image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი


ღმერთის სიყვარულისათვის.

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
    ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
    ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
    „ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროის ცრემლისა ვერძთასა“ (1მეფ. 15, 22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს.
    ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთადერთია - სიმდაბლე.
    უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).
    ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.
    „ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
    ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
    სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს.
    ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შენი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდები სიყვარულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები.
    მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.
    ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3, 6).
    „და შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს“ (იქვე): ხორციელ სიყვარულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული.
    როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩვენი ღმერთ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.
    მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვარულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სულიწმიდით შემოსილ და წმიდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უმადური მსხვერპლნი იყვნენ.
    ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა; იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან; ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა.
    აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი, ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.
    კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.
    ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები