423. როდესაც გულისსიტყვები ან ადამიანები მაქებენ და ეს მამძიმებს, როგორ გავუმკლავდე ამას?
როდესაც აზრი გაქებს და ზიანს თავს ვერ აღწევ, მაშინ შეეცადე ღვთის სახელს მოუხმო და შენს აზრს უთხარი: წერილი ამბობს: „ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს“ (ის. 3, 12). და რას გაძლევს ასეთი ქება ძმაო? - სხვას არაფერს, თუ არა ხიბლს; წინასწარმეტყველს მოუსმინე, რომელიც ამის შესახებ ღაღადებს და ამბობს: „ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი“ (ის. 40, 6). ხოლო ადამიანთა ქების შემწყნარებელი სარგებელს რომ არ იღებს, ამის თაობაზე თავად მეუფე გვეუბნება: „ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ“ (იოანე 5, 44). და თუ რამე ღვთისნიერია, მაშინ ნათქვამი უნდა გავიხსენოთ: „რომელი იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ“ (2 კორ. 10, 17), იმიტომ, რომ მოციქული, რომელმაც უდიდეს საზომს მიაღწია, თავს არ იქებდა, არამედ ამბობდა: „მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ“ (1 კორ. 15, 10). ჭეშმარიტად, მას ეკუთვნის დიდება და დიდებულება უკუნისამდე, ამინ.