ზნეობრივი ჭეშმარიტებების გარდა ქრისტიანისთვის აუცილებელია გავარჯიშდეს რწმენის დოგმატების შეცნობაში. უამისოდ იგი შეიძლება დაიბნეს, ჩავარდეს ერესში, ცრურწმენაში. ამიტომ დოგმატების ცოდნის გარეშე ცხოვრება არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე არაქრისტიანული ან ცრუქრისტიანული ცხოვრება.
480. რას გულისხმობს დოგმატების უბრალოება და სიმარტივე?
დოგმატების უბრალოება, სიმარტივე იმას გულისხმობს, რომ ღმერთი შეუძლებელია მოვიცვათ რაიმე სახელით, ცნებით თუ სხვა რამით, რისი წვდომაც გონებითაა შესაძლებელი; აგრეთვე იმას, რომ ღმერთი აღემატება არა მხოლოდ ყოველივე ადამიანურს, არამედ ყოველივე ანგელოზურსაც და ზენასოფლიურსაც. იმასაც გულისხმობს საღმრთო დოგმატების უბრალოება, რომ ღმერთი გამოუთქმელია, სიტყვით მოუცველია, აღმატებულია ყოველგვარ სიტყვისმიერ აღნიშვნაზე და აქვს ერთი სახელი, რომელიც მისი საკუთარი ბუნების შეცნობას ემსახურება, – კერძოდ კი ის, რომ იგი ერთადერთია, უაღმატებულესი ყოველგვარ სახელწოდებაზე.
544. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა და უთხრა: მაქვს დოგმატური წიგნები და მათი კითხვისას ვგრძნობ, რომ ჩემი გონება ვნებიანი აზრებიდან დოგმატების შემეცნებაზე გადადის. ხოლო ზოგჯერ აზრი მათ კითხვას მიკრძალავს და მეუბნება: ნუ კითხულობ მათ, იმიტომ რომ გულფიცხელი და უწმინდური ხარ.
არ ვისურვებდი, რომ შენ ეს წიგნები იკითხო, რადგანაც ისინი გონებას საამპარტავნოდ ამაღლებენ; ამიტომ უმჯობესია ბერების გამონათქვამები შეისწავლო, რომლებიც გონებას ამდაბლებენ. ამას დოგმატური წიგნების დასაკნინებლად არ გეუბნები, არამედ მხოლოდ გირჩევ, რამეთუ სხვადასხვანაირი საკვები არსებობს.