image
image
38
39
40
41
image
image
Loading..
image

თემა: სიმდაბლე,  სტუმართმოყვარეობა,  წმინდანები

454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე?დაარწმუნე, როგორც ავადმყოფმა, რომელსაც ექიმი სჭირდება; მაგრამ ისიც გახსოვდეს, ახალშობილი ყრმა სრულყოფილი კაცი უცებ არ ხდება და თანმიმდევრულად იკვებება რა სხვადასხვა სახის ნაზი საკვებით, ბოლოს მყარი საკვების მიღების უნარსაც აღწევს, რამეთუ მყარი საკვები სრულყოფილთა კუთვნილებაა (ებრ. 5, 14). ამიტომაც თქვა მოციქულმა: „სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3, 2). მაშასადამე, თუ სტუმართმოყვარეობას ვესწრაფით, ნუ ვიტყვით, რომ ამით მცნებას ვასრულებთ, არამედ ვაღიაროთ, რომ იმ ავადმყოფივით ვიქცევით, რომელსაც ექიმი სჭირდება და იყავი ჯერ ასე, სანამ ღმერთი სრულყოფილ საქმიანობამდე მიგიყვანს.
link
image

თემა: ამაოდმეტყველება

650. იგივე ძმა ხედავდა რომ აბბა მომსვლელ ძმებს წმინდა ბერის საკვირველ საქმეებს უყვებოდა. ამის თაობაზე მან მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. გაიგო რა მისგან, თუ რა განზრახვით აკეთებდა ამას აბბა, დამშვიდდა.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს.
ძმაო! დაე, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მოისმინო, გაიაზრო და საქმით აღასრულო ის, რასაც გეუბნებიან. შენ რაზეც მწერდი, თავის მართლება და განკითხვა დევს მასში. თავის მართლება იმიტომ, რომ შენ მსგავსი მონათხრობების მოსმენის ღირსად მიგაჩნია თავი; განკითხვა კი იმიტომ, რომ შენ ამბობ: „რატომ ჰყვება ამას აბბა?“ და არ გახსენდება, რომ „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (იოანე 3, 8). აბბა, თუ შეძლება მიპასუხე, რატომ უკრძალავდა უფალი ზოგიერთ განკურნებულს ვინმესთან ლაპარაკს, ხოლო რომელიღაცას უთხრა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათე 8, 4). შენი განწმედისათვის, და კიდევ: „საწამებელად მათა“ (მათე 8, 4), და კიდევ: „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა“ (მარკ. 5, 19). ვინც აბბას ლაპარაკს ღვთის შიშით ისმენს, ის სარგებელს იღებს, ხოლო ვინც მას რწმენით არ უსმენს, განიკითხება; მაგრამ შენ ჯერ ვერ იმსჯელებ ასეთ საკითხზე, იმიტომ, რომ შენი გული ცვალებადია. მოციქული ამბობს: „ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინმე შემძლებელ არს? რამეთუ არა ვართ, ვითარცა იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2 კორ. 2, 15-17). რადგან შენ ბერმა მასზე საუბარი აგიკრძალა, ხოლო აბბასთვის არ აუკრძალავს, ამიტომ ეჭვი კი არ უნდა შეიტანო ბერის ნათქვამში, არამედ უნდა დაუშვა, რომ არსებობს ამის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, გულით უნდა დამდაბლდე და თქვა: „ბერმა ჩემი უღირსების გამო ამიკრძალა ეს, მას კი (აბბას), როგორც ღირსეულს, მსმენელთა სარგებლისათვის ნება დართო“. მაშ დავუკვირდეთ, ყოველმხრივ როგორ გვამდაბლებს ბერი, რათა საკუთარ თავს ვუსაყვედუროთ და უღირსად მივიჩნიოთ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ქედის მოხრა. ამგვარად, დავმდაბლდეთ და ღმერთი თავის საიდუმლოებებს გაგვიცხადებს, რათა, სადაც საჭირაოა, ვისაუბროთ, ხოლო სადაც საჭირო არაა ყოველთვის დავდუმდეთ, რომ ერთიც და მეორეც ჩვენს და ჩვენი მსმენელების სარგებელს მოემსახუროს. ჩვენ მოსაუბრენი არ უნდა განვიკითხოთ და დავამციროთ, რათა დარიგების ნაცვლად მსჯავრი არ გვეწიოს. ვინაიდან, ჩვენ თუ ჩვენს ზრახვას ვკითხავთ: ვიცით თუ არა, რა ალაპარაკებს მოსაუბრეს (მასში მოქმედი სული თუ არა), მაშინ აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ არ ვიცით ეს. ვინაიდან ბოროტი ბოროტად ფიქრობს, ხოლო კეთილი კეთილად, ამიტომ ბოროტად კი არა, კეთილად ვიფიქროთ, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: განსაცდელები,  მონაზვნობა,  მონაზონთათვის

