image
ავტორი: ილია II

თემა: შობა,  ერესი


საშობაო ეპისტოლე - 1998

სექტების მოქმედება ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
    შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა...(შობის ტროპარი)
    საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
    

შობა ქრისტესი – ეს არის ზეიმი დედამიწაზე ცათა მბრძანებლის დაბადებისა. მარადიული ღმერთი, მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა განხორციელდა და იშვა ჩვენს შორის დაახლოებით 2000 წლის წინ. მიწიერი განზომილებით ხანგრძლივია ეს დრო, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ყოველთვის სულიერად დიდ სიახლოვესა და სიხარულს განიცდის მსოფლიო ისტორიაში მომხდარი ამ უდიდესი მოვლენის მიმართ.
    ღმერთი იგი კაც იქმნა, რათა კაცი ღმერთამდე ამაღლებულიყო. ამ უდიდეს მოვლენას თითქოს უნდა შეეძრა მთელი სამყარო, ქვეყანა არნახული ზეიმით უნდა შეგებებოდა კაცობრიობის საოცარი განახლების დასაწყისს, მაგრამ ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ნაცვლად გარეგნული ბრწყინვალებისა, დიადი უბრალოება და გასაოცარი თავმდაბლობა ირჩია. ბაგაში იშვა მაცხოვარი ქვეყნისა, მიტოვებული გამოქვაბული იქცა განხორციელებული სიტყვის პირველ საცხოვრისად; თავიდან ოდენ ზეციური სამყარო შეჰხაროდა მის ამქვეყნად მობრძანებას. მბრწყინავი ვარსკვლავი დაჰნათოდა ახალშობილ ყრმას და ანგელოზთა დასი უგალობდა ძეს ღმრთისას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
    ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელი სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16). ამავე დროს ღმერთი ნათელია ჭეშმარიტი "რომელი განანათლებს ყოველსა მომავალსა სოფლად" (ინ. 19) და ჰყოფს მას ძედ ნათლისა.
    როგორი სიღრმეა სინათლისა და სიყვარულის ერთობაში და რაოდენ ბედნიერია ის, ვინც მონაწილეა ამ იდუმალი კავშირისა.
    გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - რადგან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა (ეფეს. 5.16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე. ამიტომაც მთავარი ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს ზრუნვა ამ წამის ღირსეულად შეხვედრისათვის.
    ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და ოდენ მიწიერ გულისთქმათა და ზრახვათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად.
    სიკვდილი ადამის ცოდვით დაცემის შედეგია. მანამადე ადამიც და ევაც უკვდავნი იყვნენ და მინიჭებული ჰქონდათ თავისუფალი ნება ღვთისადმი მორჩილებისა. აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით მათ დაარღვიეს უფლის მცნება და რამდენიმე ცოდვის ჩამდენნი შეიქმნენ; გამოავლინეს: ამპარტავნება, ურწმუნოება, უმადურობა, ღვთისაგან განდგომა.
    ნეტარი ავგუსტინე წერს: "მათ მოქმედებაში იყო ამპარტავნება, რადგანაც ადამიანმა ღვთის ნების წინ თავისი ნების დაყენება მოინდომა; შეურაცხყოფა სიწმინდისა, რადგანაც არ დაუჯერეს ღმერთს; კაცის კვლა, რადგანაც უფლის გაფრთხილება დაივიწყეს და თავი სიკვდილისთვის გასწირეს; სულიერი გახრწნა, რადგან ადამიანის სულის სისუფთავე გველის რჩევის მიღებით შეირყვნა; ქურდობა, რადგან იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი; სიხარბე, რადგან მოინდომეს იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნოდათ".
