაგვატყდეს თავს და შთანგვთქას. მან იცის, რომ მფარველ ანგელოზს მხოლოდ არაწმინდა გულისსიტყვები განგვაშორებს და დაინახავ, გონების, გულისა და სხეულის შესაგინებლად როგორ ააზვირთებს საძაგელი გულისსიტყვების სიმრავლესა და ამაო კერპების წარმოდგენას. მაგრამ, როცა მოღვაწე შეიცნობს ეშმაკის ბოროტებას, მაშინვე ქრისტეს იარაღით აღიჭურვება და ანადგურებს მის მანქანებას.

5. შვილო, უფრთხილდი წარმოსახვას; ყველა ცოდვა მისგან იღებს სათავეს. ის ცოდვის ძირია. ამიტომ ფრთხილად იყავი. როგორც კი ვინმეს ან რაიმეს წარმოიდგენ, რაც გინახავს ან გაგიგონია, მაშინვე განურისხდი და ლოცვით განდევნე შენი გონებიდან. ილოცე სწრაფად და გულმოდგინედ. გონებით ღვთისმშობელს მიმართე და ტკივილით სთხოვე შეწევნა. ვსასოებ ღმერთს და მჯერა, რომ გამარჯვებას მიაღწევ.
შენ თავი აიმაღლე და ეშმაკმაც ამიტომ გაგიმართა ბრძოლა. ახლა დამდაბლდი. შინაგანად დაიმცირე, შეურაცხყავი საკუთარი თავი და როცა ღმერთი შენს თავმდაბლობას დაინახავს, შეგეწევა.
როგორც ცეცხლს ერიდები, რომ არ დაგწვას და გველს გაურბიხარ, რომ არ დაგკბინოს, ასე და უფრო მეტად გაექეცი ეშმაკის მოტანილ წარმოსახვას!
გიმეორებ, ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.

6. უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე. ულმობლად გაუმკლავდი პიროვნებებისა და ბოროტი საქმეების ბილწ წარმოდგენებს, რადგან ყველა ბოროტება წარმოსახვიდან მოდის და თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რაც უნახავს, მოუსმენია ან განუცდია ხუთი გრძნობის საშუალებით; ასე კი ყველაფერს ხელახლა და ცოცხლად განგვაცდევინებს სულის შესაგინებლად.
ასე რომ, რისხვით და ლოცვის იარაღით განდევნე ბილწი გულისსიტყვები და, ქრისტეს მადლით, ეშმაკის წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვებ.

7. ფრთხილად იყავი, გონებამ აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ მტკიცედ დაუკავშირე ის ქრისტეს სახელს. ისე ევედრე, თითქოს წინ გედგას უფალი, სულიერი ტკივილით უხმე მის სახელს და ნახავ, როგორ სარგებელს მიიღებ.
ბოროტი გულისსიტყვები სწრაფად, „კინწისკვრით“ გაყარე, შეუძახე: „მაწანწალებო, გასწით აქედან, ღვთის ტაძრიდან, ჩემი სულიდან!“
უხამსი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განდევნე; შიგნით ნუ დაიტოვებ, რადგან საშიშია, ჭრილობები არ მოგაყენოს, რის შემდეგაც ცრემლების ღვრა და ოხვრა მოგიწევს.
მოითმინე, შვილო. ცეცხლივით გაექეცი ასეთ გულისსიტყვებს, რადგან მათ სულისთვის განადგურება, გულგრილობა და სიკვდილი მოაქვთ. მაგრამ, თუ მათ რისხვით, ყურადღებითა და ლოცვით განვდევნით, ამას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამიტომ, იბრძოლე, ნუ გეშინია. მოუხმე ჩვენს მკურნალს, რომელიც მზადაა დაგვეხმაროს. ბევრი თხოვნა არ არის საჭირო; არ ითხოვს ფულს, არ ეზიზღება ჭრილობები, შეიწყნარებს ცრემლებს, კეთილი სამარიტელივით ზრუნავს და უვლის სულიერი ავაზაკების მიერ დაჭრილს. ასე რომ, მოდით, მისკენ ვისწრაფოთ.

