გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - რადგან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა (ეფეს. 5.16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე. ამიტომაც მთავარი ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს ზრუნვა ამ წამის ღირსეულად შეხვედრისათვის.
უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები, რათა გაიხსნო უფალი, საიდუმლოდ აღამაღლე მის წინაშე გული და აზრი, ღვთისმოსავი მადლიერებით, და თუ ამაში ყურადღებითა და მუდმივად იმეცადინებ, საკუთარ თავში აღმოაჩენ იმას, რაც ფსალმუნში წერია: "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი" (ფს. 76, 4).
დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესურვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ, რომ დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვეზრუნა, ისევე ძვირფასია, როგორც – თავად სამოთხე.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
შეიძლება მართლმადიდებელმა ადამიანმა მოწყენილობისაგან ითამაშოს კარტი (აზარტის გარეშე)? შეიძლება წავიდეს მასობრივ სანახაობაზე?
წმიდა იოანე ოქროპირი ბევრს საუბრობდა სანახაობების წინააღმდეგ. მის მოყვარულთ განკვეთითაც კი ემუქრებოდა. მორწმუნეს მოსაწყენად არ სცალია. მას ცხონების საქმეები აქვს - ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა, ღვთის ტაძარი, სასარგებლო შრომა; დროის უქმად გატარების გამო კი ადამიანი ღვთის წინაშე პასუხს აგებს.