ლოცვა–ვედრებით გვენიჭება გამოუთქმელი ერთობა ღმერთთან. იგი არის თავი და დასაბამი ყველა კეთილი საქმისა და სათნოებისა. მისით გვეძლევა გონების თანაზიარობა უფალთან. ლოცვით აღორძინდება ღირსეულ სულში ღმერთის გამოუთქმელი სიყვარული. ლოცვით ძლიერდება ღირსეულ წმიდა გულში აღგზნებული ტკივილი და ლოცვითვე მოეფინება მას ღვთაებრივი სიხარული.
ადამიანის მიერ მოქმედებულ ყოველ საქმეში ისწრაფის მტერი ეშმაკი – შეაგინოს და წაბილწოს იგი, ან ცუდადმზვაობრობისა და ამპარტავნების თესლი დათესოს მასში, დრტვინვასა თუ სხვა რამ ესევითარს შეაზავოს მისი ქველისსაქმე, რათა ღმერთისათვის აღსრულებული კი არ იყოს, არამედ ბოროტით აღრეული.
379. რას აფასებს ყველაზე მეტად უფალი ცხონების მსურველებში?
უფალი არ ეძიებს და არ გამოირჩევს ქალწულსა თუ გათხოვილს, არც ერსა თუ ერისკაცს, გარნა ყველაზე მეტად თავისუფალ განზრახვას აფასებს კაცისას და მის ნებელობისმიერ გადაწყვეტილებას სულიწმიდის მადლს მოუვლენს, რომელიც მოქმედებს და განაგებს ცხოვრებას ყოველი კაცისას, ვინც კი თავისი სულის ხსნას ესწრაფვის.