8. რაც შეეხება უხამს გულისსიტყვებს, ისინი სულის წარმოსახვითი ნაწილიდან მომდინარეობს და გვაგონდება ის სახეები, საგნები, საქმეები, რომლებიც ხუთმა საცნობელმა შეკრიბა და წარმოსახვის საცავში გადაიტანა. ხელსაყრელ დროს ეშმაკი წარმოსახვაში წარმოგვიდგენს სახეებს, საგნებს, გვახსენებს სიმღერებს და ა. შ., რაც გრძნობებმა დააგროვა და ვნებიან გულისსიტყვებს აღძრავს, რომ ღვთის ქალაქი – გული – ააოხროს და შებილწოს.
არსებობს ასეთი ხერხი: წარმოდგენები, პიროვნებები და ა. შ., გონებაში წარმოსახვისთანავე უნდა განვდევნოთ. და თუ, ღვთის მადლით, ამას შევძლებთ, ბოროტებას წარმოქმნისთანავე დავამარცხებთ და მცირე შრომით გავიმარჯვებთ.
ხოლო თუ გულისსიტყვები გაჯიუტდება, მაშინ ქრისტეს სახელს მოვუხმოთ, რისხვით აღვიჭურვოთ და საბრძოლო პოზიცია დავიკავოთ.
როცა ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც გვაფორიაქებენ, ვეცადოთ, ჩვენს წარმოსახვაში მათ ადგილი არ დაიმკვიდრონ, მაშინვე განვდევნოთ, რომ მათი ხატება სულის წარმოსახვით ნაწილში არ მოხვდეს და შესაბამის დროს ეშმაკმა ჩვენთან საბრძოლველად არ მოგვივლინოს.

9. შვილო, ნუ შეგაშინებს ეშმაკის მიერ მოტანილი გმობის გულისსიტყვები. ის ბოროტი მთესველის შურია. გმობის გულისსიტყვები ქრისტიანის სულის მოშთობას ცდილობს იმ აზრით, თითქოს თავად ადამიანი გმობდეს და ასე უწამლავს გულს!
ეს გულისსიტყვები ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი, ასე უნდა უგულებელყო იმიტომ, რომ შენი არაა.
გეუბნები, შვილო, ნუ გეშინია. მათზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. როცა ეს გულისსიტყვები მოგდის, უთხარი სატანას: „რაც გინდა, მითხარი. ამიერიდან შენს ნათქვამზე აღარ ვინაღვლებ, რადგან ეს ყველაფერი შენი ბოროტების გამონაგონია".
მიუხედავად იმისა, რომ გმობის გულისსიტყვები აშკარად ეშმაკისგან მოდის, მათში ნაწილობრივ ჩვენი წვლილიც არის. რა წვლილი? ესაა ჩვენი გონების ფარული თვითდაჯერება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ. იგი გმობის გულისსიტყვებით მჟღავნდება. ასეთი აზრები ასევე ჩვენი მრისხანების, გულისწყრომის, სიძულვილისა და სხვა ვნებებისგან იღებს სათავეს.
ამიტომ მათ უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შინაგან განკითხვაზე და შევებრძოლოთ ყოველგვარ ამპარტავნულ გულისსიტყვას. ასევე მშვიდობა დავამყაროთ თითოეულ ადამიანთან, თუნდაც ჩვენ მიმართ ბოროტებას სჩადიოდეს.

10. ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს. ბოროტი გულის სიტყვები და ბილწი წარმოდგენები გამოჩენისთანავე განდევნეთ, რადგან ისინი გონებასა და გულში დაყოვნებით რთულ მდგომარეობას ქმნიან. ხოლო როცა უხამს წარმოსახვას და მისგან გამოწვეულ ბილწ გულისსიტყვას თავიდანვე სიფრთხილით მოვეკიდებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და განვიცდით მორალურ კმაყოფილებას, რაც სიწმინდეს მოაქვს.
ამიტომ, შვილებო, ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოსვლისას, რადგან ყოველ მათგანთან მიმართებაში იგივე ხერხი მოქმედებს. თუ უყურადღებო გონება დახვდა, ნებისმიერი ასეთი გულისსიტყვა შემოდის და ვნების შესაბამის ზემოთ აღწერილ ზნეობრივად არაჯანსაღ მდგომარეობას ქმნის.
რადგან მონაზონს ძირითადად გულისსიტყვები ებრძვის, ის, რაც მას გადაარჩენს მღვიძარებაა! სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიღვწით.

11. ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლებელია არ შეებრძოლოს ბილწი გულისსიტყვები და წარმოდგენები. საჭიროა მაშინვე განაგდოს ისინი, იმეოროს იესოს ლოცვა და გულისსიტყვები განეშორებიან, თუმცა ისევ მოვლენ. ადამიანი მათ ისევ განაგდებს ლოცვითა და მღვიძარებით ანუ გონების სიფხიზლითა და ყურადღებით.
ადამიანი უნდა გაფრთხილდეს, რომ მაცდურს წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცეს, რადგან ჯერ წარმოდგენა ჩნდება, შემდეგ გულისსიტყვა, ბოლოს კი – ბილწი ტკბობა. ასე რომ, როცა მღვიძარების მეშვეობით ეშმაკს ბოროტი წარმოსახვის ჩამოყალიბების საშუალებას არ ვაძლევთ და თან იესოს ლოცვას ვამბობთ, სატანის შეჭირვებისგან ვთავისუფლდებით და ღმერთი გვირგვინს გვიბოძებს იმ კეთილი განზრახვის გამო, რომ გვსურს სათნოვეყოთ მას.

12. მუდამ გახსოვდეს, შვილო, რომ რასაც გულისსიტყვა გეუბნება, ყველაფერი ეშმაკისგანაა. მისი მიზანია, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს და სასაცილოდ აგიგდოს. ამიტომ შენც მასხრად აიგდე და მის უხამს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ბოროტს უგულებელყოფ, არასოდეს შეგემთხვევა ცუდი. გაფრთხილდი, ნუ მოუსმენ მის ნათქვამს და გადარჩები.
თუ ზემოთქმულს დაიცავ, არაფერი დაგემართება. ვინც თავის გულისსიტყვებს მიენდო, ცუდ დღეში ჩავარდა. გულისსიტყვების უგულებელყოფა ლოცვასთან ერთად კი სასწაულებს ახდენს.
ნუ დარდობ, შვილო, იმედს ნუ გადაიწურავ და სიმხნევეს ნუ დაკარგავ. ყველაფერი, რასაც ეშმაკი გონებაში წაგისისინებს, სიცრუე და ტყუილია. საერთოდ ნუ დაუჯერებ მას! ეშმაკს უხარია, როცა ხედავს, რომ ადამიანები მას უჯერებენ და იტანჯებიან. ხოლო ძალიან წუხს, როცა მისი არ სჯერათ და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
როცა ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ასეთ გულისსიტყვებს უგულებელყოფა სჭირდება, მაშინვე სრულიად ვირწმუნე მისი სიტყვები, საქმით განვახორციელე და განვიკურნე.
საუკეთესო წამალი ასეთი გულისსიტყვების სრული უგულებელყოფაა და განკურნებაც სრული იქნება. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ესაა წამალი! ფრთხილად იყავი, არ იზარმაცო. განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.

13. სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.
გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.

14. ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს.
როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვები გიჩნდება, მაშინვე, ოდნავი დაყოვნების გარეშე, განაგდე მისი სახე ისე, როგორც ხუჭავ თვალებს, როცა რაიმეს დანახვა არ გინდა; ეშმაკზე განრისხებულმა სწრაფად, ტკივილითა და ცრემლებით იმეორე იესოს ლოცვა და მაშინ დაინახავ, როგორ მოგშორდება ბოროტი გულისსიტყვა.
ხოლო თუ წარმოსახვა ძლიერდება, მაშინ შენს გონებაში დაანაწევრე და დაამახინჯე წარმოსახული სახე, რომ ზიზღმა განდევნოს მისგან მოტანილი ტკბობა.