496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ.ძმაო! რადგან შენ ჩვენთვის ჯვარცმულს მიეახლე, ამიტომ აიღე შენი ჯვარი და შეუდექი მას, და „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 23); „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20); „რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის“ (1 პეტ. 5, 7). ასე რომ, ნუ შეშინდები და შეგეწევა ქრისტე. ოღონდ შვილო, გონებაში საღმრთო წერილის ის სიტყვა და მზადყოფნა ჩაიბეჭდე, რომელიც შემდეგ სიტყვებშია მითითებული: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2, 1), და იცოდე, გამოუცდელი ადამიანი ყველაფერში უხმარია და „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს“ (იაკ. 1, 12) და სხვ. ამას, ძმაო, შესაშინებლად არ გეუბნები, არამედ მსურს რომ ამ გზაზე შენი გული ღვთისადმი შიშში განმტკიცდეს. რამეთუ ყველა წმიდანიც მრავალი განსაცდელითა და ჭირით წარემატა და ღვთის მადლით სათნო ეყვნენ ღმერთს. არ შეშინდე და არ მოუძლურდე. გვრწამს, რომ წმინდანთა ლოცვებით ღმერთია შენი დამსხმელი, მომრწყველი და აღმაორძინებელი (1 კორ. 3, 7), ამინ.
link
image

თემა: სიმდაბლე,  სტუმართმოყვარეობა

453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა.ისინი ორივე ღვთის რწმენაში სრულყოფილნი იყვნენ და რწმენა და სიმდაბლე დროის შესაფერისად გამოიყენეს, რამეთუ პატრიარქმა აბრაამმაც თქვა: „გავბედე უფალთან ლაპარაკი მე მტვერმა და ნაცარმა“ (დაბ. 18, 27), და რადგან ის საკუთარ თავზე ასე ფიქრობდა, განა ეს იმას არ გვიჩვენებს, რომ ის თავის თავს მისი სტუმრობის ღირსადაც არ თვლიდა, მაგრამ როგორც სრულყოფილი მამა, ყველა ადამიანს თანაბრად იღებდა, არ ანსხვავებდა რა ცოდვილებს წმინდანებისაგან. სწორედ მასზე და ლოთის შესახებ იყო ნათქვამი: „სტუმრისმოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს“ (ებრ. 13, 2). ხოლო აბრაამს მასში თავად მეუფე რომ შეეცნო, ის უეჭველად ასისთავის სიტყვებს გამოიყენებდა, რამეთუ არავინაა იმაზე უფრო მდაბალი, ვინც საკუთარ თავს მიწად და ნაცრად მიიჩნევს. ასისთავმაც ასევე შესაფერის დროს გამოიყენა სიმდაბლე, შეიცნო რა, რომ ის ჩვენი მაცხოვარი იყო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მას სტუმართმოყვარეობის სათნოებაც ჰქონდა, რამეთუ საქმეებით ვლინდებოდა მისი რწმენა. ქრისტეს უქმი რწმენა არ შეუქია, ანუ ვამტკიცებთ, რომ მის რწმენას საქმეები ახლდა თან, და რომ სტუმრის მიღების შემთხვევაში ისიც პატრიარქ აბრაამის მსგავსად ყველას გულმოდგინედ მიიწვევდა. მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ისინი ორივე სრულყოფილნი იყვნენ.
link
image

