ვინც საუბარში საჟინებით იცავს საკუთარ აზრს თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგან მისი აღდგინება არავის ძალუძს.
ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულიად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვნივ დადგება. თუ ვინმე სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მხილებას უარყოფს, იგი უარყოფს საკუთარ ცხონებას, ხოლო ვინც მწუხარებით, ან თუნდაც მწუხარების გარეშე იღებს მას, იგი ჩქარა ცოდვათა მიტევებას მიიღებს.
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას მისგან კი არა - მოძღვრისაგან მოითხოვენ პასუხს.
ეშმაკი ზოგჯერ ცდილობს, რომ მორჩილებაში მყოფი ხორციელი უწმინდურობით შებილწოს, გული გაუქვავოს მას, ან მომეტებული შფოთი შთაუნერგოს. ზოგჯერ ცრემლი გაუშროს და სრულიად უნაყოფო ჰყოს. ლოცვის დროს სიზარმაცეს, ძილს და სიბნელეს მოუვლენს, რათა ჩააგონოს, რომ მორჩილებას, არა მარტო არანაირი სარგებლობა არ მოუტანია მისთვის, არამედ თანდათან უკან მიდის და ამგვარად მორჩილების ღვაწლს განაშოროს. ნებას არ აძლევს მას, მიხვდეს, რომ ხშირად, როდესაც ვფიქრობთ, რომ სულიერი მადლი მოგვაკლდა, ამით უდუდეს სიმდაბლეს ვიძენთ.
თუმცა ზოგიერთმა ამ მაცდუნებლის მოგერიება მოთმინებით მრავალგზის შეძლო, თუმცა ჯერ პირველს ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მაშინვე სიცრუის სხვა მსახური გამოჩნდა და უკვე სხვა სახით შეეცადა, ეცდუნებინა.
ვნახე მორჩილები, რომელთა გულიც ლმობიერებით იყო აღსავსე: მოკრძალებულნი, თავშეკავებულნი, გულმოდგინენი, რომელთაც ყოველგვარი ბრძოლა და ვნება დასძლიეს და ღვაწლის მოშურნენი გახდნენ, მათ ეს მდგომარეობა სულიერი მამის მფარველობით მოიპოვეს. ეშმაკებმა, რომლებმაც მათი დაცემა განიზრახეს, ჩააგონეს, რომ ისინი უკვე გაძლიერებულნი იყვნენ და დაყუდების საშუალებით სრულყოფილებასა და უვნებელობას მიაღწევდნენ. ამით ცდუნებულნი ისინი ნავსადგურიდან ზღვაში გავიდნენ, მაგრამ როდესაც ქარიშხალი წამოეწიათ, მესაჭის არყოლის გამო მწარე და მყრალ ზღვაში დაიღუპნენ.