    ასე შეილახა პირველი ადამიანის სული გარეგნულად ერთი, მაგრამ სინამდვილეში ბევრისმომცველი ცოდვისგან. გადიოდა წლები, საუკუნეები, მრავლდებოდა ადამის მოდგმა და მასთან ერთად ცოდვა თავისი ათასნაირი სახითა და გამოვლინებით. სულ უფრო და უფრო შეიბილწა პიროვნების შინაგანი სიწმინდე, ის მადლი, რაც მას ღმერთთან აკავშირებდა; სული გაუხეშდა, ცხოველური მიდრეკილებებით აღივსო, დაეცა, ცოდვის მონა გახდა და დაკარგა თავისუფლება ანუ უფლება-შესაძლებლობა, ყოფილიყო უფალი თავისი შინაგანი სამყაროსი, მსგავსად ღმერთისა უბიწო და ძლიერი, მადლმოსილი და უკვდავი მარადიულ ნეტარებაში.
    რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ (იგულისხმება ადამი) შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ" (5,12).
    ეს სიკვდილი ადამიანისთვის იქცა არამარტო ფიზიკურ მოვლენად, არამედ მარადიული სატანჯველის დასაწყისად, რადგან მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებამდე ყველა გარდაცვლილის სული ჯოჯოხეთში მიდიოდა. თვით ისეთმა დიდმა წინასწარმეტყველებმა, როგორებიც მოსე, დავითი, სოლომონი, ილია, ენუქი და სხვანი იყვნენ, იცოდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებდნენ, რადგან მათი პიროვნული სულიერი სისუფთავე არ იყო საკმარისი, დაეძლიათ ცოდვათა ის სიმრავლე, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული.
    იმიტომაც ელოდა მოუთმენლად კაცობრიობა მესიას, რომ გარდაცვლილ მართალთა სულნიც ცხონებულიყვნენ და ცოცხალთაც გახსნოდათ გზა ცხონებისა.
    უფალი იშვა ამქვეყნად, რათა ჩვენს სულებს მისცემოდათ საშუალება, ეკლესიის წყალობით მარადიული ნეტარებისთვის შობილიყვნენ ცათა შინა.
    ეკლესია სხეულია ქრისტესი. მისი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ადამიანის ცოდვათაგან დამძიმებულსა და დასნეულებულ სულს უმკურნალოს. სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
    მაგრამ მარტო ეკლესიაში სიარული არ არის საკმარისი. ამასთანავე აუცილებელია, რომ პიროვნებამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და სიტყვით თუ საქმით სიკეთის თესვას ეცადოს.
    მოციქული ბრძანებს: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს... ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე" (იაკ. 2; 17,26).
    სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიებს ("მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი. ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა").
    ესწრაფეთ სიკეთის ქმნას და ყველაფერი აკეთეთ არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის გრძნობით, არამედ სიყვარულით.
    ერთი იგავი მინდა შეგახსენოთ: სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს სამი მეგობარი არ შორდებოდა; ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მისი მდგომარეობა და ნუგეში ეცათ. ერთმა უთხრა: ნუ გეშინია, ღვთის წინაშე რომ წარდგები, მე შენ სანთელს აგინთებო; მეორე შეჰპირდა, რომ საფლავამდე მიაცილებდა და იგლოვებდა; მესამემ კი ჩასჩურჩულა, რომ არასოდეს განეშორებოდა, საფლავშიც ჩაჰყვებოდა, ღმერთამდე მიაცილებდა და მასთან იქნებოდა განუშორებლად.
    და მოკვდა კაცი, მართლაც მის მიერ დანატოვარი ფულით სანთლები აუნთეს, მეუღლემ სამარის კარამდე გააცილა. მხოლოდ მის მიერ დათესილი კეთილი საქმეები ექცნენ განუყრელ ერთგულ მეგობრად და მეოხად ღვთისა და კაცთა წინაშე. ამიტომაც ბრძანებს ცხრა ნეტარების ერთი მუხლი: "ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან იგინი შეწყალებულნი იქნებიან". ხოლო "მსჯავრი უმოწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება" (იაკ. 2,13).