თემა: მიტევება,  ურჩობა

620. ძმამ რაღაც საქმეში შესცოდა და მრავალჯერ მოისმინა აბბასაგან: თქვი მხოლოდ: „შემინდე“, მაგრამ გული გაუსასტიკდა და არ თქვა ეს. აბბამ კი, სამჯერ მოიყარა მუხლი, ლოცვა წარმოთქვა და ძლივს დაარწმუნა, რომ ეთქვა: „შემინდე“. როდესაც ძმა თავის სენაკში მიდიოდა, აბბამ უთხრა: „ძმაო, შენს სენაკში მარტო რომ დარჩები, გამოიკვლიე შენი გული, და მიხვდები, რა მიზეზით დაგემართა ასეთი სისასტიკე“. როდესაც ძმამ ეს შეასრულა, შეიცნო თავის დანაშაული, აბბასათან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, რომ ეს საქმე დიდი ბერისათვის, ბარსანუფისთვის ეცნობებინა და ლოცვა გამოეთხოვა.ძმაო! დაუკვირდი საკუთარ თავს. შენ თავად მოისურვე, რომ შენს ყანაში დავთესო. არავის დაუტანებია ძალა. ამიტომ არ დაუშვა რომ ეშმაკმა შენს ხორბლის ყანაში ღვარძლი, ანუ ცეცხლის ტალკვესი დათესოს. აი, რას გეტყვი: შენ შენი აზრების შესახებ მეკითხები. მამები კი ამბობენ, ვინც ბერებს ეკითხება, მან სიკვდილამდე უნდა დაიცვას მათი რჩევებიო, ხოლო ვინც არ იცავს, საკუთარი თავის დაღუპვას უწყობს ხელს. შენს გულში ბოროტი და მძვინვარე აზრები იმალება. რატომ გიტაცებენ სიკვდილშემოსილი აზრები ისეთ რამეზე, რაც საერთოდ არც არსებობს? ეშმაკი სინათლეს სიბნელედ წარმოგისახავს და სიბნელეს - სინათლედ; მწარეს ტკბილად გაჩვენებს და ტკბილს - მწარედ (ის. 5, 20). სიცოცხლეს ისე უყურებ, როგორც სიკვდილს და სიკვდილს - როგორც სიცოცხლეს. რამეთუ, „მტერი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (1 პეტ. 5, 8), მათ შორის შენი ცოცხლად შთანთქმაც სურს, შენ კი ამას ვერ ხვდები. შენ ღვთის ხელი და წმინდანთა ლოცვები რომ არ გიფარავდეს, ეშმაკის ხიბლი დაგატყვევებდა და დაიღუპებოდი. შენი სარგებლისა და სულის ცხონებისათვის აბბა ღვთაებრივ სიტყვებს გეუბნება, შენ კი უგულებელყოფ მათ და ამიტომ ცხოვრებას ვერასოდეს შეიცნობ. აბბა ისე შრომობს შენთვის, როგორც საკუთარი სულისთვის და წმინდანებისგანაც ითხოვს შენთვის ლოცვას, რათა შენ ეშმაკის მახეებს და სიკვდილს თავი დააღწიო და უფლის სავანის მკვიდრი გახდე. თუ ის შენთვის ასე შრომობს, მაშინ ნუთუ შენც საკუთარ სულზე მეტად არ უნდა დაიცვა მისი სიტყვა? მაგრამ, მუდმივად მის გვერდით ყოფნით დანაყრებულს, ეს გაკმაყოფილებდა. თუმცა, როგორი დანაყრებულიც არ უნდა ყოფილიყავი მუდმივად მასთნ ყოფნით, უნდა გელოცა, რათა არ დასჯილიყავი მის გვერდით. მის გვერდით ყოფნის ღირსი რომ გამხდარიყავი, დიდი შიშით, ძრწოლით და ზედმიწევნით უნდა შეგესრულებინა მისი ბრძანებები, რათა მისი მეშვეობით შენზე ღვთის კურთხევა გარდამოსულიყო. დაე, ნუ აცხადდება შენზე წერილის სიტყვა: „გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას და დაივიწყა ღმერთი, თავის შემოქმედი“ (რჯულ. 32, 15). რამეთუ მაშინ აღსრულდება შენზე: „ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა! რამეთუ ტვიროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს“ (მათე 11, 21). დაე, ნუ გაიგონებ: „შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი“ (ფსალ. 49, 17). მრავალჯერ რატომ გამოსცადე საკუთარი თავი? თავად დაიწყე ზოგიერთებთან საუბარი, მაგრამ ვერ აიტანე მათი ნათქვამი და გული შურმა და ცილისწამებამ დაგიბნელა და აღშფოთებაში ჩავარდი. მრავალჯერ წაიბორძიკე, დაეცი და თავ-პირი დაიმტვრიე, მაგრამ ჯერ კიდევ არ რცხვენია შენს სპილენძის შუბლს და არ მოდრეკილა შენი რკინის ქედი, რაც ძმამ - იოანემაც გითხრა. გადარჩა კი ვინმე, ვინც ასე იქცეოდა? თავდაპირველად ეს კაენმა ჩაიდინა და ის ღმერთმა შეაჩვენა; მას შემდეგ გოლიათებმა და ისინიც წარღვნის წყალმა შთანთქა. ქამი და ესავი წმინდა კურთხევისაგან უკუაგდეს. ფარაონი გასასტიკდა და მეწამული ზღვის წყალმა ის და მისიანები დააღრჩო. დათანი თავის თანამოაზრეებით მოსეს აღუდგა წინ და მიწამ შთანთქა ისინი და მათი სახლები. თუ, წერილის მოწმობით, წინააღმდგომი მღვდელი მიწამ შთანთქა, მაშინ შენ როგორღა გაბედე მისი შეწინააღმდეგება, ვინც გიბრძანა, რომ გეთქვა: „შემინდეო?“ არ თქვი რა ეს, საკუთარი თავი განაყენე ღვთისადმი მორჩილებისა და მამათა სიტყვებისაგან, რომლებიც ამბობენ: „ყველაფერში თავი უნდა დავიმდაბლოთ და ყველა საქმეში და სიტყვაში უნდა ვთქვათ: „შემინდე!“ შენ კი მრავალჯერ გარწმუნებდნენ ამას და არ თქვი. ხოლო შემდეგ ნათქვამი „შემინდე“ ტყუილი იყო, რადგანაც იძულებით თქვი და არა სინანულით და ლმობიერებით. როდემდე დარჩები ქედფიცხელი და გულით წინადაუცვეთელი?“ (საქმე მოც. 7, 51) დაფიქრდი, შენ არავინ გექცევა სასტიკად. რატომ უწვდი ხელს ეშმაკს და აძლევ ძალას, რომ შენი სული დაღუპოს? ამიერიდან იფხიზლე, ჩემო ძმაო იფხიზლე და გამოიღვიძე მძიმე ძილისაგან და უღვინოდ თრობისაგან, რომელიც შენ დაგეუფლა. სადაა სიმდაბლე? სადაა მორჩილება? სადაა ყველაფერში საკუთარი ნების მოკვეთა? თუკი ერთში საკუთარ ნებას იკვეთავ, ხოლო მეორეში არა, მაშინ იმაში, რაშიც მოიკვეთე, აშკარაა, რომ შენივე სხვა ნება გქონდა. რამეთუ მორჩილი ყველაფერში მორჩილია; ის არ ზრუნავს საკუთარ ცხონებაზე, რამეთუ მისთვის სხვა აგებს პასუხს - ის, ვისაც მან საკუთარი თავი მორჩილებაში მიაბარა და მიანდო. ასე რომ, თუ ცხონება და ზეცაში და მიწაზე სიცოცხლე გსურს, დაიცავი ეს და მე ვაგებ პასუხს შენზე, ძმაო; ხოლო დაუდევარი თუ იქნები, შენ თავს დააბრალე. იმედს ნუ დაკარგავ, რამეთუ ეს ეშმაკს უხარია. მე აბბა დავარწმუნე, რომ თავის წიაღში დაებრუნებინე და ეს ასეც მოხდა. მას ეს შენი ურჩობის გამო არ უნდოდა, მაგრამ მე ღვთის შიშით დავარწმუნე და მანაც საკუთარი შვილივით მიგიღო და არა როგორც მემრუშე. შენც ყველაფერში მიანდე მას საკუთარი თავი ღვთის შიშით. დამიმოწმებს მამა, ძე და სულიწმინდა, რომ მე მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ შენზე ზრუნვას მის წინაშე და თუ ჩემს სიტყვებს არ დაარღვევ, ღმერთი მე მომთხოვს შენს სისხლს. დღეიდან საფუძველი ჩაუყარე დასაწყისს და შეგეწევა ღვთის ხელი. აი, შენ განახლდი, თავს გაუფრთხილდი და ნუ უსმენ უგუნურ და უსარგებლო სიტყვებს. დაე, ღმერთმა გონიერება და ძალა მოგმადლოს, რათა მოისმინო და აღასრულო. თუ დროთა განმავლობაში კვლავ მოისურვებ ჩემს გამოკითხვას, არ დამეზარება პასუხის გაცემა და გეტყვი იმას, რასაც ღმერთი შენი გულის დასარწმუნებლად ჩემს ბაგეებს მისცემს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს მიერ, ამინ.
link
image

თემა: სიზარმაცე

564. ერთ-ერთი მდუმარე მამის თხოვნა იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის, გთხოვ ილოცე ჩემთვის, რამეთუ, როგორც ჩემი სიზარმაცე, ასევე მტრის თავდასხმა ძალიან მაჭირვებს და თუ ღმერთი თქვენი ლოცვებით ძალას არ მომცემს და მტერს არ შერისხავს, მაშინ არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ოდესმე ჩემი ნავი ნავსაყუდელს. როგორც მოსემ გამოითხოვა ოდესღაც, რომ ასეთი ხალხი ღვთის რისხვაში არ დაღუპულიყო, ასევე შენც, ჩემო ღირსო მამაო, გამოითხოვე ჩემი გულფიცხელი სული, რადგან ჩვენი ღმერთი კეთილია და უყვარს, როდესაც წმიდანები მისგან სულების ხნას ითხოვენ, და თქვენ შეგშვენით ასეთი თხოვნა. ჩვენს მეუფე აბბასაც (სერიდს) სთხოვოთ იქნებ, რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგვხედოს, რადგანაც ძალიან მიყვარს იგი და მისგან სულიერ გაძლიერებას ვსაჭიროებ.
თუკი შენ ჩვენისთანა უმნიშვნელოებზე სიყვარულით დაწერე, რომ ჩვენ არავის დაღუპვა არ გვსურს, მაშინ რას იტყვი იმაზე, ვინც საკუთარ თავს იფიცებდა და ამბობდა: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს“ (ეზეკ. 33, 11), მასზე მოციქულიც ადასტურებს და ამბობს: „რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). ძმაო! ნუ დაიზარებ იესოსთან მიახლებას და თქმას: „უფალო, მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“ (მათე 8, 25), და დაინახავ როგორ ამარცხებს ის ჩვენს მტრებს. ისაუბრე მასთან და თქვი: „უფალო ღმერთო ჩემო! დამიცავი მათგან, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“ (ფსალ. 85, 4)“. ხოლო ის, რომ ჭირი და განსაცდელები უნდა მოითმინო, საჭიროდ არ ვთვლი ამის დაწერას, რამეთუ შენ იცი, რას ამბობს მოციქული ამ საკითხზე და როგორია მოთმინების ბოლო. მაშ, საყვარელო ჩემო ძმაო, სულიერად ნუ დავძაბუნდებით! ჩვენზე მზრუნველ ღმერთს აქვს დახმარების ძალა. ჩაგვაგონებდა რა კადნიერებას, მან თქვა: „მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (მათე 14, 27) და კიდევ: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33). ასე რომ, ნუ უდებვყოფთ მასთან მიახლებას და მისი სიკეთისადმი ვედრებას, რამეთუ ის „შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20). გაიხსენე - სადაც შრომაა, იქ ჯილდოცაა; სადაც განსაცდელით მჟღავნდება ღირსება, იქ გამარჯვების გვირგვინიცაა და სადაც ღვთის სიყვარულია, იქ მასთან ერთად ჯვარზე ასვლის მზადყოფნაცაა, რათა ერთად ვიტანჯოთ და ვიდიდოთ, ერთად მოვკვდეთ და ვიცოცხლოთ. ვინც ჯვარზე ავიდა მან მიწიერი მიატოვა, „სოფლისთვის მოკვდა და ზეცისასა ეძიებს, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“ (კოლ. 3, 1). აბბას შესახებ გეტყვი: ილოცე, რომ ღმერთმა დაიფაროს ის, რამეთუ მას მოსვენება არა აქვს; მაგრამ გვრწამს, ღმერთი იფარავს და ეხმარება მას. მე ვუთხარი მას, რომ მან ძალიან დააყოვნა შენთან მოსვლა და მან იგივე მითხრა, რაც მე გითხარი. რაც შეეხება ლოცვას, ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ ვერც სიყვარულს დავარღვევ, და შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
link
image

