ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე.
აი, რას ბრძანებს წმიდა თალასი: "ვითარცა ჭაობსა შინა არა იპოვების ნელსაცხებელი, ეგრეთვე არცა სულსა შინა ძვირისმოჴსენისასა, სუნნელებაჲ სიყვარულისაჲ. სიკუდილი სულისაჲ არს სიძულვილი მოყვასისაჲ და ესე აქუს და ამას იქმს ძჳრისმეტყველისა სული".
საქართველომ დროის გამოცდას რომ გაუძლოს, აუცილებელია ერის მთლიანობა, ერთსულოვნება, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სადაც ადგილი აქვს სიძულვილსა და მტრობას, შურსა და გაუტანლობას, იქ ბოროტი მძლავრობს.
თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია.
10. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ - ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორსა ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამიანი თანაბრად გვიყვარდეს.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლებსაც მათგან ამზადებენ (კუბისტების სტილში)!