
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: გარდაცვლილთათვის გლოვა
სწავლა ჟდ. რათა არა უზომოდ ვიგლოვდეთ მიცვალებულთათვის.
გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო ძმანო, რამეთუ ჩვენთა ცოდვათა თანა ესეცა ბოროტი არს უზომოი იგი გლოვაი მიცვალებულთა ზედა! რამეთუ რომელნიმე ჰგოდებენ ხმითა და დაიბძარვენ პირსა, და იფხვრიან თმათა, და შეეყენებიან სახლსა ბნელსა, რომელნიმე გოდებისათვის და რომელნიმე მაჩვენებლობისათვის! რაისა იქმ, ჰოი კაცო მორწმუნეო, საქმესა ურწმუნოთასა? რამეთუ მწყობრთა შემოჰკრებდ და განწესებულად იქმ ტირილსა, და დედაა ხმითა და კილოითა მტირალთა მოიყვანებ. არა სიცოფე არსა ესე ყოველი? ანუ არა გვეცინოდიანა წარმართნი და ყოველი საიდუმლო ქრისტიანობისა ზღაპრად შეჰრაცხონ? ხოლო უფალი იტყვის, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენიო", და მას გლოვასა არავინ იგლოვს თვისისა სულისა ცხოვნებისათვის. ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩვენდა, მას ვიგლოვთ, არამედ იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ ვის ძალუძს კაცსა, არა ცრემლვაი მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძისა თვისისათვის, ანუ სხვისა რაისამე ესე ვითარისა, გარნა არა თუ მეცა ამას ვის ვაყენებ, ანუ თუ ვიტყვი, ვითარმედ არა ჯერ არს, რათა ელმოდეს, არამედ უშვერებასა მას ვჰსძაგებ. არა ვარ ესრეთ ულმობელ, ვიცი, რამეთუ ბუნება იიძულების და არა ეგების არა შეწუხებაი. რამეთუ ესე ქრისტემან აჩვენა, ჰსცრემლეოდა რა ლაზარეს ზედა. და შენცა უკვე საყვარელო, ჰსცრემლეოდე შიშითა ღვთისათა და მყუდროებით, და პატიოსნებით. უკეთუ ესრეთ ჰსცრემლეოდე, არა უწესოებისა სახე არს ესე, და არცა ვითარცა ურწმუნოი აღდგომისა იგლოვ. არამედ ვერ იტვირთავ განყოფასა მას საყვარელისა შენისასა, რამეთუ, რაჟამს გზასაცა წარვიდიან თვისნი ჩვენნი, მწუხარე ვიყვნით. ეგრეთვე შენ ჰსცრემლეოდე, ძმაო, ვითარმცა შორისა გზასა წარგზავნიდე. და ამასცა არა თუ სჯულსა დაგიდებ, არამედ შეგინდობ და ვიტყვი, ვითარმედ არა ბრალი არს, თუ იქმოდე ამას საქმესა ესრეთ წესიერად. არამედ, უკეთუ ცოდვილი იყო, რომელი აღესრულა, მისთვის ჯერ არს წუხილი და ტირილი, - და უფროსად არა ტირილი ოდენ, რამეთუ ესე არას ერგების მას, არამედ რათა ვიქმოდეთ მისთვის მოწყალებასა და შესაწირავთა, და ჟამის წირვათა. და რათა ვჰმადლობდეთ ღმერთსა, რომელმანცა იცოდა, ვითარმედ არა მოვალს იგი სინანულად და მისთვის ადრე წარიყვანა, რათა არღარა სცოდვიდეს; და უკეთუ მართალი იყო, ეგრეთ ჯერ არს სიხარული, რამეთუ განერა საფრხეთაგან სოფლისათა და შევიდა ნავთ საყუდელსა დაუნთქმელად; ხოლო უკეთუ ჭაბუკი იყოს, ესრეთ ვიხარებდეთ, რამეთუ ადრე განეშორა ბოროტთაგან სოფლისათა. და უკეთუ მოხუცებული იყოს, რამეთუ მოსცა ღმერთმან ჟამი ფრიად კეთილის ყოფად და ესრეთ წარიყვანა. ხოლო შენ ამას ყოველსა არა იგონებ, არამედ მტირალთა შემოჰკრებ, ვითარმცა მიცვალებულსა მას პატივ-ჰსცემდი, რომელი ესე უკანასკნელი უპატიოება არს. რამეთუ შესვენებულისა პატივი არა ცრემლნი არიან და მტირალთა ხმანი, არამედ გალობანი და ლოცვანი და ფსალმუნებანი. და უკეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივის ცემა, სხვითა სახითა პატივ-ეც: მოწყალება ჰქმენ, მშიერთა - პური ეც, შიშველთა სამოსელი და ყოველი სახე მოწყალებისა ჰყავ მისთვის, თუ არა, ესოდენისა გოდებისა მიერ, რა სარგებელი იქმნების? ვიდრემდის ვართ მიწა და ნაცარ, ვიდრემდის ვართ სისხლ და ხორც, აღვიხილნეთ ზეცად, გულის-ხმა-ვჰყოთ საქმე სულიერი. ვითარ ნუგეშინის ვჰსცეთ წარმართთა? ვითარ ვეტყოდეთ აღდგომისათვის მკვდართასა? რაჟამს ჩვენ ესრეთ ვიყვნეთ, ანუ ჩვენ თვით ვითარ ვიყოფოდეთ? რამეთუ უზომუი მწუხარება დააბნელებს თვალთა სულისათა და არა რას უმჯობესსა შეუნდობს ხილვად და ღმერთსა შევაწუხებთ უთმინოებითა, და მიცვალებულსა მას ვერას ვარგებთ და თავთა ჩვენთა დიდად ვავნებთ. ხოლო ესრეთ თუ ვიქმოდეთ, ვითარ ვსთქვით, ღმერთსაცა მოვიმადლებთ, და მიცვალებულსა მას ზედა წესსა სიყვარულისასა აღვასრულებთ და ჩვენთაცა თავთა ვარგებთ? და უკეთუ ვინ იტყოდეს ვითარ არა შევსწუხნეო შვილისა, ანუ მამისათვის? არამედ არა ვიტყვი მე ვითარმედ ნუ შესწუხდები, არამედ ნუ უზომოდ ჰგოდებ, და უშვერად იგლოვ. რამეთუ უკეთუ გულის-ხმა-ვჰყოთ, ვითარმედ ღმერთმან მიგვიღო და ვითარმედ მოკვდავნი იყო მამაცა და ძეცა ჩვენი, ესრეთ ვჰპოვოთ განსვენება. რამეთუ კაცი იშვა მოკვდავი და მოკვდავ იგი მოკვდა. რად უკვე მწუხარე ხარ ბუნებითისა საქმისათვის? ნუ უკვე მწუხარე ხარ, რომელ სჭამს შვილი შენი, რომელი იგი ბუნებითი საქმე არს? ეგრეთვე უკვე არც სიკვდილიცა. ნუ ეძიებ უკვდავებასა მოკვდავისა მის თანა, ნუცა ჰგოდებ, არამედ თავს იდევ სჯული ბუნებასა ზედა კაცობრივსა დადებული და ჰგოდებდე ცოდვისათვის. ესე გლოვა კეთილ არს. ესე სახე არს სიბრძნისა ფრიადისა, ესე გლოვა მოვიგოთ, საყვარელნო, რათა მუნ სიხარული საუკუნო ვჰპოვოთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითუ უკუნისამდე, ამი