ძალიან ფრთხილად იყავი, არ გათამამდე, ყურადღება არ მიაქციო არც ერთ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან მაშინ ეს მცირე დაუდევრობა შენში დიდ ბრძოლას გამოიწვევს. გაფრთხილდი, არ მიგიზიდოს ბილწი წარმოდგენის სიტკბოებამ და შენმა სულმა საუბარი არ გაუბას წარმოსახულ პიროვნებას, რადგან შემდეგ ძნელი იქნება აქედან თავის დაღწევა და მაშინ ამ გამოცდილებით მიხვდები, თუ რამდენადაა საჭირო გულისსიტყვებისგან თავის დაცვა.

15. შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო? აიძულე თავი. გაიხსენე სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი; დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.


16. როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
ურწმუნოების გულისსიტყვების მიზეზი თავმოწონება და ეგოიზმია. ასე რომ, მოიშორე, შვილო, ქედმაღლობის გულისსიტყვები და დიდი სიმდაბლით იფიქრე საკუთარ თავზე. სხვას ნუ განიკითხავ; მხოლოდ საკუთარ შეცდომებს უყურე. სიფრთხილით წარმოთქვი თითოეული სიტყვა და ნურავის ატკენ გულს.
ურწმუნოების გულისსიტყვები სრულებით უგულებელყავი, რადგან ეშმაკისგანაა. მათი მიზანია, ბრძოლის უნარი წაგართვან, შემდეგ სიძვის ეშმაკს გადაგცენ და სულიერი სიკვდილი მოგიტანონ.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.

17. გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
ასე რომ, შვილო, სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩვენს ყოველ ფიქრს, სიტყვასა და საქმეს, რომ არ დავამწუხროთ უტკბესი იესო, რომელმაც ჩვენთვის, დამნაშავეთათვის, სასტიკი და მტანჯველი სიკვდილი დაითმინა.
შვილო, გაფრთხილდი შენს გულისსიტყვებთან. მებრძოლი სული გქონდეს; მუდამ მზად იყავი, რომ გულისსიტყვებს დაუპირისპირდე. უკან ნუ დაიხევ, რადგან ყოველი დათმობა ძვირად დაგვიჯდება.

18. შეუპოვრად ებრძოლე, შვილო, მრავალნაირ მზაკვრულ გულისსიტყვას. შენს გულში ადგილს ნუ დაუთმობ მათ. ეს უწმინდურება შეგინების მეტს რას დატოვებს ჩვენს გულებში? მათზე განრისხება გმართებს და იესოს ლოცვით განსვენებას მიაღწევ.
ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს, რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი.
შეუპოვრად შეები ბილწ წარმოდგენებს, რისხვით, ღვთის შიშით, იესოს ლოცვის ორპირი მახვილით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, მტკიცედ მოუხმე, იღაღადე. იესო უხილავად შენ გვერდითაა, რომ შეგეწიოს. „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას“ (ფსალმ. 144, 18).