თემა: ავადმყოფობა,  ლოცვა,  საზრდელის მიღება

507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.508. ამ ძმამ, რომელიც ავად იყო და ლოცვითი კანონის აღსრულება და დღეში ერთხელ საკვების მიღება არ შეეძლო, იმავე დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის და დაერიგებინა.სანამ ებრაელები ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლდებოდნენ, ისინი ზღვასა და ბარბაროსთა ხელში იმყოფებოდნენ და უდიდეს ჭირსა და სივიწროვეს ითმენდნენ. და, მიუხედავად ნიშნებისა და სასწაულებისა, რომლებიც მათ მთელს ეგვიპტეში და ეგვიპტელებზე იხილეს, სასწაულთმოქმედი ღმერთი დაივიწყეს; და რადგან ხედავდნენ, რომ ფარაონს მთელი თავისი ძალებით მათზე თავდასხმა სურდა, გადარჩენის იმედი დაკარგეს და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იყვნენ. მათ შორის მხოლოდ მოსე სასოებდა ყოვლადძლიერ ღმერთს და შეურყეველი დარჩა. მაგრამ რადგან: „ახს (ახლოსაა) უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (ფსალ. 144, 18), ამიტომ, როდესაც მოსე გულით მოუხმობდა და „კარი ძნელი ედო ბაგეებზე“, გულთამხილავი პასუხობდა: „რას შემომბღავი? კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები, მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე (გამ. 14, 15-17). ასევეა აქ. არის ავადმყოფობა და არის ეშმაკისეული წაბორძიკება - აქედანაა მწუხარება და აზრების შფოთი. სხეულს ავადმყოფობა აუძლურებს და ეშმაკისეული დამძიმებისაგან ბორძიკობს. ხოლო როდესაც მოსე უხმოდ ღაღადებს, ანუ გონება ფხიზლადაა და მჯდომარე ან მწოლიარე მოუხმობს, მაშინ მას ესმის, რამეთუ „მან უწყის საიდუმლოი გულისაი“ (ფსალ. 43, 22) და წერილის სიტყვა სრულდება: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“ (ქებ. 5, 2). ღმერთი ზღვას შერისხავს და ეტყვის: „გაუხსენი ჩემს ხალხს გზა“, და მაშინ ფარაონი, მთელი თავის მხედრობით დაინთქმება და ხალხიც დაწყნარდება, რათა ღმერთს დღესასწაული მიუძღვნას. ამიტომ, იდგები, იჯდები, თუ წამოწვები, დაე შენმა გულმა ფსალმუნთგალობაში იფხიზლოს. ჩაბარდი ლოცვას და ღმერთს დღისით და ღამით უწყვეტად მოუხმე და მაშინ სულის მებრძოლი მტრები სირცხვილეულნი უკუიქცევიან. საკვების მიღება დღეში ორჯერაც შეიძლება, ჭამე ღვთის შიშით და კეთილი კრძალვით და უეჭველად არ განიკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებიანი ნდომით არაფერი არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ თუ გვაქვს ის, რასაც ბუნება მოითხოვს, კრძალვით ვჭამოთ და თანაც ისე, რომ ჭამა-სმის შემდეგ საჭმლისაკენ ხმობა ვიგრძნოთ. შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, რომ იმ სწორ და გაუთოვებულ გზაზე, რომელიც ჩემს წინაშეა გადაშლილი, სულგრძელად და სიხარულით ვიარო მშვიდობით, ხალისით და სიხარულით, სინათლით და მხიარულებით სავსე იმ გზაზე, რომლითაც გაძღომა შეუძლებელია და რომლის გარდა სხვა არც არსებობს.
link
image

