image
ავტორი: ილია II

თემა: აღზრდა

ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
    ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები