image
ავტორი: ილია II

თემა: მშვიდობა,  სიყვარული,  აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 1981

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა - წმიდა სინოდის წევრთა, მოძღვართა,
    ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი,
    წმიდა და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა
    და მცხოვრებთა მის საზღვრებს გარეთ

ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლის იყვნეთ.
    (იოანე, 12, 36)

ძვირფასნო და ღვთივგანბრძნობილნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, კურთხეული ივერიის კურთხეულნო შვილნო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!
    ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.
    პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვრალ კაცობრიობას მიმართა, იყო "გიხაროდენ!" სწორედ ეს სიხარული წყურია თანამედროვე ადამიანს. ამიტომაც მე დღეს ღვთიური მადით აღვსილი, თქვენც ამ სიხარულს გიზიარებთ.
    გიხაროდეთ!

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

რა არის მიზეზი ჩვენი დღევანდელი სიხარულისა? მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დღეს ყოველდღიური საზრუნავი დავივიწყეთ, მივუტევეთ ერთმანეთს ყოველგვარი წყენა და ჩვენი შინაგანი ტაძარი იმისათვის განვიწმიდეთ, რომ მასში აღდგომილი უფალი - წყარო სიყვარულისა და სიხარულისა მივიღოთ. დღეს ქრისტე განსაკუთრებითაა ყოველ ქრისტიანში და ყოველი ქრისტიანი ქრისტეში, რისი მიზეზიც სიყვარულია. ღვთიური და თქვენი სიყვარულით მადლშემოსილი გულითადად გილოცავთ მარადიული სიყვარულის დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
    დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
    წმიდა აღდგომის დღეს ჩვენ შინაგანი მშვიდობა მოგვენიჭა. ეს დიდი მადლია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
    დღეს მიწყნარდნენ ჩვენი ვნებები და გვესმის მაცხოვრის სიტყვები: მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ (იოანე 14, 27). ამ არამიწიერი მშვიდობით გამთბარი კვლავ გილოცავთ ზეციური და მიწიერი მშვიდობის დღესასწაულს და ვხმობ:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