თემა: ღვთის შიში,  შფოთი

451. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ხშირად, ადამიანთა გარემოში, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა მეუფლება და სახის გამომეტყველებაც მეცვლება, ვკარგავ რა სულის შეგრძნებას, აღარც მათი ყურება შემიძლია და არც საუბარი. გული მივიწროვდება და გაუგებრობაში მაგდებს. და მაშინ, თუ რაღაცაზე დავილაპარაკე, ჩემი სიტყვა უგუნური, უწესრიგო და პატივმოყვარეობით სავსეა და არცთუ იშვიათად სიტყვებს თან უგუნური სიცილიც ერთვის, რადგან ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ამიტომ ძალიან ვწუხვარ და არ ვიცი, რა ვიღონო. როდესაც დავილაპარაკებ, ზემოთ ნათქვამი მემართება; ხოლო როდესაც ვჩუმდები, მეშინია, უდროოდ არ გავაკეთო ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრის დროს მრავალჯერ მომმართავენ. ამიხსენი, ჩემო მამაო, რატომ მემართება ასე? მაშინ როცა, თქვენ თქვენს წმიდა ლოცვებში მიხსენიებთ.ჩვენ ასე ეშმაკის შურით გვემართება. მას სურს, რომ არც ჩვენ მივიღოთ სარგებელი და არც ჩვენთან მოსაუბრეებმა, და ასეთ ღვარძლს ჩვენზე იმიტომ ანთხევს, რომ როგორმე მოსაუბრეების ცდუნებაც შეძლოს. ღვთის შიში კი ყველანაირი შფოთის, უწესრიგობის და ხმებისგან გვიცავს. ასე რომ, ლაპარაკის დაწყებამდე საკუთარი თავი ღვთის შიშში უნდა გავაძლიეროთ და ზედმიწევნით დავუკვირდეთ ჩვენს გულს, თუ რატომ ვშფოთავთ და ვიცინით, რამეთუ ღვთისმოშიშებაში სიცილი არაა. წერილი უგუნურებაზე ამბობს, რომ: „ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს“ (ზირ. 21, 20) და უგუნურთა სიტყვა შფოთიანი და უმადლოა. მართალზე კი ნათქვამია, რომ ის წყნარად გაიღიმებს. ამიტომ, თუ საკუთარ თავს ღვთის ხსოვნასთან ერთად იმ აზრს შთავაგონებთ, რომ ძმებთან სიმდაბლით და უშფოთველად უნდა ვისაუბროთ, თუ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამაზე და თვალწინ ყოველთვის ღვთის საშინელი სამსჯავრო გვაქვს, მაშინ ასეთი მომზადება გულიდან ყოველგვარ ბოროტ ფიქრებს დევნის. რამეთუ, სადაც დუმილი, სიმშვიდე და სიმდაბლეა, იქ ღმერთია. შენთვის საკმარისია შემთხვეულ საუბრებში ამ დარიგებით რომ იხელძღვანელო. თუ მტერი შეუპოვარ ბრძოლას გაგვიმართავს და ფიქრობს, რომ უსირცხვილოდ გამოგვიჭერს და დაგვცემს, ამის გამო ნუ მოვუძლურდებით, რათა მან თავის მახეებში არ შეგვიტყუოს, არამედ პირველი შემთხვევიდან გამოვიტანოთ დასკვნა და შემდგომშიც ასე გავაგრძელოთ: „მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება“ (იგავ. სოლ. 24, 16). რადგან ის დგება, ეს ნიშნავს, რომ მოღვაწეობს; მოღვაწე კი ასეთია (ანუ ხან ეცემა, ხან დგება), სანამ ბოლო არ აჩვენებს, როგორია ის. მაგრამ ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ღვთის წმიდა სახელის მოხმობა, რამეთუ სადაც ღმერთია, იქ ყველაფერი კეთილია; ცხადია, სადაც ეშმაკია, იქ ყველაფერი ბოროტია. და ცნობილია, რომ თუ პატივმოყვარეობის, ან კაცთმოთნეობის, ან სხვა რაიმე ბოროტების გამო აღვშფოთდებით და დავილაპარაკებთ, ყველაფერი ეს ეშმაკისეულია. ამიტომ გავიხსენოთ, რა თქვა წმიდა პავლე მოციქულმა: „სიტყუაი თქუენი მადლითა, ვითარცა მარილითა, შეზავებულ იყავნ“ (კოლას. 4, 6). თუ ამაში ვივარჯიშებთ, მაშინ კეთილმწყალობელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი მისდამი სრულყოფილი შიშის განწყობას მოგვმადლის. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: მონასტერი,  წუთისოფლის უარყოფა

