ყველასათვის ლოცვა ღმერთს მუდამ ესმის, მაშინ, როცა უქმი მეტყველებისაგან მუდამ პირს მიიქცევს, თუნდაც სულიერი გვეჩვენებოდეს იგი. რადგან, მამათა მიხედვით, უქმი მეტყველება, უმთავრესად, დროის გატარებაა ლაპარაკში, როცა საკუთარ სიტყვებს საქმით არ აღასრულებ
ერთი უქმი სიტყვის თქმა რა დიდი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვისაც პასუხს მისცემს კაცი ღმერთს. ჩვენ კი, ვინ იცის და ვინ დათვლის, რაოდენ უქმს, უსარგებლო სიტყვას ვიტყვით ყოველს საათში, არა თუ ყოველ დღეს. რისთვის? მისთვის, რომ არაფრად მიგვაჩნია ეს ცოდვა, მცირე ცოდვადაც არ მიგვაჩნია იგი.
ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: "ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მატე 12, 36).
153. თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება, თავისი თავი ჩათვალოს დამნაშავედ ამგვარ ფუჭსიტყვაობათა გამო თუმცა, შესაძლოა, არა ამჟამინდელი, არამედ ძველი ვალებიდან გამომდინარე (იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ძველად თვითონაც ამგვარი ადამიანი იყო და ბოლომდე ვერ აღმოფხვრა თავის თავში ფუჭსიტყვაობის, ამაოდმეტყველების ადრინდელი საცთური).
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვაგვარად იქცევა. როცა გამწყრალია, აღკვეთს აღშფოთების მიზეზებს და თავისუფლდება ძმებზე წყრომისაგან, ავხორცობის მოძალებისას კი თავს იკავებს გულისთქმათა და უქმი მეტყველებისაგან.
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები, უმეტეს შემთხვევაში, შხამიანები და მომაკვდინებლები არ არიან, მაგრამ განა მოისურვებდი, მათით სავსე სივრცეში ცხოვრებას, სადაც ისინი განუწყვეტლივ თვალებში გეჩხირებიან, ყურებში გიბზუიან, გიფორიაქებენ გონებას და გაყენებენ ასეულობით არამომაკვდინებელ ჭრილობას?
185. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა აზრისმიერი გაზრახებანი (ე.ი. შინაგანი საუბრები), ასევე გარეგანი შეხვედრები და ფუჭმეტყველებანი, ხოლო ისინი, რომლებიც უკუმიაქცევენ საზიანოს გონებისას, ვალდებულნი არიან მოიძაგონ ფუჭმეტყველების მოყვარული ადამიანებიც და გულისზრახვებიც, ორივენი ერთად, უაღრესად კეთილგონივრული და საღვთო მიზეზის გამო; რათა არ მოხდეს ისე, რომ დაბნელდეს გონება და მოუძლურდეს მღვიძარებაში, ვინაიდან ჩვენ, დავიწყებისგან (ღვთის დავიწყებისგან) დაბნელებულნი, გონებას წარვიწყმედთ.
როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი უადგილო სიცილი ღვთის ნების საწინააღმდეგო არაა? მაშინ, როდესაც განკაცებული უფალი ჩვენი არა მხოლოდ არასოდეს იცინოდა, არამედ გარდა ამისა, ოთხჯერ იტირა კიდეც და თავის სწავლებაში თქვა: "ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით" (ლუკა 6, 25). ბასილი დიდი თავის კანონებში მონაზონთა შესახებ განსაზღვრავდა ერთკვირიან უზიარებლობას სიცილისათვის, უადგილო საუბრებისათვის ანდა სახუმარო სიტყვებისათვის: "თუ ვინმე ენამახვილობს ანდა უადგილოდ იცინის, ერთი კვირით უზიარებელი იყოს".