    მოვიტან კიდევ ერთ მაგალითს მოწყალების დიდი ძალის შესახებ;
    იყო ერთი მდიდარი პურის მცხობელი, სახელად პეტრე. იგი ეკლესიაში არ დადიოდა, ღვთის შიში საერთოდ არ ჰქონდა, დროს განცხრომაში ატარებდა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა. საოცარი იყო, ცხოვრობდა ისე, რომ მოწყალება არასოდეს ჰქონდა გაცემული.
    ერთხელაც იმ მხარის ღარიბ-ღატაკნი ქუჩაში ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. საუბარი მეპურე პეტრესაც შეეხო. ყველამ აღნიშნა მისი საოცარი სიძუნწე. ერთმა გლახაკმა მოულოდნელად იკითხა: რას მომცემთ, რომ შევძლო და დღეს მას მოწყალება გავაღებინოო? გახალისებულმა თანამოსაუბრეებმა მცირედი თანხა შეაგროვეს ჯილდოსთვის.
    გლახაკი პეტრეს სახლისკენ გაემართა. იგი სწორედ იმ დროს მივიდა, როცა პეტრე ჭიშკრიდან გადიოდა პურით დატვირთული. მათხოვარი გულმოდგინედ შეევედრა, დახმარება გაეწია მისთვის და არაფრით არ მოსცილდა, ვიდრე გაბრაზებულმა მეპურემ ბოლოს ერთი პური არ გადაუგდო. გახარებული მათხოვარი თავისი თანამოძმეებისაკენ გაიქცა.
    მალე პეტრე მძიმედ დაავადდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლს ჩვენება ჰქონდა: თითქოს მისი სული სამსჯავროს წინაშე იყო წარმდგარი, სადაც მის საქმეებს განიხილავდნენ. სასწორის ერთ მხარეს მისი ცოდვები იდო, ხოლო მეორეზე – პური, რომელიც მან ცოტა ხნის წინ იძულებით გასცა. პეტრეს სული შიშით ელოდა განაჩენს. მოხდა საოცრება. პურმა გადასწონა და გაისმა ხმა: შეხედე პეტრე, უკეთუ მცირედი სიკეთე მრავალ ცოდვას აღხოცავს, როგორი მაცხოვნებელი იქნება უხვად გაღებული მოწყალება.
    ამ ჩვენების შემდეგ პეტრე მალე გამოჯანმრთელდა. ის მიხვდა, რომ ჩვენება უფლისგან ჰქონდა, რათა მას ცხოვრების წესი შეეცვალა. და მართლაც იგი სრულიად გარდაიქმნა; გახდა საოცრად მოწყალე, სიკეთის მთესველი; მაგრამ მისი სულიერი ზესვლა ამით არ დამთავრებულა.
    ერთხელ პეტრემ ტანსაცმლის სათხოვრად მისულ გლახაკს თავისი საუკეთესო სამოსი აჩუქა. გლახაკმა კი იგი გაყიდა და ფული მოიხმარა. როცა პეტრემ თავისი ჩასაცმელი სხვა კაცზე ნახა, გული დასწყდა.
    მას სიზმარში ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: პეტრე, შენ გლახაკისათვის გაიღე ტანსაცმელი. ნუ ნაღვლობ, რომ იგი სხვას აცვია, რადგან ცათა შინა შენს სამოსს მაცხოვარი ატარებს.
    ასე ნელ-ნელა ადიოდა სრულყოფის საფეხურებზე ეს ერთ დროს მდიდარი ძუნწი, რომელიც შემდეგ დიდი სასულიერო მოღვაწე და მეუდაბნოე გახდა.
