image
ავტორი: ილია II

თემა: შობა


საშობაო ეპისტოლე - 1982

ყოველთა ღვთივკურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრთა საქართველოჲსა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
    
    იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე,
    და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).


    ქრისტესმიერ საყვარელნო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერმონოზონნო, ძმანო და დანო - ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა!
    საშობაო ეპისტოლე მინდა დავიწყო წმიდა პეტრე მოციქულის სიტყვებით: ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკვიდროთ (1 პეტრე, 3,8-9).
    ყოველივე ეს ნაყოფია რწმენისა და სიყვარულისა, ეს ერთადერთი გზაა, რომლისკენაც მოგვიწოდა უფალმა იესო ქრისტემ, რომლის შობას დღეს ჩვენ ზეიმით ვდღესასწაულობთ.
    შობა ქრისტესი - ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა, ესაა დღესასწაული ღვთისა და ადამიანის ერთიანობისა; ესაა დღესასწაული, როდესაც ადამიანმა ღმერთი არა მარტო სულიერად იხილა, არამედ ხორციელადაც; როდესაც კაცობრიობის წინაშე გაიხსნა ზემიწიერი ნათელი ღვთიური გონებისა, იმ გონებისა, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი რთული კანონებით.
    ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი.
    რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.
    ბეთლემს იშვა იესო ქრისტე. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოვანე 1,4-5).
    ეს ღვთიური ნათელია, ნათელი მარადიული სიმართლისა და სიყვარულისა, ჩვენი გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად.
    ყოველი მორწმუნე თუ არა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, არამორწმუნეს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უყურებს.
    III საუკუნის ფილოსოფოსი პლოტინე ამბობს "სული ვერასდროს ვერ დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ იგი თვითონ უნდა გახდეს მშვენიერი და ღვთაებრივი".
    ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდეებისა და დაბრკოლებების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისაკენ, სულიერობისა და ღვთაებრივობისაკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებით, ხან კი სიმდიდრითა და ვნებების დაკმაყოფილებით ცდილობს, ან კიდევ მისი ეპოქის რომელიმე სხვა კერპს მიმართავს.
    სარწმუნოება და სიყვარული განყენებულ და დახშულ იდეებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ეს არის სიცოცხლე მთელი თავისი სისრულით. ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მხარე თავისი მრავალფეროვნებით არის ოჯახი. აქაა ცოლისა და ქმრის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, შვილიერება, აღზრდა და მრავალი სხვა.
    ეპისტოლეში განსაკუთრებით მინდა შევეხო ზემოხსენებულ საკითხს, რადგან ქორწინებისა და ოჯახის საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და ყურადღებით შესწავლას ითხოვს. ამ საკითხზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი.
    ყოველი ერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანობა, შობადობა, გამძლეობა. ოჯახს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ოჯახში ვიბადებით, ვიზრდებით, იქ ყალიბდება ჩვენი ზნეობრივი ნორმები.
    ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამიანების ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მშობლებია.
    ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწინება არ არის მხოლოდ შეუღლება, არამედ შეთანხმება".
    ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2).
    პირველი პირობა ჭეშმარიტად ქრისტიანული შეუღლებისა, თავისუფლებაა. ქორწინება, რომელიც ფიზიკური ან მორალური ძალდატანებით მოხდება, არაკანონიერია.
    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ღვთისაგან დადგენილი საიდუმლოა. ადამისა და ევას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან; აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას... (შესაქმე 1,28).
    უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3).
    მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზისი, სადაც უნდა აღდგეს პიროვნების ღირსება და მიღწეულ იქნას ადამიანთა შორის ჰარმონიული ურთიერთობა, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მთელი ოჯახის, ისე მისი ცალკეული წევრის ინტერესები.
    დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.
    ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე ღრმა და განუკურნებელ ჭრილობას ტოვებს.
    ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს.
    თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3);
    ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
    ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23). მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს (ეფეს. 5,25); ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს (ეფეს. 5,28).
    კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმან იპყრას მეძავი, უგუნურ და არა წმიდა არს (იგავ. 18,23). დედაკაცი მხნე ვინ პოოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდილისათა (იგავთა 31,10). დედაკაცი გონიერი კურთხეულ არს, ხოლო მოშიშნი უფლისანი, ამას რათა აქებდენ (იგავთა 31,30 ). დედათა ბრძენთა აღაშენეს სახლნი, ხოლო უგუნურმან აღმოთხარა ხელითა თჳსითა (იგავთა, 14,1).
    მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან (ებრაელთა 13,4).
    განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია აგრეთვე შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიღებული მასზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა), პირდაპირ მიუთითებს: პატივი უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, რომელ იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ (მეორე სჯულისა 5,16).
