ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა.
მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა.
ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა.