ღმერთმა მცნებად დაუდო ადამიანს, რომ მან ოფლითა თვისითა სჭამოს პური. „ოფლითა პირისა შენისათა შჭამდე პურსა შენსა“ (შექ. 3, 19). ბედნიერია ის კაცი, ვინც ამ მცნებას კეთილსვინდისიერად ასრულებს. ყოველჟამს კურთხევა უფლისა არს მასზედა. მის ნაშრომს ღმერთი არასოდეს არ დასტოვებს უნაყოფოდ, ყოველთვის ექნება მას საზრდო: „მოქმედი ქვეყანისა თვისისასა განსძღეს პურითა“, ამბობს სოლომონ ბრძენი (იგ. 12, 11). თვითონაც გაძღება, უკლებლად ექნება საზრდო და იმოდენიც გადარჩება, რომ სხვებსაც არგოს, განუზიაროს.
ხოლო საჭიროა ადამიანს ჰქონდეს, გარდა შრომის უნარისა, კიდევ სხვა თვისება სულისა, რომელიც მას მაღლა აყენებს და საუკუნოდ ხდის უკვდავად. ეს არის კაცთ-მოყვარეობა, გულშემატკივრობა, სინანული. ვინც ამ გრძნობას მოკლებულია, უმჯობესია მას არ გარდაემატოს ქონება, თორემ იგი გახდება მსხვერპლად მოპოვებული სიმდიდრისა. უკანასკნელი მას დაღუპავს, გაუხდება კერპად და თვითონ შეიქმნება მის ყურმოჭრილ ყრმად. ამისათვის გვაფრთხილებს მაცხოვარი: არ დავემონოთ სიმდიდრეს, არამედ იგი მოვიხმაროთ კეთილ საქმეებზე (მათ. 19, 23). კეთილ-მოქმედება კი შესძენს ადამიანს დიდებასაც, პატივსაც და მშვიდობასაც, „დიდება და პატივი და მშვიდობა ყოველსა მოქმედსა მშვიდობისასა“, ამბობს პავლე მოციქული (რომ. 2, 10).
როდესაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ იმაზე მეტს, რაც ჩვენთვის საჭიროა, ეს იმის ნიშანია, რომ მომეტებული სხვას უნდა მივსცეთ, ის ჩვენ არ გვეკუთვნის, სხვებისათვის არის დანიშნული, განმზადებული, სახელდობრ იმათთვის, ვინც სხვა და სხვა გარემოებათაგან, გარდა სიზარმაცის, ჩავარდნილნი არიან სიღარიბეში. ზარმაცნი კი ღირსნი არ არიან შემწეობისა; ამას საღმრთო წერილი გარკვევით გვეუბნება: „უკეთუ ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა ჰსჭამნ“ (2 თესალ. 3, 10). სხვებს კი, კერძო პირთა, გინდ საზოგადოებათა, მოვალენი ვართ გაჭირვების დროს ხელი გავუმართოთ, მივაწოდოთ, რაც კი რამ შესაძლოა ჩვენი მხრივ. შეძლებულს ეუბნება დავით მეფე: „შენდა დაშთომილ არს გლახაკი, ობოლსა შენ ეყავნ მწე“ (ფს. 9, 35). თუ არ მოისურვებს ვინმე ამ მოვალეობის ასრულებას, იგი ხდება პასუხის მგებელათ ღვთის წინაშე, როგორც მისი მოწინააღმდეგე, კაცთა წინაშე კი, როგორც მიმთვისებელი მათი კერძისა, კუთვნილებისა. უკეთ რომ ვსთქვათ, სიმდიდრე ჩვენი - ღვთისაა. „სიმდიდრე ჩემი არს“, ამბობს თვით უფალი (იგ. 8, 18). იგი არს პატრონი, ჩვენ მხოლოდ გამგებელნი უნდა ვასრულებდეთ ჩვენი მეუფის ნებას: „განჰყიდენით მონაგებნი თქვენნი, და მიეცით ქველის საქმე“ (ლუკ. 12, 33).
ყველა ზემოაღნიშნულნი მცნებანი პირნათლად და თითქმის ზედმიწევნით შეასრულა განსვენებულმა დავით ზაქარიას ძემ. სიყრმიდანვე იწყო მან შრომა. თვისი დაუცხრომელი მეცადინეობით მან შეიძინა ევროპული ცოდნა-განათლება. სწავლის დამთავრების შემდეგ, გატაცებული სამშობლოსადმი განუსაზღვრელი სიყვარულით, გამოეშურა საქართველოსკენ და მხნედ შეუდგა მრეწველობის აღორძინებას ჩვენ ქვეყანაში. დიდძალმა მუშამ მოიყარა მასთან თავი და მისი ბრძნული ხელმძღვანელობით მუყაითად მოეკიდნენ ამ დიდად სასარგებლო საქმეს. იგი მათთვის იყო მასწავლებელი და ხელმძღვანელი, ამასთანავე მეგობარი და მამა, რითაც დაიმსახურა მათი გულწრფელი სიყვარული. ასეთი მხნე, უანგარო, უმწიკვლო მუშაკი დიდად დააჯილდოვა ღმერთმა, მისი საქმე კარგად წაიყვანა, შესძინა მას სიმდიდრე და მოუხვეჭა სახელი და დიდება. მაგრამ განსვენებული სახელისა და დიდებისათვის კი არ შრომობდა; უმთავრესი მისი სულის კვეთება იყო კაცთ მოყვარეობა და ქველი საქმე და ამ გრძნობამ ნება არ მისცა მას ყოველივე თვისი მონაგები მარტო თავისთავზე მოეხმარნა. პირიქით, იმდენი თავის თავზე მას არ დაუხარჯნია, რამდენიც სხვებზე. ვინ ჩამოთვლის, რამდენი შემწეობა აღმოუჩენია განსვენებულს დავით ზაქარიას ძეს სხვა და სხვა დაწესებულებათათვის, რამდენ ახალგაზრდას მიუღია განათლება მის შემწეობით, როგორც საშუალო, ისე მაღალ სასწავლებლებში, რამდენ ქვრივ-ობოლს უსაზრდოვნია თავი მისი სიქველით? განურჩევლად ეროვნებისა ყველანი მასთან მიიქცეოდნენ, ყველანი ხელს უწვდიდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ისიც მზად იყო შეძლებისა და გვარად ყველანი დაეკმაყოფილებინა. თვისი ქველმოქმედებით მან დაიმსახურა პატივი და დიდება მთელ კავკასიის ერთა შორის. ამისათვის ყველანი გულწრფელად გლოვობენ დღეს მის დაკარგვას. ნამეტნავად კი ქართველი ერი, რომლის სიმშვენიერეს ის შეადგენდა, ვითარცა ამბაამ, იაკობ, იობ და მეფე დავითი ებრაელებისას. მათსავით, სიმდიდრესთან ერთად, განსვენებულს ჰქონდა: მართლმორწმუნეობა, სასოება, კაცთმოყვარეობა და სიმშვიდე. აი ამნაირ ძვირფას ადამიანს ვესალმებით დღეს ჩვენ უკანასკნელად.
მშვიდობით, დავით ზაქარიას ძევ, მშვიდობით! ბევრი რამ უსიამოვნება მოგვიყენებია შენთვის, მაგრამ მოგვიტევე. თავი გქონდა ჩვენგან მობეზრებული წამ და უწუმ ხვეწნით და ვედრებით: „მოგვეც, დავით, მოგვეც, შეგვეწიე“. შენც არ იშურებდი მიცემას, შემწეობას, რაც კი შეგეძლო, გვაძლევდი; მაგრამ ჩვენი გული მაინც ვერ შეაჯერა შენმა უხვმა ქველმოქმედებამ და შენ კეთილი გული გტკიოდა, ხედავდი რა, რომ არ შეგეძლო ჩვენი დაკმაყოფილება. სურვილი ყველას დახმარებისა მეტად ძლიერი იყო შენში, მაგრამ ამ სურვილს ვერ დააკმაყოფილებდა, რაცა გქონდა, იმაზე ერთი ათასად მეტიც რომ გქონოდა. ან რა დაგვაკმაყოფილებს ჩვენ, ქართველებს, ქონებრივ დაქვეითებულებს, თუნდაც შენისთანა ქველმოქმედნი ათასი კიდევ გვყვანდნენ? მაგრამ რას ვამბობ! არამც თუ ათასი, შენისთანა ჩვენ აღარავინ დაგვრჩენია; ჩვენ მეორე დავითი არა გვყავს და შეიძლება დიდხანსაც არ გამოგვიჩნდეს. აი ეს არის ჩვენი სამწუხარო და სატირალი. მშვიდობით, ჩვენო გულუხვო ქველმოქმედო, ნამდვილო ქართველო ადამიანო, მშვიდობით! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი. ამინ.
link