image
image
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: ღმერთზე მინდობა

539. ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა მისთვის მდუმარება თუ არა?თუ ღვთის გზაზე სვლა გსურს, პატივს ნუ ეძებ. რა არის ღვთის გზა, თუ არა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ყველაფერში საკუთარი ნება მოიკვეთოს და საკუთარი თავი უკანასკნელად და ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს. ასეთი ადამიანი ამ გზით სიარულს შეძლებს, რადგანაც იცის, რომ ვინც საკუთარ ნებას არ უარყოფს და სასოებას უფალზე არ დაამყარებს, ამას ვერ გააკეთებს. ამ ადამიანზე სახარების სიტყვა აღსრულდება: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ“ (მათე 7, 7). ამაში მდგომარეობს ცხოვრება და ცხონება. მოისურვე მისი მოპოვება, რამეთუ ამის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ძმაო! ნუ გაალანძღვინებ თავს ეშმაკს.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

692. კალია ყანებს მინადგურებს და თუ გავდევნი, მეზობლებთან დავა მომიწევს, ხოლო თუ დავტოვებ, დავზარალდები. როგორ მოვიქცე?წმინდა წყალი აიღე და ყანას ასხურე. თუ მათი განდევნა ან დაფლვა მშვიდობიანად და დავის გარეშე შესაძლებელია, მაშინ ეს ცოდვა არაა. ხოლო თუ ამას კამათი მოჰყვება, მაშინ შენი სულის სარგებლისათვის საქმე ღმერთს მიანდე და რაც მოხდება, ის ღვთის ნება იქნება.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

751. აზრი საჭირო სახსრების უკმარისობას წარმომიდგენს და ჩამაგონებს, რომ სახლეულობის გამოკვებას ვერ შევძლებ და ამის გამო სევდა მაწვება. რას ნიშნავს ეს?ეს ადამიანური წუხილია. ჩვენ რომ ღვთის იმედი გვქონდეს, მაშინ ის თავად წარგვიმართავდა ცხოვრებას თავის ნებისაებრ. ასე რომ: „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 22), და მას აქვს ძალა, რომ შენ და შენს სახლეულობას, რაც საჭიროა, ყველაფერი წუხილისა და მწუხარების გარეშე მოგაწოდოთ. უთხარი უფალს: „იყავნ ნება შენი“ და ის არ დაგტოვებს წუხილსა და გასაჭირში. დაე, უფალმა შეგიწყალოს და მისმა მარჯვენამ დაგიფაროს, ამინ.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?თუ ადამიანი საზიანო საჭმელებისაგან თავს კეთილგონივრულად შეიკავებს, ეს ცოდვა არაა. ხოლო ვინც ყველაფერს, რაც შეხვდება, ღვთის გულისათვის, განურჩევლად ჭამს და არ ზრუნავს სხეულის დაზიანებაზე, ასეთი ადამიანი პირველს აღემატება, თუ რა თქმა უნდა, ქედმაღლობის ვნებით არ იძარცვება. საერთოდ, უნდა ვუფრთხილდეთ, რაღაც ვნებით არ შევჭამოთ, რამეთუ ეს უკვე მარცხია და საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. ჯანმრთელობა და სხეულის ტანჯვა ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც თქვა: „მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან“ (რჯლ. 32, 39). მაშასადამე, თუ ღვთისთვის სათნოა, ჯანმრთელობა ექიმის მეშვეობით გვეგზავნება, ანდა უფლის ერთი სიტყვით. ტანჯვის ხანგრძლივობაც ღვთის განჭვრეტის საქმეა, და ამიტომ მათ, რომელთაც ღმერთს საკუთარი თავი სრულად მიანდეს, აღარ ზრუნავენ არაფერზე. ღმერთი იმას უგზავნის, რაც მას ესათნოება და რაც მათთვის სასარგებლოა. მაშასადამე, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეუძლია ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, როგორც სწამს.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

393. ვინაიდან, არცთუ იშვიათად, დავიწყება ჩემი მრავალი შეცოდების ხსოვნას მინადგურებს, ხოლო ზოგჯერ კი საერთოდ არ მახსენდება ისინი, ამიტომ გეკითხები: როგორ მოვიქცე?არიან უწინგური ადამიანები, რომელთაც ერთგული გამსესხებლები ჰყავთ და რადგან სრულიად ენდობიან მათ, ამიტომ როცა რაიმე ავიწყდებათ, ასე მიმართავენ მათ: ჩვენ იმდენს გადავიხდით, რამდენიც თქვენი ანგარიშით გვმართებს. ასევე შენც, ღმერთზე უფრო საიმედო გამსესხებელს ვის ნახავ, რომელმაც ისიც კი იცის, რაც ჯერ არ მომხდარა. ამრიგად, მას მიანდე შენგან დავიწყებული შეცოდებების ანგარიში და უთხარი მას: მეუფეო! ვინაიდან საკუთარი ცოდვების დავიწყებაც ცოდვაა, ამიტომ მე ყველაფერში შეგცოდე მხოლოო გულთამხილავო. შენი კაცთმოყვარებით შემინდე მე ყველაფერი, რადგან ცოდვილებს მათი ცოდვების მიხედვით რომ არ უზღავ, სწორედ ამით მჟღავნდება შენი დიდების ბრწყინვალება, რამეთუ უკუნისამდე დიდებული ხარ, ამინ.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

437. ვისაც სურს თავის საკუთრება კეთილგონივრულად გაანაწილოს და ღვთის ნებისაებრ სხვას გადასცეს, მაგრამ მამებისაგან დარიგების მიღების საშუალება არა აქვს და არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ ილოცოს?დაე, ასე ილოცოს: „უფალო, მე შენს ხელთა ვარ, შენ იცი რა არის ჩემთვის სასარგებლო, დამარიგე შენი ნებისამებრ და ნუ დაუშვებ, რომ დაბნეულობაში ჩავვარდე და ბოროტად გამოვიყენო საკუთრება; ის შენ გეკუთვნის და შენ განაგებ მას. ამიტომ ისე მოაგვარე მეუფეო, რომ ეს შენი შიშით აღვასრულო, ვინაიდან შენ გშვენის საუკუნო დიდება, ამინ.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?თუ ადამიანი საზიანო საჭმელებისაგან თავს კეთილგონივრულად შეიკავებს, ეს ცოდვა არაა. ხოლო ვინც ყველაფერს, რაც შეხვდება, ღვთის გულისათვის, განურჩევლად ჭამს და არ ზრუნავს სხეულის დაზიანებაზე, ასეთი ადამიანი პირველს აღემატება, თუ რა თქმა უნდა, ქედმაღლობის ვნებით არ იძარცვება. საერთოდ, უნდა ვუფრთხილდეთ, რაღაც ვნებით არ შევჭამოთ, რამეთუ ეს უკვე მარცხია და საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. ჯანმრთელობა და სხეულის ტანჯვა ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც თქვა: „მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან“ (რჯლ. 32, 39). მაშასადამე, თუ ღვთისთვის სათნოა, ჯანმრთელობა ექიმის მეშვეობით გვეგზავნება, ანდა უფლის ერთი სიტყვით. ტანჯვის ხანგრძლივობაც ღვთის განჭვრეტის საქმეა, და ამიტომ მათ, რომელთაც ღმერთს საკუთარი თავი სრულად მიანდეს, აღარ ზრუნავენ არაფერზე. ღმერთი იმას უგზავნის, რაც მას ესათნოება და რაც მათთვის სასარგებლოა. მაშასადამე, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეუძლია ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, როგორც სწამს.523. ამიხსენი, რას ნიშნავს: „როგორც სწამს“?თუკი ღმერთმა მართალთათვის ყველანაირი საჭმელი აკურთხა და განსწმიდა, მაშინ ადამიანმა რაც შეხვდება ან რასაც შესთავაზებენ, მადლიერებით უნდა ჭამოს, და ოდნავადაც არ უნდა დაეჭვდეს (1 ტიმ. 4,4), რამეთუ ნაკურთხი და წმინდა არავის ვნებს; მას მხოლოდ საკუთარი სინდისი და ეჭვი თუ დააზიანებს, რამეთუ როდესაც ის ფიქრობს, რომ საჭმელი საზიანოა, მაშინ მერყევი რწმენის გამო ზიანდება და სნეულებაც უძლიერდება. და თუ სწამს იმისი, „ვინც მოჰვლიდა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის“ (მათე 4, 23), მაშინ იმაშიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას, ხორციელ სნეულებებთან ერთად, ადამიანის სულიერი სნეულებების განკურნების ძალაც აქვს. ხოლო თუ ეჭვობს, მაშინ არ გაეკაროს იმას, რაც მას აზიანებს, და საკუთარი თავი იმისათვის განიკითხოს, რომ ვერ იტვირთა ეს, აზრმა დაამარცხა და მტკიცე რწმენა არ აღმოაჩნდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ საჭმელი ვნებით არ შეჭამოს, რამეთუ სხვაგვარად სულსაც დაიზიანებს და სხეულსაც.524. თუკი ვინმეს სწამს, რომ არ დაზიანდება, მაგრამ ავადმყოფობას მაინც შეიგრძნობს, რა უნდა იფიქროს, ურწმუნოებაში რომ არ ჩავარდეს?თუ ადამიანი რწმენით შეჭამს და ავადმყოფობას იგრძნობს, მაშინ ის ეჭვს არ უნდა აჰყვეს, ვინაიდან ღმერთმა იცის, რომ ავადმყოფობა მას მრავალი სულიერი ვნებისაგან იხსნის, და ამიტომ ასეთ ტანჯვაში ტოვებს. მაშინ მან მოციქულის სიტყვა გაიხსენოს, რომელიც ამბობს: „რაჟამს მოვუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ (2 კორ. 12, 10) და ნუ იფიქრებს, რომ ეს მას თითქოსდა მავნე საკვებისაგან დაემართა. არამედ ეს ღვთის დაშვებაა; ვინაიდან, მას ისიც რომ ეჭამა, რაც კარგი და სასარგებლო ჩანს, ღვთის ნების გარეშე, მაინც ვერ მოუტანდა სარგებელს.525. თუკი რწმენაა საჭირო, მაშინ აბბა ისაიამ რატომ თქვა: როდესაც ტრაპეზზე შემოთავაზებული საჭმელი შენთვის საზიანოა, აიძულე თავი და არ შეჭამო ის. ე.ი. რწმენის მიუხედავად ის ზიანდებოდა?აბბა ისაიამ ეს იმ სქოლასტიკოსს უთხრა, რომელიც სხეულით ჯანმრთელი იყო და ყველაფრის ჭამა შეეძლო, რომ მას პირადი ნება მოეკვეთა. დაე, უფალმა შეგიწყალოს და გაგაძლიეროს, შვილო!
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრსიტე იყოს შენს სულთან, ამინ.834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

