1. ადამიანები "მოაზროვნეებად" არამართლმნიშვნელოვნად იწოდებიან, რადგან არ არიან მოაზროვნეები ძველ ბერძენთა სიტყვებისა და წიგნების შემსწავლელნი; მხოლოდღა ის ადამიანები უნდა ითქვან ჭეშმარიტად მოაზროვნეებად, რომლებსაც მოაზროვნე სული აქვთ და შეუძლიათ განარჩიონ, ერთი მხრივ, რა არის კარგი, მეორე მხრივ კი - როგორია ცუდი; ისინი, განელტვიან უკეთურსა და სულისმავნებელს და ღვაწლის მიერ წადიერად განიკუთვნებენ კეთილსა და სულისმარგებელს
2. ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს ერთი გულმოდგინება აქვს: დაემორჩილოს და სათნო-ეყოს ყოველთა ღმერთს, და მხოლოდღა ამისკენ განსწავლოს თავისი სული, თუ როგორ ესათნოოს იგი ღმერთს, რომ რაც უნდა შეემთხვეს მას ცხოვრებაში, ჰმადლობდეს უფლის ამგვარ და ესოდენ წინაგანგებასა და ყოვლის წარმმართველობას, რადგან უმართებულოა, რომ, ერთი მხრივ, მადლობას ვუძღვნიდეთ ექიმებს მაშინაც კი, როდესაც ისინი მწარე და ჩვენთვის უსიამოვნო წამლებს გვაძლევენ სხეულის გასაჯანმრთელებლად, ღვთის მიმართ კი, იმათ გამო, რაც სამძიმო ჩანს ჩვენთვის, უმადურნი ვიყოთ და არ ვიცოდეთ, რომ ყოველივე ჯეროვნად და ჩვენდა სარგებლად ხდება მისი წინაგანგების შესაბამისად, ვინაიდან ღვთისმიმართი ცოდნა და რწმენა ცხონებაა და სრულყოფილება სულისა
3. თავშეკავება, ბოროტებათდათმენა, მრთელცნობიერება, გამტანობა, გამძლეობა და სხვა ამათი მსგავსნი, აი, ეს უდიდესი სათნოებითი ძალმოსილებანი გვაქვს მიღებული ღვთისგან, რომლებიც, შეგვეწევიან რა, შეებმიან და წინ აღუდგებიან მოპირისპირე სიძნელეებს. თუ ამ ძალებს გავწვრთნით და ხელთ ვიპყრობთ მათ, მეტად აღარ ჩავთვლით ისე, თითქოს რაღაც უკეთური, სამწუხარო ანდა გაუსაძლისი ხდებოდეს ჩვენთვის, გავიაზრებთ რა, რომ ადამიანურია ეს ყოველივე და დაიძლევა კიდეც ჩვენეულ სათნოებათა მიერ. ამას არ ფიქრობენ სულით უგუნურნი, არცთუ საზრობენ იმას, რომ ყოველივე კარგად ხდება და ჯეროვნად, ჩვენს სასარგებლოდ, რათა გამობრწყინდნენ სათნოებანი და გვრგვინები მივიღოთ ღვთისგან
4. როდესაც ქონების მოხვეჭას და მდიდრულ ცხოვრებას წუთჟამიერ ზმანებად შერაცხავ და გეცოდინება, რომ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა სიმდიდრეზე აღმატებულია ამას იღვაწებ რა შეუბრკოლებლად და ეს გექნება რა ხსოვნაში, არ იკვნესებ, არ ივალალებ, არავის გაკიცხავ, არამედ ყველაფრის გამო მადლობელი იქნები ღვთისა, თუნდაც ხედავდე შენზე უდარესთ სიტყვამჭევრობითა და ქონებით მოქადულებს, რადგან უბოროტესი ვნებაა სულისა სიამეთმოსურნეობაც, დიდებაც და უმეცრებაც
5. მოაზროვნე კაცი, თავად მჭვრეტი თავისი თავისა, ამოწმებს, რა შეჰფერის და რა არგებს მას, რა არის საკუთრივი და სასარგებლო სულისათვის და რა - უცხო მისთვის. ასე განელტვის იგი სულის სავნებელს, როგორც უცხოს და როგორც უკვდავებისგან მის გამმიჯვნელს
6. რამდენადაც ზომიერი ცხოვრება აქვს ვინმეს, იმდენად უფრო ბედნიერია იგი, რადგან არ უხდება მას ზრუნვა ბევრ რამეზე, - მონებზე, მიწისმუშებზე, პირუტყვის შეძენაზე, ვინაითგან ამათზე მილურსმულები და ამათგან წარმოქმნილ სირთულეებში ჩავარდნილები ღმერთს ვკიცხავთ, ჩვენი თავმოთნეობითი სიამეთმოსურნეობით კი სიკვდილი ირწყვება და ვრჩებით ამა ყოფის წყვდიადში ცოდვებით სავსენი, არ შეგვიცვნია რა ჩვენი თავი
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლებსაც კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე გონება აქვთ. მართლაც, ჩვეულებრივი გონება ამქვეყნიურია და ცვალებადი, ავლენს რა როგორც კეთილ, ასევე უკეთურ აზრებს, რადგან იცვლება იგი ბუნებითად და ნივთისკენ გარდაიქმნება , ხოლო ღვთისმოყვარე გონება დამსჯელია ბოროტებისა, ადამიანებში რომ ნებაყოფლობით აღმოცენდება დაუდევრობის გამო
9. რომლებიც სათნოებითი, კრძალულებითი და სასახელო ცხოვრებით მოღვაწეობას მოსურნეობენ, არ უნდა განისაჯნონ მოჩვენებითი ჩვეულებისა და გარეგანი მოქალაქეობის მიხედვით; ასეთები ხომ, ხელოვანი მხატვრებისა და მოქანდაკეების მსგავსად, საკუთრივ საქმეთაგან გამოაჩინებენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოქალაქეობას და როგორც მახეს, ისე განეკრძალვიან ყოველგვარ უკეთურ სიამოვნებას
10. იმისთვის, ვინც მართებულად სჯის, მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანი, სულიერი სწავლულებისა და მთელი სათნოებითი ცხოვრების გარეშე, უუბედურია, ისევე როგორც ხვედრით ღარიბი და მონა, გამშვენებული სწავლულებითა და სათნო ცხოვრებით, - ბედნიერი, და როგორც უცხოები იბნევიან გზებზე, ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არ იჩენენ გულმოდგინებას სათნებითი ცხოვრების გამო, სიამეთმოსურნეობისგან გზააბნეულნი წარიწყმიდებიან