image
image
1
2
Loading..
image

თემა: დემონი

519. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა მოვიქცე მაშინ, როდესაც უძლურება არაერთგვაროვანია და ბუნებისა და დემონებისაგან წარმოსდგება? უპირველეს ყოვლისა, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.ვისაც გამარჯვება სურს, ის საკუთარ თავს მარხვისა და მღვიძარებისთვის, ან ნებისმიერი სხვა საქმისთვის ცოტაოდენს აიძულებს. მაგალითად: თუ ვინმე, ჩვეულებრივ, მეცხრე საათამდე არაფერს ჭამს, მაგრამ უძლურება მოითხოვს, რომ საჭმელი მესამე საათისთვის იხმიოს, მაშინ დაე თავი აიძულოს და მეექვსე საათამდე მოითმინოს; მღვიძარების საკითხშიც ანალოგიურად მოიქცეს; მაშინ იძულება ეშმაკისეულ მოქმედებას შეებრძოლება, ხოლო თანაგრძნობა უძლურ სხეულს დაეხმარება. ზუსტად ასევეა სხვა შემთხვევებშიც. და თუ ორ დღეს გონივრული განსჯით და ღვთის შიშით ასე გავატარებთ, მაშინ ღმერთი ჩვენს უძლურებას ყველაფერში შეეწევა. ილოცე ჩემთვის.
link
image

თემა: დემონი

402. შეუძლიათ თუ არა დემონებს, ვინმეს რაიმე კეთილი აუწყონ? რით მჟღავნდება, რომ ეს სიკეთე დემონისგანაა და რით განსხვავდება ის საღმრთო სიკეთისაგან?ზოგიერთს ეჩვენება, რომ სიკეთეს იხვეჭს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტისაგან იხიბლება. ეშმაკისაგან მომდინარე, ყველანაირი სიკეთე ადამიანს ხიბლავს და თუ ზუსტად გამოვიკვლევთ, მოჩვენებითი აღმოჩნდება, რამეთუ ეშმაკი ცრუა და მასში არაა ჭეშმარიტება (იოანე 8, 44); და ამას (ამ მოჩვენებით სიკეთეს), შედეგი ადასტურებს. მოციქულის სიტყვის თანახმად, მისი სინათლე სიბნელით მთავრდება, რომელიც ეშმაკის მაცნეებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი სიმართლის მსახურთა სახეებს ღებულობენ: „რომელთაი აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ“ (2 კორ. 11, 15); და მაცხოვარიც ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). თუ გონივრულად და განსჯის მოხმობით გამოიკვლევ, ნახავ, რომ ეშმაკისაგან მომდინარე მოჩვენებით სიკეთეს, სიკეთის არანაირი კვალი არ ატყვია, და მასში ან პატივმოყვარეობა, ან შფოთი, ან რაიმე მისი მსგავსია; ღვთის სიკეთე კი ყოველთვის სინათლეს და გულის სიმდაბლეს გვანიჭებს და ადამიანს ამშვიდებს. ხოლო, როდესაც უმეცრებით, ეშმაკის ხიბლი რაღაცით დაგვაზიანებს და ამის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს განსაცდელია, მაშინ საკუთარ თვს უნდა მოვუწოდოთ და ღმერთს შევუერთდეთ, რათა მან აგვარიდოს ეს განსაცდელი. და უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ასეთ განსხვავებას დასაწყისშივე ამჩნევს; ცოდვილები კი ამას განსაცდელის დამთავრებისას ხვდებიან, მსგავსად იმისა, როგორც დახელოვნებული ოქრომჭედელი, ოქროს ხელში აღებისთანავე, ანუ ცეცხლში გამოცდამდე ხვდება როგორია იგი, გამოუცდელი კი ამას მანამ ვერ გაიგებს, სანამ ღუმელში არ გამოსცდის.
link
image
image
1
2