აღდგა წყარო ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, წყარო სილამაზისა და სიკეთისა.
    ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს; ხშირად ჩვენი შინაგანი სამყაროს ცენტრში წარმავალ ღირებულებებს, ეგოისტურ მისწრაფებებს ვაყენებთ და სრულიად არ ვუთმობთ ადგილს სულს.
    ამქვეყნიური ცხოვრება - ძვირფასი ნიჭია, რომელიც ღვთისგან გვაქვს მომადლებული. ჩვენ კი მას ხშირად უაზროდ და უდარდელად ვატარებთ. ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.
    ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება.
    სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რაშია აზრი ცხოვრებისა? ცისა და დედამიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირში, ჩვენს მხურვალე და წრფელ რწმენაში.
    ცდებიან ისინი, რომელთაც მტკიცებანი სჭირდებათ თავიანთი რწმენისათვის. რწმენა თავისუფალი არჩევანია. და იქ, სადაც თუნდაც დაფარული სურვილია სარწმუნოების მტკიცებისა - არ არის რწმენა. ამ შემთხვევაში ჩვენ რწმენისათვის ადგილს აღარ ვტოვებთ, არამედ გვაქვს მხოლოდ ცოდნის სურვილი. რწმენისათვის უარყოფითი პოლემიკა საშიში არაა, არც მისი გამოცდაა საშიში გონებითა და ცოდნით. მრავალი ასეთი გამოცდა გადაუტანია მას საუკუნეების მანძილზე და ახლაც გადააქვს. მისთვის საშიშია სისუსტე ჩვენი სულისა, ინდიფერენტულობა, უნებისყოფობა. მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნონი არსებობენ.
    ყველასი და ყველაფრის შემაკავშირებელი სიყვარულია, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. 8. სიყუარული არასადა დავარდების (1 კორინთელთა 13,4-8).
    ეს ჭეშმარიტად სიყვარულის ჰიმნია, რომელიც ყოველი ადამიანის მამოძრავებელი საწყისი უნდა იყოს. სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.
    განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს. ე.ი. ყველა ყველასათვის პასუხს აგებს და ყველა ყველასათვის იტანჯება.
    როგორც ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სიყვარული ღვთისკენ აღმყვანელი გზაა". ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი ასე განგვიმარტავს: "ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი".
    ღვთის სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებულია ყოვლისმომცველი სიყვარული მამისა, თავშეწირული სიყვარული ძისა და განმანათლებელი სიყვარული სულისა წმიდისა, კაცობრიობა შვილის სიყვარულით უნდა პასუხობდეს. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: უკეთუ ვინმე თქვას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თჳსი სძულდეს, მტყუარ არს... (1 იოანე 4,20).
    შესანიშნავია წმიდა ისიდორე პელუსოიტის სიტყვები: "თუმცა სიყვარული ღვთისადმი დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ძვირფასია შეერთება სიყვარულით მოყვასისადმი. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა შეიყვარო, საჭიროა საკუთარი თავი, ეგოიზმი და სიამაყე დაძლიო".
    ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს, როდესაც ჩვენ უხვად ვასაჩუქრებთ ერთმანეთს სიხარულითა და სიყვარულით, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქორწინების საიდუმლოების სიდიადე, რომლისადმი დამოკიდებულება დღესდღეობით შესუსტებულია.
    ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში. ქორწინება დაურღვეველია. მაცხოვარი ამბობს: რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ (მარკოზი 10,9). არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც მითუმეტეს ქალს, მეუღლეობისას ერთმანეთზე აბსოლუტური უფლება არა აქვთ. ძალდატანება, თუნდაც სიყვარულით გამოწვეული, კლავს თვით სიყვარულს; იბადება კითხვა: საჭიროა თუ არა დამორჩილება იმ ძალდატანებისადმი, რომელშიც ყველაზე უძვირფასესის დაკარგვის საშიშროება იფარება? უმეტესი რაოდენობა უბედურ ქორწინებათა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე თავს იმის მესაკუთრედ თვლის, ვინც უყვარს. უდიდესი სიბრძნეა ქორწინებისა - მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლო ადამიანის სრული შეცნობა. დაქორწინებამდე ადამიანი ღრმად ვერ შეიცნობს ცხოვრებას, უყურებს მას შორიდან და მხოლოდ დაქორწინებისას შედის ცხოვრების სიღრმეში მეორე პირის მეშვეობით, რაც მას უფრო მდიდარს და ბრძენს ხდის.
    ეს ორთა სისრულე უფრო ღრმავდება ბავშვების დაბადებით. ბავშვში ადამიანი ხედავს თავის სახეს, ჩვევებს, მიდრეკილებებს. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სრულყოფილი მეუღლენი შობენ სრულყოფილ ყრმას, რომელიც შემდეგ განაგრძობს განვითარებას სრულყოფის კანონით. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება და წინააღმდეგობაა, მაშინ ბავშვიც, ნაყოფი ამ განხეთქილებისა, მას კიდევ უფრო აღრმავებს. ასეთია გენეტიკის კანონი. ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი, მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა. ბავშვების აღზრდისას უმთავრესია მშობლების მაგალითი, - მათი შინაგანი ცხოვრება, სიმართლე და ჭეშმარიტება.