    ჩვენი დრო რთული დროა, იმიტომ რომ საცდურნი მეტად მრავალმხრივია, სულიერი ღირებულებანი კი დაკნინებული. ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ბოლო ჟამს მეტად დიდი იქნებოდა ბოროტი ძალის შემოტევა და ადამიანებს ძალზე გაუჭირდებოდათ ჭეშმარიტების გზით სიარული, რადგან ათასგვარ გასართობს და მიწიერ მოთხოვნილებებს აჰყვებოდნენ და ნაკლებად იზრუნებდნენ სულის ცხონებისათვის. მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიათნი გასაჭირისა, აცნობიერებენ ცხოვრებისეულ შეცდომებს და ღვთის იმედითა მისი შეწევნის სურვილით ივსებიან.
    დღეს ბევრი ოჯახი განიცდის დიდ მწუხარებას, ბევრი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, ბევრმა მშობელმა დაკარგა შვილი, ახლბელი, მეგობარი. მრავალ სახლში ტკივილმა სიდუხჭირის სახითაც შეაბიჯა, მათ შორის ისეთ ოჯახებშიც, რომლებიც ადრე შეძლებულებად ითვლებოდნენ. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ტრაგედია, რადგან, როგორც ვთქვით, ეს ყოველივე ბევრისთვის სულიერი ფერისცვალების დასაწყისად იქცა. მართლაც, მრავალმა სხვა თვალით დაინახა სამყარო, სხვა თვალით შეხედა საკუთარსა და თავისი ახლობლების ცხოვრებას, გაეხსნა სულიერი ხედვა დაიწყო ზრუნვა მარადიულო ცხოვრებისათვის. ფრიად სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესს თან დაერთო ჟამი სულიერ ფასეულობათა მსხვრევისა, რაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, თვალნათლივ თუ შეფარულად ხორციელდება. დიდია საშიშროება იმისა, რომ მრავალი ცდუნდეს, რომ ბევრმა ვერ გაარჩიოს ავი და კარგი, რადგან დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კი აღარ უპირისპირდება, არამედ ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს. ნამდვილ თავისუფლებას თვითნებობა და თავაშვებულობა ცვლის, რომელიც ასევე ურცხვად იჩემებს თავისუფლების სახელს. ცენტრიდანული ძალები ცდილობენ დაშალონ ქვეყანა და მისი გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი ძალა გაანადგურონ. დაქუცმაცების ტენდეცია დემოკრატიის სახელით სარგებლობს და ერის დაშლის პროცესს ახალი ცხოვრების აღმშენებლობის პოლიტიკასთან აიგივებს. შეილახა სიწმინდე, ზნეობა, ყველაფერი დიდი ეჭვის ქვეშ დადგა. ამასთან მიმდინარეობს პროპაგანდა ძალადობისა და აღვირახსნილობისა. ბოროტის მანქანებამ თავისი შესაძლებლობები ეკლესიის წიაღშიც გამოავლინა. პირადი ამბიციებით შეპყრობილი, ერისა და სარწმუნოების მოღალატე ადამიანები ცდილობენ დედა ეკლესიის შეურაცხყოფის საშუალებით ხალხის წინაშე სიწმინდისა და სიმართლის დამცველებად წარდგნენ.
    დრო, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ საბრალონი არიან ისინი, რომელნიც გაურკვევლობის გამო სწორ გზას აცდებიან და სამარდჟამოდ დაიღუპებიან.
    ყოფის ასეთ სიმძიმეს ბევრი ვერ უძლებს, განსაკუთრებით კი – სუსტი და ფაქიზი ბუნების ადამიანები. ისინი ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისაგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც არ შესწევს უნარი გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია და ვერ ახერხებს კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი დაინახოს მოვლენის მეორე, სულიერი მხარე, ეუფლება დაუძლეველი დეპრესია და თვითმკვლელობით სულს ეშმაკს უთმობს, ვერ აცნობიერებს რა, რომ ამ ნაბიჯით თავს მუდმივი, აუტანელი სატანჯველისათვის წირავს.