19. მივიღე შენი წერილი, სადაც ზოგადად მკრეხელური გულისსიტყვების შესახებ მწერ. ეს გულისსიტყვები ამპარტავნებისგან იშვება. ამბობ, რომ განსაცდელმა შენი სულიდან ამპარტავნება განდევნა, ამაში ცდები. ხე ნაყოფით იცნობა, შედეგი კი – საწყისით.
ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს. ნამდვილი სიმდაბლე რომ გვქონოდა, ღვთის მშვიდობა დიდებით აფრიალდებოდა ჩვენი გულის საყდარზე, ყველაფერი დაწყნარდებოდა და დამშვიდდებოდა. ხოლო რადგან სიმშვიდე დარღვეულია, ჩანს, ქალაქში ამბოხებაა და იქ მსტოვრები არიან, რაც მოქალაქეთა, ანუ გულისსიტყვათა არეულობას იწვევს.
ამისგან კურნება ასე შეიძლება: არ უნდა იკითხო მწვალებლური წიგნები, სრულიად უნდა უგულებელყო მკრეხელური გულისსიტყვები, როგორც უცხო და გარეშე. საჭიროა სიმდაბლით ლოცვა. თუ შემთხვევით ვინმესთან უთანხმოება გაქვს, შეურიგდი. თუ უდებება დაგეუფლა, მღვიძარება გმართებს.
ეს ყოველივე განკურნავს ამ ავადმყოფობას. მაგრამ განსაკუთრებით მკრეხელური გულისსიტყვების, როგორც ეშმაკის მიერ ამონთხეულის, სრული უგულებელყოფაა საჭირო.
როცა აბბა პამბოს გმობის სული დაეუფლა, ლოცულობდა: „უფალო, ასეთი გულისსიტყვებით როგორ ვცხონდები?“ უფლის ანგელოზმა კი მიუგო: „პამბო, პამბო, თავი დაანებე გარეშე საზრუნავს – გმობის გულისსიტყვებს და შენს ცოდვებზე იზრუნე“.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, აქ საეჭვო არაფერია. საეკლესიო კრებებს სულიწმიდა წარმართავდა და რასაც წმინდა მამები ამბობდნენ, ღვთის სულის მიერ იყო ნაკარნახევი. ამის დასტური კი მათი წმინდა ნაწილებია.

20. შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია.
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებელს.
შეეცადე ვინმეს ხატებამ ან მისდამი ლტოლვამ არ გაიმარჯვოს შენს გულსა და გონებაზე.
თავიდან ბოროტი, ჩვეულებრივ, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვახსენებს, რომ სულის სიმტკიცე შეგვირყიოს, ბრძოლის უნარი დაგვაკარგვინოს და დაგვამარცხოს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
ამიტომ მსუბუქად კი არ უნდა შევხედოთ ამას, არამედ თავიდანვე მხნედ შევებრძოლოთ: წარმოდგენიდან ამ სახეების განდევნით, იესოს ლოცვით, საკვებში ოდნავი თავშეკავებით, წრფელი, ხშირი აღსარებით და ჩვენი მოკავშირე ღვთის მადლით, გვჯერა, მტერი უკან დაიხევს.

21. შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგე – აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. დაინახავ, ცოტა ხანში როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები. ასეთ დროს ბოროტს ნუ შეეპასუხები! მხოლოდ ლოცვა, რაიმე გულისსიტყვისა და წარმოდგენის გარეშე და ნახავ – ყველაფერი ობობას ქსელივით დაირღვევა. ნუ დაუშვებ, რაიმე წუხილმა სიმშვიდე დაგაკარგვინოს.

22. სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდის სისტემატურ ბრძოლას ვეწევით, რის შემდეგაც ადამიანი სულიერი და გონებრივი მღელვარებისგან თავისუფლდება. და პირიქით, თუ ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმოდგენებისგან გონების განწმენდისას უდებებას გამოვიჩენთ, შედეგი ის იქნება, რომ საძაგელი ვნებები დაგვეუფლება და ეშმაკები და ცოდვები დაგვიმორჩილებენ.

23. შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლოებებში იჭრება და მის უჩინო და დაფარულ მხარეებს წარმოგვიდგენს. როგორც კი გამოსახვას დაიწყებს, ლოცვით წაშალე სურათი. რაც უფრო დააყოვნებ, შემდეგში მით მეტი შრომა და ტკივილი შეგხვდება.

24. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ. სულიერი ნუგეშის გარეშე იმიტომ ვრჩებით, რომ საკუთარი თავის გამოძიებისა და ღვთის ხსენების ნაცვლად გონებადაფანტულობამ მოგვიცვა. დაუბრუნდით საკუთარ თავს. თქვენი გონება სულიერი საქმიანობით დააკავეთ, ნუ აძლევთ მას აქეთ-იქით ხეტიალის უფლებას. თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს. და ბოლოს – თავის იძულებისა და ძალდატანების გარეშე სულიერებას ვერ მივაღწევთ.
 
თემატური კითხვები
0