    ცნობილმა ფილოსოფოსმა და დიდმა ღვთისმეტყველმა მამა პავლე ფლორენსკიმ, რომელიც თბილისში აღიზარდა, სამაგისტრო დისერტაციის დაცვისას თქვა: "ჭეშმარიტება თვით ყალიბდება ჭეშმარიტებად. ეს თვითჩამოყალიბებული ჭეშმარიტება გამოიხატება სიტყვით - ერთარსება. ამგვარად, სამების დოგმატი რელიგიისა და ფილოსოფიის საერთო ფუძედ იქცევა". ერთარსების ფილოსოფიისათვის შეუძლებელია იყოს განხეთქილება სიტყვასა და საქმეს, ლოცვასა და ღმერთს, რწმენასა და ცხოვრებას, რწმენასა და სიყვარულს შორის. ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია, უხეშად მატერიალური, დროებითი, იქ სრული გულგრილობაა.
    დრო ჩვენთვის ღვთისაგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს რომელიც არა იმისათვის მოგვემადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
    ძალების მაქსიმუმის დახარჯვისას ჩვენ კი არ ვუძლურდებით, არამედ მის წყალობას ვამრავლებთ.
    მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შესანიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლე ტომთა შთამომავალნი, რომელნიც აღავსებდნენ სამყაროს გასულ საუკუნეთა მანძილზე? სად გადაიკარგნენ ისინი, ვინც არსებობდა წარსულში? ისინი მიედინებოდნენ მდინარის მსგავსად და გაუჩინარდნენ მარადისობის შესართავში. ყოველი მზის ჩასვლისას იღუპება ნაწილი კაცობრიობისა; ყოველი ღამე თავისი წყვდიადის საბურველში დედამიწის მრავალ მკვიდრს წარიტაცებს, მაგრამ ადამიანი მთელი თავისი არსებით ისე უზრუნველად შეზრდია დედამიწას, თითქოს ერთმანეთს არასოდეს გაეყრებიან.
    ვაი თქვენდა ბაბილონო და ტროა! ერთ დროს ძლიერნო და დიდებულნო, თქვენ აღარ ხართ! თქვენს ბედისწერაში ვკითხულობ ხვედრს იმ სახელმწიფოთა, რომელნიც ამჟამად მსოფლიოს ყურადღებას იქცევენ".
    დასასრულ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო მასზე, რომ დღესდღეობით მთელი მსოფლიო ეძიებს სხვადასხვა სარწმუნოების, კულტურისა და იდეოლოგიების მქონე ადამიანთა შორის დაახლოების გზებს. მთელი კაცობრიობა ჩაბმულია სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. არსებობს ურთიერთდამოკიდებულება ადამიანთა და გარემომცველ გარემოს შორის.
    დადგა დრო - როცა ომებს აღარ შეუძლიათ გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომელნიც ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებობენ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მსოფლიოში წამოქმნილ კონფლიქტებს და მათ შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირებს, შეიძლება დავინახოთ, თუ როგორ ნათლად გამოხატავენ ისინი იმ ადამიანთა ხასიათის თვისებებს, რომელთა წიაღშიც ან რომელთა ნებითაც ეს ომები აღმოცენდებიან; ეს ვლინდება ნებისმიერი მასშტაბის მოვლენებში - პირადი იქნება ეს თუ ოჯახური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო. ადამიანი თავისი თავისუფალი ნებისყოფით ირჩევს ორიდან ერთს - სიკეთეს ან ბოროტებას.
    დღეს იმდენად გამწვავებულია საერთაშორისო მდგომარეობა, რომ მსოფლიო მშვიდობას საფრთხე ემუქრება. ასეთ ვითარებაში საეკლესიო მოღვაწეებმა და ეკლესიის გარეშე მდგომმა ადამიანებმა, თავიანთი შესაძლებლობები მსოფლიო კატასტროფის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის უნდა გააერთიანონ.
    ის, რაც საერთო ძალების გზით იქნა მიღწეული ჰელსინკის კონფერენციაზე, მთლიანად უნდა გატარდეს ცხოვრებაში. დღეს ჩვენი წმიდა ეკლესია განსაკუთრებით გულმხურვალედ აღავლენს ლოცვებს ქვეყნის შემოქმედისადმი მშვიდობისა და კაცობრიობის გადარჩენისათვის.
    ამ წმიდათაწმიდა და ნათლითშემოსილ წმიდა პასექის დიდებულ დღესასწაულზე, ჩვენი გონებისა და გულის წინაშე ვლინდება საიდუმლო ძალა ყოვლისმძლეველი ღვთაებრივი სიყვარულისა. დღეს შუქმოსილი სხივები ქრისტეს აღდგომისა ანათებენ მთელ სამყაროს, აღდგომილ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს.
    უფალო, ჩვენ გვესმის ხმაჲ შენი: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, ნუ შესცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა (ესაია 41,10).
    სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე, და სჯული შენი ჭეშმარიტ (ფს. 118, 142).
    მადლი, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა.
    ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
    აღდგომა ქრისტესი.
    თბილისი, 1981 წ.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
 
თემატური კითხვები