გულგრილობა სარწმუნოებაში გვ.77
10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და განიძარცვავს უფლის შიშსა და კეთილკრძალულებას, ცოდვას კი აღარ მიიჩნევს ცოდვად, არცთუ რჯულის დარღვევად რაცხს რჯულის დარღვევას, ხოლო საუკუნო სატანჯველსა და სასჯელს ლიტონ ნათქვამად მოიხსენებს, გულით დასცინის ცეცხლითმოსილ მიწისძვრას (იგულისმხება მეორედ მოსვლის ჟამი) და ვითომცდა ღვთის აღმსარებელი, უმეცარია მისი განჩინებისა. მკერდზე სცემ, ცოდვისკენ აღიძვრის რა იგი, მაგრამ მას მამის გრძნობა არა აქვს. წერილთაგან ესიტყვები, მაგრამ ყოვლითურთ ქვავდება და არ ესმის; ადამიანურ საყვედურს ეუბნები და არად რაცხს; ადამიანთა წინაშე სირცხვილსაც ვერ აღიქვამს იგი იმ ღორის მსგავსად, ღობე რომ გაარღვია თვალებდახშულმა. ხსენებული ეშმაკი შემოჰყავთ ცუდმედიდობის გახანგრძლივებულ გულისზრახვებს. თუკი არ შემოკლდებოდა უკანასკნელი დღენი, ვერ გადაურჩებოდა ამ ეშმაკს ვერც ერთი ხორციელი. იგი ერთი იმათგანია, რომლებიც იშვიათად მიეახლებიან საძმოს. ამის მიზეზი ნათელია, რადგან სხვათა უბედურების ჟამს,როდესაც მავანნი ან სნეულებათაგან იტანჯებიან ანდა საპყრობილეებში იმყოფებიან ბედკრულნი, ანთუ ანაზდეული სიკვდილისგან წარიტაცებიან, – დიახ, სწორედ მაშინ ეს ეშმაკიც განიდევნება, ვინაიდან მცირე–მცირედ სხვისი ტკივილით მოწყლული სული თანალმობით განიმსჭვალება და ამ გზით აღიხოცება კიდეც ამ ეშმაკისგან შეწმასნილი სიბრმავე. ამ საშუალებას ჩვენ, მარტოდმყოფნი, მოკლებულნი ვართ, რადგან უდაბნოში ვიმყოფებით და იშვიათობაა ვინმე უძლური ჩვენს მახლობლად. განსაკუთრებით სწორედ ამ ეშმაკის განსადევნელად გვიბრძანა უფალმა სახარებებში უძლურთა პატრონობა და პატიმართა მიხედვა, რადგან "უძლური ვიყავი, თქვა, და მოხვედით ჩემთან" (მთ. 25.36). ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ თუკი ვინმე მეუდაბნოეს, ამ ეშმაკთან შეხვდრისას, არ მიუღია მისგან ავხორცული გულისზრახვები, არცთუ მოწყინება დაუფლებია, რომ ამ მიზეზით მიეტოვებინა მას თავისი სახლი, ამგვარ ვინმეს შეწყნარებული ჰქონია უკვე ცათაგან მასზე ვლენილი მოთმინება და მრთელდაცულობა (ე.ი. გონების (აზრის, სულის) და ხორცის სიმრთელით და შეუბღალავადშენარჩნუნება), და ეგზომი უვნებობით ნეტარქმნილი ყოფილა იგი. მეორე მხრივ, ყველა ისინი, რომლებიც აღთქმას დებენ, რომ ღვთისმოსაობას მოიღვაწებენ, მაგრამ ირჩევენ კი ერისკაცთა გვერდით თანამყოფობას, უნდა უფრთხოდნენ ამ ეშმაკს, რადგან მის შესახებ რომ კიდევ მეტი ვთქვა ან დავწერო, ადამიანებისაც მრცხვენია.
link