464. თქვენ გვასწავლით, რომ თუ ყველაფერს ღმერთს მივანდობთ კარგია, რამეთუ ეს ადამიანს შფოთისაგან იცავს, ჩემისთანა უძლური კი, როდესაც ხედავს, რომ რაიმე ნივთი შეიძლება ტყუილუბრალოდ დაკარგოს, შფოთავს; ან სულგრძელების გამოჩენის მიზეზით დუმს, ხოლო შემდეგ ნანობს, რომ თითქოს თავის სულგრძელების გამო, თვითონ გახდა იმ ნივთის დაკარგვის მიზეზი. რა არის აქ უმჯობესი? როგორ მოვიქცე, რომ ამაში წარმატებას მივაღწიო და როგორ ვიაზროვნო, შფოთს თავი რომ დავაღწიო?უფალმა თქვა: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). ესეც იმ სხვადასხვა განსაცდელთა რიცხვს მიეკუთვნება, რისთვისაც ადამიანს უნდა უხაროდეს. და თუ უძლურია და ვერ ითმენს, ანუ თუ ნივთის დაკარგვას განიცდის და ღვთის ნებას ვერ ანდობს მას, მაშინ უნდა იბრძოლოს და პირველ რიგში საკუთარ თავს უთხრას: „ყურადღებით იყავი და ნუ შფოთავ; ღმერთს თუ ნივთის შენარჩუნება ნებავს, ის შენარჩუნდება. მაშინ, რაც უნდა დაემართოს ნივთს, ადამიანი მას მადლიერებით შეხვდება, რამეთუ მარტო ჩვენი ძალისხმევით არანაირი სიკეთე არ აღესრულება, თუ არა ღვთის ძალითა და ნებით. მაგრამ ღმერთი თავის ნების შესატყვის მცდელობას, რომელიც ბოროტისეულ მზაკვრობასა და სიცრუეზე არაა დაფუძნებული, ჩვენგანაც ითხოვს.
link
image

თემა: ღმერთზე მინდობა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image
image
2
3
4
5
image
image