576. ერთ ქრისტესმოყვარე ძმას (სავარაუდოდ აბბა ემელიანეს, რომელიც შემდგომში მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს), წმიდა ბერების: აბბა ბარსანუფის და აბბა იოანეს მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მათგან დარიგების მიღება უნდოდა; მან აბბა იოანეს ცხოვრებისეულ საკითხებზე კითხვა გაუგზავნა და უთხრა:
ჩემო მამაო! მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად ღვთის გულმოწყალებას ვევედრები, და ეჭვი მეპარება, ახლავე უნდა მივატოვო ყველაფერი, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და მერე წავიდე აქედან, რათა მომავალში ყველანაირი ზრუნვა - განსაკუთრებით ბებიაზე, ბავშვებზე და მიწების გაყიდვაზე - თავიდან ავირიდო. აზრი ჩამაგონებს, რომ ბებია ნათესავების მახლობლად დავასახლო და მათ მინდვრების რაღაც ნაწილი მივცე, რომელიც მასაც და ახლობელთა სახლეულობასაც გამოკვებავს; ამის შემდეგ კი დანარჩენი მინდვრების გაყიდვაზე ვიზრუნო. მითხარი რომელი ავირჩიო და როგორ მოვიქცე, რამეთუ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, ღმერთი თქვენ გიცხადებთ.
შემინდე, ბატონო ძმაო, მე უმეცარი ვარ და მარჯვენა - მარცხენისაგან ვერ გამირჩევია. წერილი ამბობს: „არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ“ (ლუკა 9, 62), და: „მოიხსენეთ ცოლისაი მის ლოთისი“ (ლუკა 17, 32), და კიდევ: „ლომს თმის ღერი აკავებს და არწივს ბრჭყალის ბოლო“. ბებია სადმე ახლოს ნათესავებთან მოათავსე, რომ ის სამუდამოდ უზრუნველყოფილი იყოს, და მისი და ბავშვების ხარჯები დაითვალე. მიეცი მათ მიწები, რათა მას მიწებით სარგებლობის შემოსავლიდან მუდმივი წილი მისცენ, იმ იმედით, რომ მოხუცის გარდაცვალების შემდეგ, ყურადღებისთვის, რასაც მის მიმართ გამოიჩენენ, ისინიც მემკვიდრეობით რაღაცას მიიღებენ. და ჰკითხე წმინდა ბერს: საჭიროა თუ არა ამის შემდეგ სხვა მიწების გასაყიდად დარჩენა. როგორც ის გეტყვის, ისე მოიქეცი და უფლის მიერ გარეშე საზრუნავებისაგან განთავისუფლდები; ის ჩვენგან შორს არაა, ხედავს, მომართულია თუ არა ჩვენი გული და ჩვენი არჩევანის მიხედვით, ჩვენთვის სიკეთე ნებავს. მიიღებ რა ბერისაგან მცნებას, თამამად და გულმოდგინედ შეუდექი მისი ნათქვამის შესრულებას და ღმერთი, შენი რწმენის მიხედვით, მალე გიჩვენებს თავის კეთილ ნებას.
link
image

თემა: მწუხარება,  ღვთისადმი მადლიერება,  ღმერთზე მინდობა

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.
link
image
image
38
39
40
41
image
image