მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა უღებს კარს.
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად - თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია.
ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.
წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავლიან, მერე უკვე ძირითადად სახარება იკითხე.
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი იქნება საუკუნო ნეტარება ან საუკუნო ტანჯვა.