    მე ერთხელ კიდევ ვაფრთხილებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სულიერ შვილებს და საერთოდ ყველას, არ გადადგათ ეს საშინელი ნაბიჯი; თქვენი სულისთვის, თქვენი და თქვენი ახლობლების სიკეთისათვის არ დაუშვათ ბოროტების ზეიმი; ბოლომდე მიიღეთ ცხოვრებისეული გამოცდა; გახსოვდეთ, მწუხარების ჟამს განსაკუთრებულ სულიერ შვებას აუცილებლად პოვებთ ეკლესიაში. გულმხურვალე ლოცვა, აღსარება და ზიარება საუკეთესო წამალია დაჭრილი სულის განსაკურნებლად. საერთოდაც, არცერთი ადამიანი, ვისაც სურს გადარჩეს, არ უნდა დარჩეს ეკლესიის გარეშე. ეკლესია ხომალდია, რომელიც უშიშრად და დაუბრკოლებლად მიაპობს ცხოვრებისეული ოკეანის აზვირთებულ ტალღებს. იგია ერთადერთი საიმედო სიმაგრე. ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა წყალობით ადამიანი იძენს დიდ შინაგან ძალასა და სიმხნევეს, უახლოვდება ღმერთს და ყოველთვის გრძნობს მის არსებობას. ასეთი პიროვნება არასდროს და არსად არ არის მარტო და უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა და სიხარული მუდამ მასთანაა.
    ვინც მიხვდა სიცოცხლის არსს და ღმერთთან სიახლოვე სურს, სიყვარულით უნდა დაემორჩილოს უფალს და დაამყაროს მასთან ლოცვითი კავშირი; შეიყვაროს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და მას შეძლებისდაგვარად დაეხმაროს; უნდა ამაღლდეს ფიზიკური და სულიერი შრომით და მიწიერი სურვილები და ხორციელი მდაბალი მიდრეკილებები დაძლიოს.
    მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება და ღვთისსათნო სულიერი მდგომარეობის აღდგენა.
    უფალი ბრძანებს: ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა (ინ. 8,34). თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები (ინ. 14,16). მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,16). თუ შეიცნობთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ (ინ. 8,32).
    უფალი სულია; ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3,17). თავისუფლებისთვის ხართ ძმანო ხმობილნი, - გვარიგებს მოციქული, - მაგრამ ხორციელი განცხრომისათვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას (გალ. 5,13), რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს ხორცის საპირისპიროდ (გალ. 5,17). ხორცის საქმენი აშკარაა; ესენია: სიძვა, უწმიდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება და სხვანი მისთანანი (გალ.20,21).
    რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო სულში მთესველი სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს (გლ. 6,8). ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღმრთის ნიჭი – საუკუნო სიცოცხლეა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ (რომ. 6, 23).
    წმინდა მამები გვმოძღვრავენ, თუ როგორ განვეშოროთ ცოდვას:
    1) უნდა ვერიდოთ იმ ადგილებს, იმ სიტუაციებსა და ადამიანებს, ვინც და რაც ჩვენში არაწმინდა გრძნობებსა და განწყობილებებს აღძრავს და ცოდვით მიდრეკილებებს გვიმძაფრებს.
    2) მუდამ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, აღდგომა ქრისტესი და მარადიული ცხოვრება.
    3) სულ უნდა გვქონდეს განცდა ყველგან და მარადჟამს ღვთის მყოფობისა.
    4) ყოველდღიურად უნდა ვლოცულობდეთ და ვთხოვდეთ უფალს შეწევნას.
    5) ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ საკუთარ თავზე, ყოველ ჩვენს ქცევაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე, მოქმედებასა და სურვილზე.
    6) ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ზიარების მადლით განვიწმიდოთ.
    7) რეგულარულად უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში და ვკითხულობდეთ სასულიერო წიგნებს, ვშრომობდეთ ფიზიკურად.
    8) უნდა ვესწრაფოთ სულიერ და მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობას, ხოლო ბოროტ და უზნეო კაცთაგან – თავის განრიდებას.
    9) წესად უნდა ვაქციოთ ყოველდღიურად რაიმე კეთილი საქმის კეთება.
    მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან დიდია მათი რიცხვი, რომელნიც ასეთ სიმაღლეებს ვერ სწვდებიან და ცხოვრების მიზნად გაუხდიათ საკვებზე ზრუნვა, გართობა, შვილებისთვის მატერიალური კეთილდღეობის შექმნა, ძალაუფლების მოპოვება და განცხრომით ცხოვრება, ეს კი მათ ცხოველურ დონემდე ამდაბლებს, რადგან ამგვარი ყოფა ინსტინქტებითა და მიწიერი მოთხოვნილებებით განისაზღვრება.
    ასეთ ადამიანებს ოჯახის შექმნა სასურველად იმიტომ მიაჩნიათ, რომ შთამომავლობა იყოლიონ. მათი შვილებიც არსებობენ იმიტომ, რომ გახდნენ მშობლები მომდევნო თაობისა, ეს მომდევნო თაობები - შემდგომი თაობისა და ა.შ. გამოდის, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანები თავიანთი ცხოვრების გამართლებას ოდენ ახალი თაობის დაბადებაში ხედავენ.
    ნუთუ ნებისმიერი თაობა (თუნდაც ნებისმიერი ინდივიდი) არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა?
    ნუთუ პიროვნების, გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები ადამიანების თუ თაობების ცვლას?
    ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისთვის წირავს თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე.
    ვიმეორებთ, ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სოცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
    მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანისთვის საკმარისი არ არის პიროვნული გადარჩენის გზის ჩვენება, აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი ყოფაც.
    ქრისტიანობამ არსებობის ნამდვილი მიზანი უჩვენა საზოგადოების უმაღლეს გამოვლინებას – სახელმწიფოსაც. ქრისტემდე კაცობრიობა ძირითადად მის ორ ტოპს იცნობდა: აღმოსავლურს და დასავლურს (ბერძნულ-რომაულს). აღმოსავლური სახელმწიფო დაფუძნებული იყო მონობაზე და ხელისუფლებისადმი განუკითხავ, სრულ მორჩილებაზე. ბატონობდა პრინციპი: მართალია ის, ვიცნ ძლიერია. დასავლეთშიც სახლმწიფო სტრუქტურას მონობა ედო საფუძვლად, მაგრამ მას თან ერთვოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დაუცხრომელი ბრძოლა გავლენის მოპოვებისათვის. ეს კი აყალიბებდა ცხოვრების ისეთ წესს, სადაც სახელმწიფო კი არ იყო მბრძანებელი, არამედ პოლიტიკურ ძალთა გამაწონასწორებელი საყოველთაო კანონი, რომლის განმახორციელებელიც ხელისუფლება იყო.
    საბოლოო ჯამში ძველ აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა დესპოტური სახელმწიფო, დასავლეთში კი იმპერია, რომელმაც თავისი ყველაზე სრული გამოვლენა რომის სახელმწიფოში ჰპოვა. წარმართული დასავლეთისათვის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა იყო ცხოვრების აზრი და მიზანი, ადამიანური გონისა და სიმართლის გამოვლინება. როცა ეს მიზანი განხორციელდა და რომი ყოვლისმომცველ იმპერიად იქცა, ნათელი გახდა ამ გარეგნული სიდიადის უაზრობა და არარაობა და სახელმწიფომ ლპობა იწყო.
    მაშინ კი მთელი სიმძაფრით დაისვა კითხვა: რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, რა მოგვცა ამან? რა არის სახელმწიფოს არსებობის ნამდვილი მიზანი?
    ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ქრისტიანობამ გასცა. მან დაგვანახა, რომ როგორც მხოლოდ მიწიერი სურვილებით გატაცება დიდი ცოდვა და უაზრობაა, ასევე უაზრობაა სახელმწიფოს ინტერესების შემოფარგლვა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით; დაგვანახა, რომ ხელისუფლებას სურს, არც თვითონ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არც თავისი საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისთვის, მას (ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას) ყოველთვის და ყოველ საქმეში ორიენტირად ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების დამკვიდრებას ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი... ასეთი ქვეყანა ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
    თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.
    ჩვენთან დომინირებს აზრი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია უნდა განუდგეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხალხის სოციალურ თუ კულტურულ ყოფას. ამასთან აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, ქრისტიანული ეთიკით იხელმძღვანელოს და ჩვენს ტრადიციებზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით ეროვნული სახელმწიფო ააშენოს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მსგავსია ადამიანის სულისა და ხორცის ერთობისა, სადაც ორივეს თავისი ადგილი აქვს და მათ ჰარმონიულ ყოფას კეთილგანწყობა და გონიერება წარმართავს.
    დროა, ყველამ გააცნობიეროს ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უცხო რელიგიებისა და ტოტალიტარული სექტების თარეში. ამ რამდენიმე წლის გამოცდილებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ისინი უარყოფენ და შეურაცხყოფენ ჩვენს ეროვნულ გრძნობებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიასა და სიწმინდეთ და ათასობით ადამიანს ჭეშმარიტების გზას აშორებენ.
    მართალია, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქე სულიერი აგრესიისაგან, მით უმეტეს, რომ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ, ანტი სახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
    ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენებია, მაგრამ ქვეყნისთვის საშიში ტენდენციები თავიდანვე უნდა აილაგმოს და ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთოს.
    თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა სწორ აღზრდას და ახალგაზრდობის პრობლემებს. მეტი სითბოს გამოჩენა გვმართებს ინტელიგენციისადმი, მეციერებისა და კულტურის მსახურთადმი, ექიმებისა და პედაგოგებისადმი.
    რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი მისია აკისრია ეკლესიას. ბოლო ოცი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა: გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი და ეპარქიები, გაიხსნა ახალი ეკლესია-მონასტრები, სასულიერო გიმნაზიები, სემინარიები, აკადემიები. გამოიცა ჟურნალები, გაზეთი, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ჩამოყალიბდა საპატრიარქოს ახალი განყოფილებები, გაფართოვდა ეკლესიის მოქმედების სფერო... მაგრამ საქმე კვლავ ძალიან ბევრია. ამ გზაზე იყო დიდი წინააღმდეგობებიც, შეცდომები, უხეში ძალის ჩარევაც, მაგრამ ეკლესიამ გაუძლო დროის სუსხსა და გამოცდას და შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. უფლის შეწევნით ალბათ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რაც არის საწინდარი საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გადარჩენისა.
    ის, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ დღემდე შეძლო, მომავლის რწმენას გვინერგავს და ხვალინდელი დღის იმედით გვავსებს. შორს აღარ არის ის დრო, როცა ჩვენი მწუხარება განქარდება და ყველანი გავიხარებთ ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოს ხილვით.
    ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვიდრნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, უფლის წყალობით კვლავ ღირსნი გავხდით შევგებებოდით დიად ზეიმს – შობის დღესასწაულს. ცაზე კვლავ ბრწყინავს ახალი ცხოვრების მაუწყებელი ვარსკვლავი, ანგელოზნი კვლავ გალობენ ზეციურ საგალობელს და კვლავ თავისკენ გვიხმობს ახალშობილი ყრმა – იესო ქრისტე.
    2000 წლის წინათ მის თაყვანისცემად კაცთაგან პირველნი მიეახლნენ ყველაზე უბრალონი და წრფელნი – მწყემსები და ყველაზე ცნობილნი და ბრძენნი – აღმოსავლეთის მეფენი – მოგვნი.
    მაშ ჩვენც, განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ "მზეს სიმართლისა", მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკვრელის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.
    ქრისტე იშვა, გიხაროდეთ!
    
    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
    
    ილია II
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
    
    ქრისტეშობა
    1997/98 წ.
image
 
თემატური კითხვები