    წინასწარმეტყველ მოსეს დროს სასჯელი მკაცრი იყო: რომელმან სცეს მამასა თვისსა, და დედასა თვისსა, სიკუდილითა მოკუდინ (გამოს. 21,17).
    მშობლების პატივისცემაზე მოციქული პავლეც მიუთითებს: შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.
    პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელი ქუეყანასა ზედა (ეფეს. 6,1-3).
    ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა. დედობის ძირითადი ფუნქციის შესრულება განსაზღვრავს მის საერთო სახეს, მის ღირსებას, როგორც ადამიანისას, გამაგრძელებელს კაცთა ნათესავისა. ძნელია გაგება ქალისა, რომელიც გაურბის თავის ძირითად მოვალეობას - დედობას. ასეთ ქალს ეუფლება ეგოიზმი, ზედმეტი სიყვარული თავისი თავისა, სწრაფვა დროსტარებისაკენ, მას ეუფლებიან სხვადასხვა სახის ვნებანი და იმ უნაყოფო ხეს ემსგავსება, რომელზეც სახარებაშია საუბარი. დღევანდელ პირობებში ქალების დიდი ნაწილი დგას პრობლემის წინაშე - იმსახუროს და თან შვილებიც აღზარდოს.
    შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან.
    ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.
    მინდა განსაკუთრებით შევეხო შობადობის რეგულირების საკითხს, რადგან ეს ჩვენი დროის ავადმყოფობად იქცა. ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.
    მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი, ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.
    თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ სულიერი სახე საქართველოსი. შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათთაგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა და სიამაყეს უწოდებენ.
    ბავშვები მომავალია ჩვენი ერისა, მატარებელი მისი სულიერი და კულტურული ფასეულობებისა, ერისა, რომელსაც დიდი ქრისტიანული ტრადიციები და ისტორია აქვს. მაგალითისათვის მინდა მოვიტანო სტატისტიკური მონაცემები: შუა აზიის ოთხი რესპუბლიკა, სადაც ცხოვრობს შედარებით ცოტა - 8,4 პროცენტი საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა, მთელ სახელმწიფოს ახლშობილთა ერთ მესამედს აძლევს.
    ამასთან მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს ერთერთი უკანასკნელი ადგილი უჭირავს.
    ეს ფაქტი სამწუხაროა და დასაფიქრებელი, განსაკუთრებით იმათთვის, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულს სჩადიან.
    მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარავი დანაშაულით გაწყვეტილა. ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.
    მოგმართავთ თქვენ, დედებო! შვილიერება და ბავშვების აღზრდა უდიდესი ღვაწლია, რომელიც ყველა სხვა სამსახურზე მაღლა დგას. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი. გვიჩვენეთ მაგალითი რწმენისა და სიყვარულისა, სიყვარულისა ღვთისა და სამშობლოსადმი. გვიჩვენეთ მაგალითი თავგანწირული დედობისა, იყოლიეთ იმდენი შვილი, რამდენსაც გაჩუქებთ ღმერთი. შვილები თქვენი საყრდენნი იქნებიან სიბერეში და იმედნი ჩვენი ერისა. ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხურვალე სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სამშობლოსი, პატივისცემა სხვა ერებისა და მათი კულტურისა, ყველა ის სიკეთე, რითაც ამაყობდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
    საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულის საშუალებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურების ურთიერთობისა, ფილოსოფიური აზროვნებისა, მწერლობისა და არქიტექტურისა, ფერწერისა და მუსიკისა, ყოველივე ეს მწვავედ იდგა და დღესაც დგას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ თავიანთ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მაღლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ იოანე-ზოსიმემ თქვა, "ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს".
    ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშმარიტებას და წუხდნენ, როცა ვერ პოულობდნენ მას. ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლისა. სწორედ ამ სიმართლეს მივყევართ დღეს წინ და გვეძახის არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,31).
    ამრიგად, ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა, ერთგულება ხალხისა და სამშობლოსადმი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ადამიანი "ცხოვრების გვირგვინს". იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).
    როგორც ადამიანის სხეულის ორგანოები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას და ერთმანეთს ავსებენ, ასევე სხვადასხვა ღირსების პიროვნებები ურთიერთდახმარებას საჭიროებენ.
    ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სიყვარული. ესაა კაცობრიობის წყურვილი. ჩვენ მოწმენი ვართ მსოფლიოში თერმობირთვული ომის რეალური საშიშროებისა. ჩვენ უნდა ჩვენზე დამოკიდებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და შევქმნათ პირობები შრომისმოყვარე მშვიდობიანი ცხოვრებისათვის, რათა მსოფლიო კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.
    აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა (2 პეტრე 3,18).
    ქრისტიანობა რელიგიაა მშვიდობისა, სრულყოფილი სიყვარულისა და მარადიული სიხარულისა. ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს.
    ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს ჭეშმარიტი ღვთის მსახური და აქედან გამომდინარე მშვიდობის, სიყვარულისა და თავისუფლების თანამოზიარე.
    აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგვააზნაურნა, მტკიცედ დეგით... (გალატ. 5,1).
    მადლი უფლისა ჩუვნისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ამინ! (ფილიპ. 4,23).
    ქრისტეს შობა.
    თბილისი, 1981-1982 წწ.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები