აქა ეკლესიად რა შემოვალთ, ცად შევალთ, საყვარელნო, - არა ადგილითა ვიტყვი, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქვეყანასა ზედა ყოფნითა ცათა შინა ყოფა და მათთა სიკეთეთა განცდა. აწ უკვე ქვეყანისასა ცათა შინა ნუ ვინ შემოიღებს. ნუცა ვინ აქა ეკლესიად მდგომარენი, სოფლისასა ზრუნავს და სახლისა თვისისასა.
თუ ოდესმე, ძმაო ჩემო, სოფლის საყდარში დიდ დღესასწაულზე წირვას დაესწარი, გეხსოვნება, რა უწესოდ იქცევიან სოფლის მცხოვრებნი საყდარსა შინა. მეტად შეწუხდება კაცი, არა მოკლებული ქრისტიანულითა გრძნობითა, როდესაც იგი ნახავს, რა რიგად დგანან და იქცევიან საყდარში სოფლის მცხოვრებნი. ესრეთ იფიქრებს, რომ სრულიად არავის არ ახსოვს სად დგას და რისთვის მოსულა იქ.
მრავალნი კარგვენ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა მით, რომელ ეკლესიაში ეძებენ წინ დადგომას და თავის მოწონებასა. ეკლესიაში იდეგ დუმილით და კრძალულებით. ნუ გავიწყდება, სადა ხარ; ლაპარაკი, იქით–აქეთ მიხედ–მოხედვა, ერთი მეორის კაბების სინჯვა ეკლესიაში ცოდვა არის. ეკლესიაში კითხულობენ ლოცვებს, საღმრთო წერილს, ეცადე, რომ რაიმე გაიგო, რაიმე შევიდეს შენს გულში.
ეკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა თუმცა არ არის უდიდესი და უმთავრესი მოვალეობა ქრისტიანეთა, გარნა თუ რომელსამე ქრისტიანესა არ ახსოვს ეს მოვალეობა, ესე იგი, საყდარში ყოველთვის იქცევა უკრძალველად, ხმამაღლად ლაპარაკობს, წირვას არ ისმენს, კითხვას და გალობას არ ისმენს, არაოდეს არ დავიჯერებ, რომ იგი სხვათაცა ქრისტიანულთა მოვალეობათა ბეჯითად და კეთილად ასრულებდეს.
თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ხრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლში არც იყო; მაშ, როგორი შიშით უნდა წარსდგე ღვთის სახლში, სადაც ყველგანმყოფი ყოველთვის მყოფობს და სადაც ყოვლისმხედველი განუწყვეტლივ გხედავს.
„სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა“. თუ ვინმე ჩვენ ქრისტიანეთა შორის იფიქრებს, რომ ჩვენთვის არ არის საჭირო ესრეთი ფიცხელი შეგონება, ის ერთობ იქმნება შემცდარი. მართალია, ვაჭრობა, მეკერმლეობა, და ავაზაკობა არ მოხდება საყდართა შინა ქრისტიანეთასა; მრავალი გვაკლია ჩვენცა ამ შემთხვევაში და დიდად შორავს მოქცევა ჩვენი საყდართა შინა საღმრთოთა კანონთაგან.
ეკლესიაში განსაკუთრებულად აღესრულება ცოდვებისაგან განწმენდის საიდუმლო. კრძალვა გქონდეს იმ ადგილისა, სადაც შენი სული ცოდვებისაგან თავისუფლდება, სადაც ღმერთს ურიგდები, სადაც სულიერი, ჭეშმარიტი სიცოცხლე გენიჭება. რამდენჯერ მომმადლა ღმერთმა აქ განწმენდა ცოდვებისაგან, რის გარეშეც ვერასდროს ვიგემებდი ღვთის უდიდესი ნიჭების სიტკბოებას, ვგულისხმობ, ნიჭს სიცოცხლისას, მშვიდობისას, თვით ამსოფლიური სიკეთეებიც კი არ მეცოდინებოდა. დიდება, შენ, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო!