image

თემა: ლოცვის ხარისხები

"ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" (კოლ. 3, 16). "ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა" - გულისხმობს სიტყვიერ ლოცვას, ხოლო "მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" - შინაგან ლოცვას, ანუ გონიერ-გულისმიერ ლოცვას. ფსალმუნები, გალობები, ჰიმნები, ოდები სულიერ საგალობელთა სხვადასხვა დასახელებებია, რომლებიც შედგენილობითა და ფორმით იმდენად ჰგავენ ერთმანეთს, რომ რაიმე განსხვავების მოძიება ძალიან რთულია. თავისი არსით ისინი ლოცვის სულს გამოხატავენ. ლოცვისადმი აღძრული სული, ადიდებს რა ღმერთს, ჰმადლობს მას და მისდამი თავის ვედრებას აღავლენს. ამიტომ ლოცვითი სულისკვეთების ყველა ეს გამოვლინება სულისატვის განუყოფელია და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როცა ლოცვა მოძრაობაში მოდის, ის ერთი სახეობიდან მეორეში გადადის და ეს არც თუ იშვიათად ხდება. გამოხატე ის სიტყვით, გამოვა სიტყვიერი ლოცვა, უწოდე მას ფსალმუნი, ჰიმნი ან ოდა - ყველა ერთი და იგივე იქნება. ნუ გამოვიძიებთ მათ შორის სხვაობას. მოციქულს სურდა გამოეთქვა ყველანაირი სახით გამოხატული ლოცვები. მათ მიესადაგება ყველა ის ლოცვა, რომლებითაც ჩვენ ახლაც ვსარგებლობთ. ფსალმუნთა გარდა ჩვენ ვიყენებთ საეკლესიო გალობებს - დასდებლებს, ტროპარებს, კანონებს და ლოცვანში თავმოყრილ ლოცვებსა და დაუჯდომლებს. კითხულობ რა მოციქულის სწავლებას სიტყვიერი ლოცვის შესახებ, არ შესცოდავ, თუ მასში ჩვენთვის ცნობილ ლოცვებს იგულისხმებ. ლოცვის ძალა არაა ამა თუ იმ ლოცვის გარეგნულ სახეში, არამედ იმაში, თუ როგორ სრულდება ისინი. ამაზე მოციქული მიგვანიშნებს სიტყვით - "სულიერითა...", ლოცვა სულიერი იმიტომაა, რომ თავდაპირველად სულში ჩაისახება და მწიფდება და შემდგომ სულიდან გამოეფინება. მათი ჩასახვა და მომწიფება ხდება სულიწმიდის მადლით. ფსალმუნები და ყველა სხვა სახის ლოცვა თავიდან სიტყვით როდი გამოითქმოდა - ისინი სულიერი იყვნენ და მხოლოდ შემდგომ შეიმოსეს სიტყვა, თუმცა ამით მათ სულიერება არ დაუკარგავთ. ისინი ახლაც სიტყვიერნი არიან ფორმით, ხოლო მათი ძალა კი სულიერებაშია...
    აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვსურს მოციქულის გამონათქვამი სიტყვიერი ლოცვის შესახებ გაკვეთილად მივიღოთ, ის ასე უნდა შევიმეცნოთ: შეაღწიე შენს მიერ მოსმენილი და წაკითხული ლოცვების სულში, წარმოთქვი ისინი გულით და აღავლინე ღვთისადმი ისე, თითქოს სიტყვები სულიწმიდის მოქმედებით შენსავე გულში იბადებოდნენ. ესაა კანონი, რითაც განისაზღვრება ღვთივსათნო ლოცვის არსი. როგორ მივაღწიოთ ამას? ლოცვები, რომელთაც კითხულობ (რასაც შენი ლოცვითი კანონი შეადგენს), განიხილე, შეიგრძენი და კარგად დაისწავლე. წარმოთქვი ისინი არა როგორც უცხო რამ სიტყვები, არამედ როგორც შენს გულში უკვე არსებულნი და შეგრძნობილნი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები