ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სამკაულები
დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივსადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერის და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულება, ერთობ გავრცელებული არის ყოველთა აქაურთა ქალებთა შორის, ვიწყოთ უკანასკნელისა და უღარიბესისა გლეხის სახლისაგან, ვიდრე უპირატესის თავადის სახლადმდე და ეგრეთვე მცირეწლოვანის ასულისაგან, ვიდრე მოხუცებულთა დედათადმდე.